რა უნდა ვიცოდეთ დემენციის შესახებ

 

დემენცია დაავადებაა, რომელსაც ხალხში „სკლეროზს“ უწოდებენ. დემენცია წარმოადგენს რაიმე დაავადების შედეგად მოგვიანებით ასაკში განვითარებულ ჭკუასუსტობას. ამით იგი განსხვავდება ჭკუასუსტობის სხვა ფორმისგან, კერძოდ, გონებრივი განვითარების ჩამორჩენისგან, რომელიც თანდაყოლილია ან 3 წლამდე ასაკში იჩენს თავს. დემენცია არ წარმოადგენს რომელიმე ერთი კონკრეტული დაავადების აღმნიშვნელ სახელს, არამედ იგი ბევრი სხვადასხვა დაავადებით გამოწვეული მდგომარეობის გამაერთიანებელი ტერმინია. ამ დაავადებების წარმოშობას განსხვავებული მიზეზები უდევს საფუძვლად. ისინი იწვევენ თავის ტვინის დაზიანებას, მისი ფუნქციონირების მოშლას. დემენცია არის ხანგრძლივი და პროგრესირებადი, თანდათან გაუარესებისადმი მიდრეკილი დაავადება. მისთვის დამახასიათებელია შემეცნებითი (კოგნიტური), ემოციური და სოციალური უნარების თანდათანობითი და მყარი გაუარესება მათ სრულ დაკარგვამდე. დაავადების საწყის ეტაპზე ყველაზე თვალშისაცემია გამოხატული გულმავიწყობა და ხანმოკლე მეხსიერების მნიშვნელოვანი დაქვეითება (ავიწყდებათ უახლოესი დღეების ამბები, თარიღები, სახელები, მაშინ, როცა გარდასული წლების ამბები კარგად ახსოვთ). მეხსიერების შედარებით დაქვეითება ჯანსაღი დაბერებისთვისაც დამახასიათებელია, მაგრამ დემენციის დროს მეხსიერების დაქვეითება, გულმავიწყობა მნიშვნელოვნად აჭარბებს ასაკობრივ დასაშვებ ნორმებს და ბევრად სწრაფი პროგრესირებით ხასიათდება.

ზოგადად, ტერმინი დემენცია 50-ზე მეტ მსგავსი სიმპტომების და მიმდინარეობის მქონე დაავადების გამოხატულებაა. დემენციის ყველაზე უფრო გავრცელებული განმაპირობებელია ალცჰაიმერის დაავადება. იგი დემენციის შემთხვევების 60-65%-ს შეადგენს. ასევე, საკმაოდ გავრცელებულია ე. წ. ვასკულარული (სისხლძარღვოვანი) დემენცია. შედარებით ხშირად გვხვდება ლევის სხეულაკების დემენცია, ფრონტო-ტემპორალური დემენცია, პარკინსონის დაავადების შედეგად გამოწვეული დემენცია. ამრიგად, მსგავსი სიმპტომების მიუხედავად, დემენციის გამომწვევი მიზეზები განსხვავებულია.

 

სტატისტიკა

დემენცია არ წარმოადგენს დაბერების სავალდებულო თანმდევ დაავადებას, თუმცა, ხანდაზმული ადამიანების ჯანმრთელობის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პრობლემაა. დემენციის განვითარების რისკი აქვთ 60-65 წელს გადაცილებულ პირებს; იშვიათად, გვხვდება უფრო ადრეულ ასაკშიც. დემენციის შემთხვევები ასაკის მატებასთან ერთად მატულობს და ქალებში უფრო ხშირია, ვიდრე მამაკაცებში. 70-74 წლის ადამიანებში დემენციით დაავადების სიხშირე 4%-ია, ხოლო 80-84 წლის ხანდაზმულებში იგი უკვე 12% და მეტია; 90 წლის ასაკს გადაცილებულებში კი დემენციის სიხშირე 41%-ს შეადგენს.

