1 ოქტომბერს საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციის ბაზაზე არსებულმა მოხალისე სოციალურმა მუშაკებმა მოხალისებთან ერთად 6 ორგანიზაციაში და მათ შორის ფონდ „თაობაში“ აღნიშნეს ხანდაზმულთა საერთაშორისო დღე.
მოხუცებისთვის ფონდ „თაობაში“ათმა მოხალისემ მოაწყო ღონისძიება. მოხალისეებმა გიტარასა და პიანინოზე დაკვრით შეასრულეს რამდენიმე სიმღერა, წაიკითხეს ლექსები და იცეკვეს მოხუცებთან ერთად. ემოციებით დატვირთული 1 საათი დასრულდა ორგანიზაციის ყველაზე უმცროსი თანამშრომლისა და უხუცესი ბენეფიციარის მიერ სიმბოლურად გაჭრილი ტორტისა და ორგანიზაციაში დაწურული ღვინის დაგემოვნებით.
აიპ ფონდი "თაობა" არის ხანდაზმულებთან მომუშავე წამყვანი ორგანიზაცია საქართველოში, რომლის საქმიანობას საფუძველი ჩაეყარა 1990-იანი წლების დასაწყისში.
"თაობა" ახორციელებს სამედიცინო და სოციალურ პროგრამებს, იცავს ხანდაზმულთა ინტერესებს. თანამშრომლობს სახელმწიფო სტრუქტურებთან, ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, სასწავლო დაწესებულებებთან, ეკლესიასთან. მონაწილეობს ადგილობრივი, რეგიონული და საერთაშორისო ქსელების და ფორუმების მუშაობაში.
"თაობის" ინიციატივით, 2006 წლიდან, საქართველოში აღინიშნება ხანდაზმულთა საერთაშორისო დღე - 1 ოქტომბერი.
2007 წელს SocialCert GmbH-ის მიერ მიენიჭა ხარისხის საერთაშორისო სერთიფიკატი ISO 9001:2008.
2008 წელს გახდა საერთაშორისო საგანმანათლებლო ქსელის Interdiac-ის წევრი.
2009 წელს პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად დააფუძნა "კოალიცია შინმოვლა საქართველოში".