კითხვა პასუხი

კითხვა: ჩემს დედამთილს მოხუცებულობითი სკლეროზი აქვს. მისი მოვლა მე მიწევს. აქამდე მეტნაკლებად ვაგებინებდი, რა გაეკეთებინა, შედარებით მემორჩილებოდა. ბოლო თვეებია ძალიან უმართავი გახდა, სახლიდან გვეპარება, მერე მთელ სოფელში ვეძებთ (სოფელში ვცხოვრობთ) და მეზობლებს მოჰყავთ. ძღომას ვერ იგებს, 5 წუთის ნასადილევიც რომ იყოს, ისევ ჭამას ითხოვს, თუ არ ვაჭმევ, თვითონ ეძებს, ზოგჯერ უვარგისი რაღაცაც შეუძლია ჩაიდოს პირში. ზოგჯერ უმიზეზოდ ყვირილს იწყებს. ძალიან დავიღალე, იქნებ მითხრათ, როგორ მოვიქცე.

პასუხი: პირველ რიგში დავაზუსტოთ, რომ „მოხუცებულობით სკლეროზს“ სამედიცინო ენაზე დემენციას უწოდებენ. დემენციის ბევრი ფორმა არსებობს და მათი გამოვლინებაც თავისებურებებით ხასიათდება, თუმცა მათთვის საერთო და წამყვანი ნიშანია მეხსიერების თანდათანობითი და შეუქცევადი დაქვეითება მის სრულ დაკარგვამდე. დემენციის დროს ირღვევა გარემოში ორიენტაციის უნარი, რის გამოც ვეღარ აგნებენ სახლს; ასევე ვეღარაფერს იმახსოვრებენ, მათ შორის საკვების მიღების ფაქტსაც; რადგან უჭირთ საკუთარი სურვილის თუ ტკივილის ადეკვატურად ახსნა, ზოგჯერ მისი ჩანაცვლება ხდება ყვირილით, აუხსნელი ჭირვეულობით, გაღიზიანებით. ამდენად, თქვენ მიერ აღწერილი ნიშნები დემენციის გარკვეული ეტაპისთვის დამახასიათებელია. ამ დროს პირველ რიგში უნდა მიმართოთ ექიმს-ნევროლოგს ან ფსიქიატრს, რომელიც დანიშნავს სიმპტომების შესაბამის მედიკამენტებს, რაც პაციენტის ქცევას შედარებით მოაწესრიგებს. ასევე, მნიშვნელოვანია მომვლელების მხრიდან პაციენტთან სწორი მიდგომის წესების ცოდნა და მათი დაცვა.  ამასთან დაკავშირებულ რჩევებს იპოვით ჩვენს ვებ-გვერდზეც, ასევე, საკმარისად არის განთავსებული ინტერნეტში.

კითხვა: დედაჩემი ინსულტის შემდეგ იწვა საავადმყოფოში და ერთი კვირის წინ გამოვიყვანეთ სახლში. ხელი და ფეხი გაჩერებული აქვს და ლოგინში თავისით ვერ ტრიალდება. გამაფრთხილეს, რომ ასე შეიძლება ნაწოლები გაუჩნდეს. რამდენ ხანში ერთხელ უნდა გადავაბრუნო?

პასუხი: ყველა პაციენტს ინდივიდუალურად უნდა მივუდგეთ, მისი რესურსებიდან და საჭიროებიდან გამომდინარე. ოპტიმალურია, რომ მწოლიარე პაციენტს 2-3 საათში ერთხელ შევუცვალოთ პოზიცია. თუ გართულებების (მაგ., ნაწოლის გაჩენის) საფრთხეა, მაშინ 1-2 საათში ერთხელ. მთავარი ამ პროცესში ისაა, რომ პოზიციების ცვლილებაში მონაწილეობა პაციენტმა უნდა მიიღოს. ყველა რესურსის გამოყენება უნდა მოხდეს, რაც მას აქვს, იქნება ეს ვერბალური თუ არავერბალური, მოძრაობის მასშტაბი, სხეულის ცალკეული ნაწილების დამოუკიდებლად ამოძრავება და ა. შ.

კითხვა: ჩემი შორეული ნათესავი არის მარტოხელა პენსიონერი, ხშირად ავადმყოფობს, წნევიანია, უჭირს საყიდლებზე გასვლა, საკუთარი თავის და ბინის მიხედვა. შემომთავაზა თავის ბინა იმ პირობით, თუ მასთან გადავალ და მოვუვლი. ჩვენი საერთო ნათესავი არის ადვოკატი, რომელმაც მირჩია სამიზდღემჩიო ხელშეკრულების გაფორმება. მე მირჩევნია გარანტია მქონდეს და ბინა მაჩუქოს. რას მირჩევთ?

პასუხი: ბინა შეიძლება მიიღოთ როგორც სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულების, ასევე ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე. თუმცა, არც ერთი ეს შეთანხმება არ გაძლევთ ბინის მიღების გარანტიას, რადგან ორივე შემთხვევაში არის ხელშეკრულების მოშლის შესაძლებლობა. უმჯობესია, დეტალური კონსულტაციის გავლა იურისტთან, რომელიც ყოველივე ამას აგიხსნით დეტალურად და მერე თქვენ თვითონ გააკეთებთ არჩევანს თქვენი შემთხვევის კონკრეტული გარემოებებიდან გამომდინარე. ინფორმაცია სამისდღეშიო რჩენის და ჩუქების შესახებ შეგიძლიათ იპოვოთ ონლაინ, მათ შორის, ჩვენს ვებ-გვერდზეც.

გამოგვიგზავნეთ თქვენი შეკითხვა