ბოლო რამდენიმე ათწლეულია, ცხოვრების დონის ამაღლებასთან ერთად, იზრდება დღეგრძელი ადამიანების რაოდენობაც, განსაკუთრებით, ევროპისა და ამერიკის მაღალგანვითარებულ ქვეყნებში, რასაც პროპორციულად მიჰყვება დემენციის შემთხვევათა მატება. ამჟამად მთელ მსოფლიოში დაახლოებით 50 მილიონ ადამიანს აქვს დემენციის დიაგნოზი, მათი რიცხვი ყოველწლიურად 7,7 მილიონი ახალი შემთხვევით იზრდება. ფიქრობენ, რომ 2050 წლისთვის დემენციით დაავადებულთა რაოდენობა მთელ მსოფლიოში გასამმაგდება და 150 მილიონს მიაღწევს. ეს ციფრები სერიოზულ გამოწვევას წარმოადგენს ჯანდაცვისა და სოციალური ზრუნვის სისტემებისთვის, მით უმეტეს, რომ დღემდე არ არსებობს დემენციის მკურნალობის ეფექტური საშუალება.

 

როგორ დგინდება დემენციის დიაგნოზი

დემენციის დიაგნოზს ადგენს ექიმი, მეტწილად, ნევროლოგი ან ფსიქიატრი. დიაგნოზის დასასმელად ექიმი იყენებს კვლევის სხვადასხვა მეთოდს: პაციენტთან გასაუბრება და ჩივილების გამოკითხვა, გასაუბრება პაციენტის ახლობლებთან (ანამნეზის შეკრება), ფიზიკური და ნევროლოგიური გამოკვლევა, ფსიქოლოგიური ტესტირება (მინიმენტალური ტესტი, დემ-ტესტი), ლაბორატორიული და ინსტრუმენტული კვლევები (კომპიუტერული ტომოგრაფია, მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია). კვლევების შედეგად მიღებული მონაცემების შეჯერებით ისმება დემენციის რომელიმე ფორმის დიაგნოზი და ინიშნება შესაბამისი მკურნალობა.

 

რა ნიშნებით შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ადამიანს დემენცია აქვს

დემენცია ხასიათდება თანდათანობითი, შემპარავი დაწყებით. ამიტომ, მნიშვნელოვანია იმ ნიშნების ცოდნა, რომლებიც შესაძლოა დემენციის არსებობაზე მიუთითებდეს. დემენციის ნიშნების გამოცნობა პაციენტის ახლობლებსაც შეუძლიათ, თუ ყურადღებას მიაქცევენ ისეთ ცვლილებებს, როგორიცაა:

  • გულმავიწყობა: ვერ იხსენებს კარგად ნაცნობი, ახლობელი ადამიანების სახელებს, ავიწყდება თარიღები, ვერ იხსენებს უახლოესი წარსულის მოვლენებს, მაშინ, როცა ძველი ამბები უკეთ ახსოვს;
  • პრობლემები ყოველდღიური, ჩვეული საქმიანობების შესრულებისას: კარგი დიასახლისი სათანადოდ ვეღარ ალაგებს სახლს, ავიწყდება სადილის მომზადება, ვეღარ ახერხებს მარტივი საოჯახო ტექნიკის მოხმარებას, რჩება ჩართული გაზქურა, უჭირს საყიდლების შეძენა, ფულის ანგარიში და ასე შემდეგ;
  • ვერ პოულობს მის მიერვე შენახულ ნივთებს, ან გადამალავს მათ უცნაურ ადგილებში, ზოგჯერ ამტკიცებს, რომ ნივთები მოჰპარეს;
  • პრობლემები ორიენტაციასთან დაკავშირებით: ვერ ახერხებს ორიენტირებას მისთვის ნაცნობ ადგილებში, სასეირნოდ წასული ვეღარ აგნებს სახლს, იკარგება. ასევე, დარღვეულია დროითი ორიენტაცია: ვერ ასახელებს ახლანდელ თარიღს, წელს, ვერ პასუხობს, წელიწადის რომელი დროა, ვერ ალაგებს საკუთარ ცხოვრებისეულ მოვლენებს ქრონოლოგიურად. დროში და სივრცეში დეზორიენტაცია დემენციის ერთ-ერთი ადრეული ნიშანია;
  • პრობლემები სიტუაციის გააზრებაში, ახალი ინფორმაციის ათვისებაში. უფრო და უფრო უჭირს ახალი ინფორმაციის დამახსოვრება, რის გამოც მრავალჯერ იმეორებს ერთსა და იმავე შეკითხვას, მიუხედავად იმისა, რომ პასუხი ახლახან მიიღო;
  • გუნებ-განწყობის მოულოდნელი და მკვეთრი ცვლილებები: ადვილად ღიზიანდება, შფოთავს, ყველა წვრილმანზე დავობს, უმნიშვნელო მიზეზიც საკმარისია მის გასაღიზიანებლად;
  • გამოხატული პიროვნული ცვლილებები: აქტიური, ინიციატივიანი ადამიანი ხდება პასიური, კარგავს ძველ ინტერესებს; ასევე, შეიძლება გახდეს გაღიზიანებული, ჭირვეული, კონფლიქტური. ზოგჯერ ხდება ზედმეტად ეჭვიანი, დაძაბული, თავს იჩენს მხედველობითი, შესაძლოა, სმენითი ჰალუცინაციებიც, ბოდვითი იდეები. იცვლება არაადეკვატურად, თავს იჩენს ასაკისთვის უჩვეულო სექსუალური ქცევა;
  • სირთულეები მეტყველებისას: ავიწყდება სიტყვები, საგნების დასახელებები, ზოგჯერ მათ ანაცვლებს გამოგონილი დასახელებებით.

