ოჯახში ძალადობა

ოჯახში ძალადობა ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული და გავრცელებული ძალადობის ფორმაა საქართველოში. 2020 წლის განმავლობაში შს სამინისტროს თანამშრომლების მიერ 9500-მდე შემაკავებელი ორდერია გამოცემული. მცდარია მოსაზრება, თითქოს ძალადობა მხოლოდ ცოლ–ქმარს შორის არსებული კონფლიქტის ნიადაგზე წარმოიშობა, ძალადობის მსხვერპლნი ხშირად ხდებიან ოჯახის ასაკოვანი წევრები.

 

რას ნიშნავს ოჯახში ძალადობა

ოჯახში ძალადობა გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევას ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, სექსუალური ძალადობით ან იძულებით.

ძალადობის სახეებია:

  1. ფიზიკური ძალადობა – ცემა, წამება, ჯანმრთელობის დაზიანება, თავისუფლების უკანონო აღკვეთა ან სხვა ისეთი მოქმედება, რომელიც იწვევს ფიზიკურ ტკივილს ან ტანჯვას; ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობა, რაც იწვევს ოჯახის წევრის ჯანმრთელობის დაზიანებას ან სიკვდილს;
  2. ფსიქოლოგიური ძალადობა – შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება, მუქარა ან სხვა ისეთი მოქმედება, რომელიც იწვევს ადამიანის პატივისა და ღირსების შელახვას;
  3. იძულება – ადამიანის ფიზიკური ან ფსიქოლოგიური იძულება, შეასრულოს ან არ შეასრულოს მოქმედება, რომლის განხორციელება ან რომლისგან თავის შეკავება მისი უფლებაა, ანდა საკუთარ თავზე განიცადოს თავისი ნება-სურვილის საწინააღმდეგო ზემოქმედება;
  4. სექსუალური ძალადობა – სქესობრივი კავშირი ძალადობით, ძალადობის მუქარით ან მსხვერპლის უმწეობის გამოყენებით; სქესობრივი კავშირი ან სექსუალური ხასიათის სხვაგვარი მოქმედება ან გარყვნილი ქმედება არასრულწლოვნის მიმართ;
  5. ეკონომიკური ძალადობა – ქმედება, რომელიც იწვევს საკვებით, საცხოვრებელი და ნორმალური განვითარების სხვა პირობებით უზრუნველყოფის, საკუთრებისა და შრომის უფლებების განხორციელების, აგრეთვე, თანასაკუთრებაში არსებული ქონებით სარგებლობისა და კუთვნილი წილის განკარგვის უფლების შეზღუდვას.

 

რეაგირება ოჯახში ძალადობაზე

შს სამინისტროს მასშტაბით საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი და საუბნო სამსახური აქტიურად არის ჩართული ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლაში. ოჯახში ძალადობის შესახებ ფაქტის ცნობის საფუძველზე შემთხვევის ადგილზე გადის შესაბამისი ეკიპაჟი. იმ ადგილებში, სადაც არ ვრცელდება საპატრულო პოლიციის სამოქმედო კვადრატი, გამოძახებაზე გადის უბნის ინსპექტორი. ძალადობის ფაქტის დაფიქსირებისას, პოლიციელი უფლებამოსილია, საჭიროების შემთხვევაში, მსხვერპლის უსაფრთხოების დაცვის და ძალადობის განმეორების თავიდან აცილების მიზნით, გამოსცეს შემაკავებელი ორდერი.

 

შემაკავებელი ორდერით განსაზღვრული პირობების დარღვევის შემთხვევაში გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მუხლით და სისხლის სამართლის კოდექსით.

 

ოჯახის წევრი და სხვა პასუხისმგებელი პირები ოჯახში ძალადობის დროს

ოჯახის წევრად ოჯახში ძალადობის დროს ითვლება დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას; ასევე, პირი, რომელთანაც სამართლებრივი აქტის ან სამოქალაქო სამართლებრივი გარიგების საფუძველზე ფაქტობრივად იმყოფება/ცხოვრობს არასრულწლოვანი, რომელზე ზრუნვისა და რომლის კანონიერი ინტერესების დაცვის ვალდებულებაც დაეკისრა აღნიშნულ პირს, იმავე სამართლებრივი აქტის ან სამოქალაქო სამართლებრივი გარიგების საფუძველზე.