დემენციის სკრინინგის მიზნით მიმართავენ შედარებით მარტივ და მოკლე ტესტებს.

  • საათის ტესტი: გამოსაკვლევ პირს სთხოვენ ქაღალდზე დახატულ წრეში ჩახატოს საათის ციფერბლატი და ისრებით მიუთითოს გარკვეული დრო, მაგალითად 12:10. დემენციის დროს ვერ ახერხებენ წრეზე ციფრების თანაბრად განაწილებას, დროის ჩვენებას;
  • გამოსაკვლევ პირს სთხოვენ სიტყვებით დაწეროს რომელიმე 4-ნიშნა რიცხვი, მაგალითად 5478. შემდეგ პირიქით, სიტყვებით დაწერილი რიცხვი ციფრების სახით დაწეროს;
  • გამოსაკვლევ პირს სთხოვენ 1 წუთის განმავლობაში ჩამოთვალოს მაქსიმალურად ბევრი ცხოველი. პირმა უნდა შეძლოს არანაკლებ 10 ცხოველის დასახელება.

ჩამოთვლილი ნიშნების არსებობა ერთმნიშვნელოვნად როდი მიუთითებს დემენციის არსებობაზე. ისინი წარმოადგენს მხოლოდ გამაფრთხილებელ ნიშნებს და მათი შემჩნევისას საჭიროა შესაბამისი პროფილის ექიმთან კონსულტაცია დიაგნოზის დადგენის მიზნით. საბოლოო დიაგნოზს სვამს მხოლოდ ექიმი!

 

დემენციის განვითარების რისკ-ფაქტორები

  • მემკვიდრული ფაქტორი: შემჩნეულია სისხლით ნათესავებში დემენციის შემთხვევების მეტი რაოდენობა, ასევე, ცნობილია დემენციის ოჯახური შემთხვევები;
  • სმენის მნიშვნელოვანი დაქვეითება. სმენის დაქვეითებისას მატულობს პრობლემები სოციალური ცხოვრების მხრივაც. იგი უარყოფითად მოქმედებს კოგნიტურ უნარებზე. ეს უნარები სმენის დაქვეითებისას უფრო სწრაფად უარესდება, ვიდრე ნორმალური სმენის დროს. ამდენად, მნიშვნელოვანია, რომ ხანდაზმულებმა ყურთასმენასთან დაკავშირებული პრობლემებით დროულად დაიწყონ სმენის აპარატის გამოყენება;
  • ზოგიერთი მედიკამენტის მაღალი დოზით ან ხანგრძლივი დროის მანძილზე მოხმარება ზრდის დემენციის განვითარების რისკს;
  • ვიტამინ D-ს ნაკლებობა. ამ ვიტამინის 90%-ს თავად ჩვენი ორგანიზმი გამოიმუშავებს. მის შექმნას ხელს უწყობს მზეზე ყოფნა;
  • ცხოვრების მანძილზე გადატანილი სტრესები;
  • ემოციური არასტაბილურობა;
  • მარტოობა და მარტოსულობა. პირებს, რომლებიც მარტოობაზე ჩივიან, მოგვიანებით 2,5-ჯერ უფრო მეტად აქვთ დემენციის განვითარების რისკი;
  • შაქრიანი დიაბეტი და ჰიპერტონული დაავადება. ორივე ეს დაავადება სისხლძარღვებს აზიანებს, რაც დემენციის გაზრდილი რისკის მიზეზია. ერთი კვლევის თანახმად, ვასკულარული დემენციის რისკი 62%-მდე იზრდება, თუ ჰიპერტონია 30-50 წლის ასაკში იჩენს თავს. თუმცა, თუ ჰიპერტონია პირველად 80-90 წლის ასაკში ვითარდება, ის დამცველობით ფუნქციას ასრულებს;
  • თამბაქოს და ალკოჰოლის სისტემატური მოხმარება;
  • ჰაერის დაბინძურება. ერთი კვლევის თანახმად, ხანშიშესულ ქალებს, ვინც ქალაქის იმ ნაწილში ცხოვრობენ, სადაც ჰაერის დაბინძურების მაჩვენებელი მაღალია, დემენციის განვითარების რისკი 92%-ით მეტი აქვთ, ვიდრე სოფლად, სუფთა ჰაერზე მცხოვრებ იმავე ასაკის ქალებს;
  • დეპრესია. ის ხშირად წინ უსწრებს დემენციის განვითარებას. რაც უფრო მძიმეა დეპრესია, მით უფრო მაღალია დემენციის რისკი. ამდენად, თუ დეპრესია დაუდგინდა ასაკოვან ადამიანს, სასურველია, ჩატარდეს დემენციის სკრინინგიც. ზოგჯერ დემენციის საწყისი სტადია სწორედ დეპრესიით იჩენს თავს.
  • უძილობა.

 

 

 

დემენციის მიზეზები

დემენციას იწვევს თავის ტვინის უჯრედების დაზიანება, კერძოდ, ამ დროს დაზიანებულია ტვინის უჯრედების ურთიერთკავშირი. თავის ტვინის ცალკეული უბანი გარკვეულ ფუნქციაზეა პასუხისმგებელი (მაგალითად მეხსიერება, მეტყველება, მსჯელობის უნარი, მოტორიკა). ამიტომ, ტვინის რომელ უბნის დაზიანება გამოიხატება შესაბამისი ფუნქციის მოშლით. დემენციის კონკრეტული ფორმის დროს ზიანდება ტვინის გარკვეული უბნის გარკვეული უჯრედები, რაც შესაბამისი სიმპტომებით იჩენს თავს. ტვინის უბანში, რომელსაც ჰიპოკამპი ეწოდება, მდებარეობს დასწავლის უნარის და მეხსიერების ცენტრი. ალცჰაიმერის დაავადების დროს პირველ რიგში სწორედ ეს უბანი ზიანდება. ამიტომაც, მეხსიერების დაკარგვა ამ დაავადების ერთ-ერთი პირველი სიმპტომია.

დემენციის ყველაზე გავრცელებული მიზეზის – ალცჰაიმერის დაავადების დროს ტვინის უჯრედებში ხდება ცილოვანი ე. წ. ბეტა-ამილოიდური ფოლაქების ჩალაგება, რაც უჯრედების დაზიანების მიზეზია. ვასკულარული დემენციის დროს უჯრედების დაზიანებას იწვევს ტვინის სისხლძარღვებში სისხლის მიმოქცევის დარღვევები. ხშირად, ვასკულარული დემენცია ინსულტების შემდეგ იჩენს თავს. ფრონტო-ტემპორალური დემენციის (პიკის დაავადება) დროს კი ხდება თავის ტვინის ქერქის შუბლის და საფეთქლის წილის უჯრედების თანდათანობითი კვდომა.