 

სისხლის სამართლებრივი მექანიზმები, რომლებიც გამოიყენება ქალთა მიმართ ან/და ოჯახში ძალადობის გამოვლენისა და აღკვეთის მიზნით

სისხლის სამართლებრივი მექანიზმები გამოიყენება შემთხვევებში, რომლებიც შეიცავენ სისხლის სამართლის დანაშაულის ისეთ ნიშნებს, როგორიცაა: განზრახ მკვლელობა, სხეულის განზრახ მძიმე დაზიანება; გაუპატიურება; თავისუფლების უკანონო აღკვეთა; ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, რომელმაც გამოიწვია ჯანმრთელობის სერიოზული მოშლა ან შრომისუნარიანობის მნიშვნელოვანი დაქვეითება ან დაკარგვა და სხვა ამგვარი; ასევე, განსაზღვრულია სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დამცავი ან შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნების ან/და პირობების შეუსრულებლობისათვის.

 

სამოქალაქო სამართლებრივი მექანიზმები, რომლებიც გამოიყენება ქალთა მიმართ ან/და ოჯახში ძალადობის გამოვლენისა და აღკვეთის მიზნით

ქალთა მიმართ ან/და ოჯახში ძალადობის დროს მსხვერპლს შეუძლია ისარგებლოს სამოქალაქო სამართლებრივი მექანიზმებით და მოითხოვოს ძალადობის შედეგად მოძალადის მიერ მსხვერპლისთვის მიყენებული მატერიალური და არამატერიალური ზიანის ანაზღაურება.

 

ადმინისტრაციულ-სამართლებრივი მექანიზმები, რომლებიც გამოიყენება ქალთა მიმართ ან/და ოჯახში ძალადობის გამოვლენისა და აღკვეთის მიზნით

ადმინისტრაციულ-სამართლებრივი მექანიზმები გამოიყენება, თუ სამართალდარღვევა, კანონმდებლობის შესაბამისად, არ იწვევს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას და მისი აღკვეთა შესაძლებელია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ნორმების შესაბამისად. ოჯახში ძალადობის ფაქტზე ოპერატიული რეაგირებისათვის უფლებამოსილი ორგანო ან თანამდებობის პირი, მსხვერპლთა დაცვისა და მოძალადისათვის გარკვეული მოქმედებების შეზღუდვის უზრუნველსაყოფად, დროებითი ღონისძიების სახით იყენებს დამცავ და შემაკავებელ ორდერებს.

 

განსხვავება შემაკავებელ და დამცავ ორდერებს შორის

განსხვავება მდგომარეობს შემდეგში: შემაკავებელ ორდერს გამოსცემს პოლიციის თანამშრომელი, უშუალოდ ფაქტზე რეაგირების დროს (კონკრეტული ძალადობის ფაქტის დროს პოლიციის გამოძახებისას) და იგი დაუყოვნებლივ შედის ძალაში. შემაკავებელი ორდერის ასლი, დაუყოვნებლივ ეგზავნება: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს შესაბამის საუბნო სამსახურს მსხვერპლის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების დარღვევაზე რეაგირების მიზნით, საინფორმაციო-ანალიტიკურ დეპარტამენტს, შესაბამისი ინფორმაციის სათანადო ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში აღრიცხვის, სამართალდარღვევებზე სწრაფი და ეფექტიანი რეაგირებისა და სტატისტიკური მონაცემების წარმოების მიზნით და საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს, თუ შემაკავებელი ორდერი იარაღთან დაკავშირებულ საკითხებს შეეხება; ასევე, მეურვეობისა და მზრუნველობის შესაბამის ადგილობრივ ორგანოს, თუ შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული საკითხი არასრულწლოვანს შეეხება. მსხვერპლმა ან მოძალადემ შემაკავებელი ორდერი შეიძლება გაასაჩივროს მისთვის ამ ორდერის გადაცემიდან/ჩაბარებიდან 3 დღის ვადაში. დამცავ ორდერს გამოსცემს სასამართლო და ამისათვის საჭიროა სასამართლოსთვის განცხადებით მიმართვა. სასამართლო, უფლებამოსილი პირის განცხადების მიღებიდან, 10 დღის ვადაში განიხილავს და გადაწყვეტილებას იღებს დამცავი ორდერის გამოცემის, გაუქმების, მოქმედების გაგრძელების ან გამოცემაზე უარის თქმის შესახებ. კანონის თანახმად, დამცავი ორდერის გამოცემის მოთხოვნის უფლება აქვს მსხვერპლს, აგრეთვე, მისი ოჯახის წევრს ან პირს, მსხვერპლის თანხმობით, რომელიც მსხვერპლს სამედიცინო, იურიდიულ, ფსიქოლოგიურ დახმარებას უწევს. აღნიშნულის თაობაზე ხსენებულმა პირებმა განცხადებით უნდა მიმართონ სასამართლოს.