დემენციის დროს თავის ტვინის უჯრედების დაზიანება ხანგრძლივი, პროგრესირებადი და შეუქცევადი პროცესია, თუმცა, იშვიათ შემთხვევაში, მკურნალობის ზეგავლენით გაუმჯობესება მიიღწევა. ეს დემენციის იმ ფორმებს ეხება, რომელთაც საფუძვლად უდევს რომელიმე სხვა დაავადება, მაგალითად, ჰიპოვიტამინოზი, ალკოჰოლის ჭარბად მოხმარება, დეპრესია, ფარისებრი ჯირკვლის დაავადება და სხვა. მათ ფსევდოდემენციას ან მეორად დემენციასაც უწოდებენ.

 

დემენციის მკურნალობა

დასაწყისშივე უნდა ითქვას, რომ მიუხედავად დემენციის სამკურნალო საშუალებების არსებობისა, დემენცია არ იკურნება (გამონაკლისს წარმოადგენს შედარებით იშვიათი ე. წ. „მეორადი“ დემენციები – იხ. ზევით). დემენციის მკურნალობის მიზანია არსებული სიმპტომების უარყოფითი ზეგავლენის შემსუბუქება და დაავადების განვითარების შენელება, დამუხრუჭება. ეს ეხმარება პაციენტს, მაქსიმალურად დიდხანს შეინარჩუნოს დამოუკიდებლად ცხოვრების უნარი.

თანამედროვე მედიცინა დემენციის სამკურნალოდ იყენებს როგორც მედიკამენტებს, ასევე არამედიკამენტურ მეთოდებს. თითოეული პაციენტისთვის დგება მის საჭიროებებზე მორგებული ინდივიდუალური მკურნალობის გეგმა. ინდივიდუალური საჭიროებების გათვალისწინება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია არამედიკამენტური მკურნალობის/ზრუნვის მეთოდების შერჩევისას. რაც უფრო ადრე დაიწყება მკურნალობა, მით უკეთესი იქნება შედეგი.

დემენციის სამკურნალო მედიკამენტები: ეს, პირველ რიგში, ე. წ. ანტიდემენციური პრეპარატებია, რომლებიც ზემოქმედებენ თავის ტვინში ნივთიერებათა ცვლაზე. ამ პრეპარატებს მხოლოდ დემენციის გარკვეულ ეტაპამდე აქვთ შედეგი.

ალცჰაიმერის დაავადების და დემენციის ზოგიერთი სხვა ფორმის სამკურნალოდ იყენებენ პრეპარატებს აცეტილქოლინესთერაზის ინჰიბიტორების ჯგუფიდან (მაგ., დონეპეზილი, რივასტიგმინი) და გლუტამატ-ანტაგონისტებს (მემანტინი). სამკურნალოდ ასევე იყენებენ გინკო ბილობას მცენარეულ პრეპარატებსაც. მისი მოქმედება შედარებით სუსტია, თუმცა შეიძლება დაინიშნოს, როგორც დამატებითი საშუალება. აღნიშნული პრეპარატების მიღება ხდება მხოლოდ ექიმის დანიშნულებით.

დემენციას ხშირად თან ახლავს ფსიქიკური აშლილობის სხვადასხვა სიმპტომი, მათგან ხშირია დეპრესია. ამ დროს მკურნალობას ემატება ანტიდეპრესიული პრეპარატები.

დემენციის მქონე პაციენტები ზოგჯერ ხდებიან მოუსვენრები, აგრესიულები, აქვთ აღქმის პათოლოგია ჰალუცინაციების სახით, დევნის, დამოკიდებულების ბოდვითი იდეები. ასეთ შემთხვევებში დამატებით ინიშნება ანტიფსიქოზური პრეპარატები (მაგალითად, რისპერიდონი). მნიშვნელოვანია, რომ ეს პრეპარატები ინიშნება მინიმალური თერაპიული დოზით და მხოლოდ იმ დროის მანძილზე, ვიდრე ხსენებული სიმპტომები სახეზეა.

ვასკულარული დემენციის დროს საჭიროა იმ ძირითადი დაავადების მკურნალობაც, რამაც დემენცია განაპირობა. ასეთია, მაგალითად, ჰიპერტენზიის საწინააღმდეგო პრეპარატები ჰიპერტონიის დროს ან ლიპიდურ ცვლაზე მოქმედი მედიკამენტები სისხლში ქოლესტერინის მაღალი შემცველობის დროს.

არამედიკამენტური მკურნალობა

დემენციის დროს გამოყენებული არამედიკამენტური თერაპიული ჩარევები ხელს უწყობს პაციენტის დამაკმაყოფილებელი მდგომარეობის უფრო ხანგრძლივად შენარჩუნებას. ამ მეთოდების მაგალითებია:

  • კოგნიტური ფუნქციების ტრენინგი: კოგნიტური ფუნქციების ხანგრძლივად შენარჩუნების მიზნით მნიშვნელოვანია ამ ფუნქციების გავარჯიშება. ვარჯიში ტარდება როგორც ინდივიდუალურად, ისე ჯგუფურად, მეხსიერების, ყურადღების, ორიენტაციის, აზროვნების გასავარჯიშებელი სპეციალურად შერჩეული სავარჯიშოებით;
  • ავტობიოგრაფიული მუშაობა: ამ მეთოდის გამოყენება სასურველია დემენციის ადრეული და საშუალო სტადიის დროს. პაციენტი ფოტოების, წიგნების, პირადი ნივთების დახმარებით აღიდგენს თავისი ადრინდელი ცხოვრების სხვადასხვა სასიამოვნო მომენტს, ჰყვება მათ შესახებ. ეს მეთოდი ხელს უწყობს პიროვნული იდენტობის შენარჩუნებას;
  • რეალურ სიტუაციაში ორიენტაცია: ტრენინგი მოიცავს დროში და სივრცეში ორიენტირებაში გავარჯიშებას. ეს ვარჯიში დაავადების ყველა სტადიაში სასარგებლოა;
  • გარემოთი თერაპია: ეს მეთოდი გულისხმობს დემენციის მქონე პაციენტის გარემოს მისი დაავადების შესატყვისად მოწყობას. პაციენტი თავის საცხოვრებელში თავს დარწმუნებულად და მყუდროდ უნდა გრძნობდეს, ადვილად აგნებდეს მისთვის საჭირო სათავსოს ბინაში. ასევე, ბევრს სიამოვნებას ანიჭებს გლუვი ხის და რბილი ქსოვილების შეხება. ნაცნობი მუსიკა, სუნები და საყვარელი ყვავილები მათ თავს ბედნიერად აგრძნობინებს, ამშვიდებს და კარგ მოგონებებს უღვიძებს.

გამოიყენება სხვა მეთოდებიც, როგორიცაა ბიჰევიორული თერაპია, მუსიკით და ცეკვით თერაპია, ერგოთერაპია, ხელოვნებით თერაპია, სხეულზე ორიენტირებული თერაპიები, მასაჟი და სხვა. ეს თერაპიები მოქმედებენ სხვადასხვა სფეროზე და მათი დანიშვნა ხდება დემენციის გარკვეულ ეტაპებზე.

 

მოვლის დაგეგმვა

გარკვეული დროის გასვლის შემდეგ, დგება პერიოდი, როცა დემენციის მქონე ადამიანი მუდმივად საჭიროებს დახმარებას ყოველდღიური ყოფითი საქმიანობისას, როგორიცაა ჩაცმა, დაბანა, ტუალეტი, გადაადგილება, საყიდლები, დალაგება, საკვების მომზადება და მიღება და სხვა. პაციენტის ახლობლებმა სამომავლო მოვლის დაგეგმვაზე ადრეულ სტადიაზევე უნდა დაიწყონ ზრუნვა. მნიშვნელოვანი კითხვები, რომლებიც პასუხს მოითხოვს, არის: შეუძლია და უნდა პაციენტს შემდგომშიც საკუთარ ბინაში დარჩეს? რა დახმარება სჭირდება მას ყოველდღიურად? ვის შეუძლია ამ დახმარების გაწევა? რა შეთავაზებები აქვს ამბულატორიულ მომსახურებას? არსებობს შინმოვლის სამსახური მის რეგიონში? თუ შეუძლებელია სახლის პირობებში მოვლა, მაშინ რა ალტერნატივები არსებობს? ასევე, შეიძლება გაჩნდეს იურიდიული, სამართლებრივი ხასიათის კითხვებიც, რაც შეეხება პაციენტის ქმედუნარიანობას, მემკვიდრეობის საკითხს და მსგავსი.