 

მსხვერპლის მოძალადისაგან განრიდების საშუალებები

ქალთა მიმართ ან/და ოჯახში ძალადობის მხვერპლთათვის სახელმწიფოს მიერ უზრუნველყოფილია სახელმწიფო თავშესაფარი, სადაც ხდება მსხვერპლის ფსიქოლოგიურ-სოციალური რეაბილიტაცია, იურიდიული და სამედიცინო დახმარება. არსებობს კრიზისული ცენტრი – ოჯახში ძალადობის სავარაუდო მსხვერპლთა და მსხვერპლთა დროებითი განთავსების ადგილი, რომელიც ემსახურება ფსიქოსოციალურ რეაბილიტაციას, პირველად და გადაუდებელ სამედიცინო მომსახურებასა და სამართლებრივ დახმარებას. ასევე, შესაძლებელია მსხვერპლის საცხოვრებელ ადგილზე დროებით დარჩენა და მოძალადის განრიდება ამ საცხოვრებლისგან იმ შემთხვევაშიც, როდესაც ეს საცხოვრებელი მოძალადის საკუთრებაა. თუ თქვენ გახდით ქალთა მიმართ ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლი ან ფლობთ ინფორმაციას ძალადობის თაობაზე, გთხოვთ, 24 საათის განმავლობაში დარეკოთ სსიპ ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდის ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზის ნომერზე: 116 006.

 

ვინ არის მსხვერპლი?

მსხვერპლი არის ქალი, აგრეთვე ოჯახის ნებისმიერი წევრი, რომელთა კონსტიტუციური უფლებები და თავისუფლებები დაირღვა უგულებელყოფით ან/და ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური ან სექსუალური ძალადობით ან იძულებით და რომლებსაც მსხვერპლის სტატუსი განუსაზღვრა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისმა სამსახურმა, სასამართლო ორგანომ ან/და გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორის კომისიასთან არსებულმა ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლის სტატუსის განმსაზღვრელმა ჯგუფმა (შემდგომ − მსხვერპლის იდენტიფიცირების ჯგუფი). მსხვერპლად მიიჩნევა აგრეთვე არასრულწლოვანი, რომლის კანონიერი ინტერესები უგულებელყოფილია და რომელსაც მსხვერპლის სტატუსი განუსაზღვრა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისმა სამსახურმა, სასამართლო ორგანომ ან/და მსხვერპლის იდენტიფიცირების ჯგუფმა. მსხვერპლად მიიჩნევა აგრეთვე არასრულწლოვანი, რომელიც სამართლებრივი აქტის ან სამოქალაქო სამართლებრივი გარიგების საფუძველზე ან მათ გარეშე ფაქტობრივად იმყოფება/ცხოვრობს სხვა პასუხისმგებელ პირთან ან ნებისმიერ სხვა პირთან, რომელმაც დაარღვია მისი კონსტიტუციური უფლებები და თავისუფლებები უგულებელყოფით ან/და ფიზიკური, ფსიქოლოგიური, სექსუალური ან ეკონომიკური ძალადობით ან იძულებით, და რომელიც მოძალადისგან სოციალურმა მუშაკმა განაცალკევა. მსხვერპლად მიიჩნევა აგრეთვე ბავშვი, რომელიც ძალადობის მოწმეა.

ოჯახში ძალადობის სავარაუდო მსხვერპლი არის პირი, რომელსაც მიაჩნია, რომ არის მსხვერპლი, და რომელიც მსხვერპლის სტატუსის განსაზღვრის მიზნით შესაბამის სამსახურს/ორგანოს/მსხვერპლის იდენტიფიცირების ჯგუფს მიმართავს.

 

ვინ არის მოძალადე?

ოჯახის წევრი, რომელიც არღვევს ოჯახის სხვა წევრის კონსტიტუციურ უფლებებსა და თავისუფლებებს უგულებელყოფით ან/და ფიზიკური, ფსიქოლოგიური, სექსუალური ან ეკონომიკური ძალადობით ან იძულებით. მოძალადედ მიიჩნევა აგრეთვე ოჯახის წევრი ან ნებისმიერი სხვა პირი, რომელიც საზოგადოებრივ თუ პირად ცხოვრებაში ქალის მიმართ გენდერული ნიშნით ახორციელებს ფიზიკურ, ფსიქოლოგიურ, სექსუალურ ან ეკონომიკურ ძალადობას ან იძულებას. მოძალადედ მიიჩნევა აგრეთვე სხვა პასუხისმგებელი პირი ან ნებისმიერი სხვა პირი, რომელიც არღვევს სამართლებრივი აქტის ან სამოქალაქო სამართლებრივი გარიგების საფუძველზე ან მათ გარეშე მასთან ფაქტობრივად მყოფი/მცხოვრები არასრულწლოვნის კონსტიტუციურ უფლებებსა და თავისუფლებებს უგულებელყოფით ან/და ფიზიკური, ფსიქოლოგიური, სექსუალური ან ეკონომიკური ძალადობით ან იძულებით.

 

 

მსხვერპლისთვის გაწეული დახმარება და მისი უფლებები

  • მიმართოს შესაბამის სახელმწიფო ორგანოს დამცავი ან შემაკავებელი ორდერის გამოცემის მოთხოვნით, ხოლო გამოცემული დამცავი ან შემაკავებელი ორდერის პირობების დარღვევისას − მასზე რეაგირების მოთხოვნით;
  • მიმართოს შესაბამის სახელმწიფო ორგანოს ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის ფაქტის სიმძიმის გათვალისწინებით ან გამოცემული დამცავი და შემაკავებელი ორდერების პირობების დარღვევის შემთხვევაში, ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის გამოვლენისა და აღკვეთისათვის სისხლისსამართლებრივი მექანიზმების გამოყენების მოთხოვნით;
  • მიმართოს შესაბამის სასამართლო ორგანოს ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის შედეგად მისთვის მიყენებული ზიანის მოძალადის მიერ ანაზღაურების მოთხოვნით;
  • ისარგებლოს თავშესაფრით/კრიზისული ცენტრით და იქ არსებული მომსახურებით;
  • თავშესაფარში/კრიზისულ ცენტრში განთავსებისას ისარგებლოს უფასო სამართლებრივი კონსულტაციით, უფასო პირველადი და გადაუდებელი სამედიცინო მომსახურებით და ფსიქოლოგიური დახმარებით;
  • თავშესაფარში/კრიზისულ ცენტრში ყოფნისას ისარგებლოს შრომითი ურთიერთობის შეჩერების უფლებით. მისი შეჩერების ვადა არ უნდა აღემატებოდეს წელიწადში 30 კალენდარულ დღეს;
  • მიმართოს შესაბამის სახელმწიფო ორგანოს საქართველოში ყოფნისათვის დროებითი ბინადრობის ნებართვის მისაღებად, თუ იგი უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირია;
  • „იურიდიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით, ისარგებლოს იურიდიული დახმარებით სახელმწიფოს ხარჯზე.

 

დამცავი ორდერის გამოცემით შეზღუდული უფლებები

დამცავი ორდერის გამოცემით მოძალადეს შეიძლება შეეზღუდოს შემდეგი უფლებები:

  • მსხვერპლთან ან მისი დაცვის ქვეშ მყოფ პირთან მიახლოება;
  • თანასაკუთრებაში არსებული ქონების განკარგვა;
  • არასრულწლოვანთან ურთიერთობა;
  • იარაღის შეძენა, შეძენაზე ნებართვის მოპოვება, მათ შორის, სამსახურეობრივი საშტატო იარაღით სარგებლობის უფლება.

შესაძლოა, ორდერის გამოცემისას, ერთდროულად დადგეს ყველა სახის შეზღუდვა.

 

მაგალითები:

 

  1. წარსულში მძიმე დანაშაულისთვის ნასამართლევმა გ. ომანაძემ პირველ შემთხვევაში „თავის საცხოვრებელ ბინაში, სახეში ხელის გარტყმითა და მარჯვენა მტევანზე კბენით, ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება მიაყენა ბებიას“, ხოლო მეორე შემთხვევაში, მან ბებიას თავის არეში ჩაარტყა იატაკის საწმენდი ჯოხი. გ. ომანაძეს სასამართლომ შეუფარდა საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა მაშინ, როდესაც მას არ უღიარებია და არც სინანული გამოუხატავს მისი ქმედების გამო.
  • სამართლიანია თუ არა სასამართლოს გადაწყვეტილება.

პასუხი

სასამართლოს გადაწყვეტილება აშკარად უსამართლოა, ვინაიდან არანაირი შემამსუბუქებელი გარემოებები არ არსებობდა იმისათვის, რომ მსუბუქი სასჯელი შეეფარდებინა გ. ომანაძისთვის – მას არ უღიარებია, არ მოუნანიებია და, უფრო მეტიც, იგი წარსულში იყო მძიმე დანაშაულისთვის ნასამართლევი.

 

  1. მარინა და გიორგი მთელი ცხოვრების განმავლობაში იმყოფებიან არარეგისტრირებულ ქორწინებაში, მათ ჰყავთ 2 შვილი და 4 შვილიშვილი. მარინას მეუღლესთან აქვს მუდმივი კონფლიქტი და დაძაბული ურთიერთობა, რაც ხშირად გამოიხატება ჩხუბში და ფიზიკურ შეურაცხყოფაში. ფიზიკური, ფსიქოლოგიური და ეკონომიკური ძალადობა მარინაზე და მთელ ოჯახზე ხორციელდება ათეულობით წლებია. არაერთხელ გამოიძახეს პოლიცია, თუმცა პოლიცია არანაირ რეაგირებას არ ახდენს იმის გამო, რომ არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირები არ ითვლებიან ოჯახის წევრებად.
  • კანონიერია თუ არა პოლიციის მოქმედება?

პასუხი

პოლიციელის მოქმედება არ არის კანონიერი, ვინაიდან, კანონის თანახმად, ოჯახის წევრად ოჯახში ძალადობის დროს ითვლება არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრიც.

 

  1. თამარს არაერთხელ ჰქონია მეუღლესთან საუბარი, შეეწყვიტათ ერთად თანაცხოვრება, მაგრამ დიმიტრის გაგონება არ სურს და ემუქრება ფიზიკური განადგურებით. ოჯახში კონფლიქტის გამო მუდმივად სტრესულ და დაძაბულ მდგომარეობაში არიან ბავშვები და თამარის მოხუცი მშობლები, რომლებიც არაერთხელ გამხდარან ძალადობის და შეურაცხყოფის პირდაპირი თუ ირიბი ობიექტები.
  • როგორ უნდა მოიქცეს თამარი ან ოჯახის წევრი რომ თავი დაიცვან მოძალადისგან?

პასუხი

მათ უნდა მიმართოს შესაბამის სახელმწიფო ორგანოს დამცავი ან შემაკავებელი ორდერის გამოცემის მოთხოვნით, ხოლო გამოცემული დამცავი ან შემაკავებელი ორდერის პირობების დარღვევისას − მასზე რეაგირების მოთხოვნით;

 

  1. ელენეს და ვაჟას ოჯახს 50 წლიანი თანაცხოვრების ისტორია აქვს, მათ ჰყავთ ერთადერთი შვილი, რომელიც სისტემატიურად ძალადობს მათზე როგორც ფიზიკურად, ისე ფსიქოლოგიურად, მოძალადე ხშირად საკვების მიღებასაც კი უკრძალავს მათ. მოხუცებმა არაერთხელ იფიქრეს გამოეძახებინათ პოლიცია, მაგრამ გადაიფიქრეს იმის შიშით, რომ შვილი მათ სახლიდან გააგდებს. სახლი შვილის სახელზეა რეგისტრირებული.
  • შეუძლიათ თუ არა ძალადობის მსხვერპლ ელენეს და ვაჟას, ისარგებლონ თავშესაფრით და სხვა მომსახურებით?

პასუხი

პირველ რიგში, ელენემ და ვაჟამ უნდა მიმართონ შესაბამის ორგანოებს შემაკავებელი ან ორდერის გამოცემის მოთხოვნით, საჭიროების შემთხვევაში შეუძლიათ ისარგებლოს თავშესაფრით/კრიზისული ცენტრით და იქ არსებული მომსახურებით; თავშესაფარში/კრიზისულ ცენტრში განთავსებისას ისარგებლონ უფასო სამართლებრივი კონსულტაციით, უფასო პირველადი და გადაუდებელი სამედიცინო მომსახურებით და ფსიქოლოგიური დახმარებით; ასევე, შეუძლიათ სახელმწიფოს ხარჯზე მიიღონ უფასო იურიდიული მომსახურება.

 

  1. ეთერი და გივი მათი შვილისა და რძლისგან მუდმივად განიცდიან ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობას, მოძალადეების მიმართ გამოიცა დამცავი ორდერიც. მიუხედავად აღნიშნულისა, ისინი აგრძელებენ ძალადობას მოხუც მშობლებზე. მოხუცებს სურთ, რომ განარიდონ შვილი და რძალი, მაგრამ იმის გამო რომ ბინა არის შვილის საკუთრებაში, არ აკმაყოფილებენ მათ მოთხოვნას.
  • აქვთ თუ არა მოხუცებს შვილის და რძლის განრიდების მოთხოვნის უფლება?

პასუხი

რა თქმა უნდა, მათ აქვთ მათი განრიდების მოთხოვნის უფლება, ასევე, შეუძლიათ მსხვერპლის საცხოვრებელ ადგილზე დროებით დარჩენა და მოძალადის განრიდება ამ საცხოვრებლისგან იმ შემთხვევაშიც, როდესაც ეს საცხოვრებელი მოძალადის საკუთრებაა.

მსგავსი ამბები

შინმოვლის სტანდარტები

შინმოვლის სტანდარტები >> იხილეთ ბმული

შინმოვლის კონცეფცია

შინმოვლის კონცეფცია

შინმოვლის ტექნიკური რეგლამენტი

აღნიშნული დოკუმენტის მიზანია შინმოვლის მინიმალური სტანდარტების განსაზღვრა და შედეგად, შინმოვლის მომსახურების ხარისხის უზრუნველყოფის ხელშეწყობა. წინამდებარე...

საყოფაცხოვრებო-ტექნიკური ჩარევის კითხვარი

საყოფაცხოვრებო-ტექნიკური ჩარევის კითხვარი

ბართელის ინდექსი

ბართელის ინდექსი

შარდის შეკავება და შეუკავებლობა

საშარდე სისტემის სიმპტომები საშარდე სისტემის დარღვევებიდან ყველაზე ხშირია შარდის შეუკავებლობა და დიზურია. შეუკავებლობა მიზეზი: გარეთა საშარდე...