ამ კითხვებზე პასუხის დროული ცოდნა ამსუბუქებს მომვლელების ტვირთს.

 

დემენციის მიმდინარეობა და გამოსავალი

დემენციის ცნება ბევრ სხვადასხვა დაავადებას აერთიანებს, რომელთა დიდი უმრავლესობა შეუქცევადი მიმდინარეობით ხასიათდება. მდგომარეობის გაუარესება ხდება ან თანდათანობით და უწყვეტად, ან ნახტომისებურად, გამომდინარე დემენციის ფორმიდან. ზოგჯერ გაუარესება გარკვეული პერიოდი აღარ მატულობს, ანდა გვაქვს ხანმოკლე მცირედი გაუმჯობესებაც. დაავადება საშუალოდ 4-9 წელი გრძელდება და სიკვდილით მთავრდება. ბუნებრივია, დემენციის მიმდინარეობაში გვხვდება გამონაკლისებიც ამ საერთო ტენდეციიდან.

 

დემენციის პროფილაქტიკა

დემენციის ზოგი რისკ-ფაქტორი, როგორიცაა ასაკი, სქესი და გენეტიკა, ცვლილებებს არ ექვემდებარება. თუმცა, რისკ-ფაქტორთა ნაწილზე ზეგავლენის მოხდენა და მათი შერბილება შესაძლებელია, რაც, თავის მხრივ, ამცირებს დემენციის განვითარების რისკს.

დემენციის პროფილაქტიკას ხელს უწყობს შემდეგ ფაქტორებზე ყურადღების გამახვილება:

  • გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების პროფილაქტიკა: თავის ტვინის მკვებავ სისხლძარღვებს იგივე დაავადებები აზიანებს, რაც ზოგადად ადამიანის ორგანიზმის სისხლძარღვთა სისტემას. შედეგად, ირღვევა თავის ტვინის უჯრედების კვება და ჟანგბადით მომარაგება, რაც მათ დაზიანებას და ვასკულარული (სისხლძარღვოვანი) დემენციის ჩამოყალიბებას უწყობს ხელს. ამ რისკ-ფაქტორის თავიდან ასაცილებლად საჭიროა დროულად მიექცეს ყურადღება არტერიული წნევის, სისხლში ქოლესტერინის და გლუკოზის შემცველობის ნორმის ფარგლებში შენარჩუნებას, ასევე, სიმსუქნის თავიდან აცილებას და მავნე ჩვევების, მეტწილად, თამბაქოს მოხმარებისგან თავის შეკავებას.
  • სწორი კვება: ითვლება, რომ დემენციის და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების პროფილაქტიკისათვის უმჯობესია ე. წ. ხმელთაშუა ზღვის დიეტის დაცვა. ეს დიეტა მოიცავს ბევრ ხილს და ბოსტნეულს, თევზს, მთელი მარცვლეულის პურს, ჯანსაღ ცხიმებს, როგორიცაა ზეითუნის ზეთი, თხილეული. წითელი ხორცი და რძის პროდუქტები მხოლოდ ზომიერი რაოდენობითაა დასაშვები.
  • სპორტი, სისტემატური ფიზიკური აქტიურობა: ფიზიკური აქტიურობა ნებისმიერ ასაკში სასურველი და სასარგებლოა. მას წვლილის შეტანა შეუძლია დემენციის ზოგიერთი ფორმის განვითარების რისკის შემცირებაში. ფიზიკური აქტიურობის ზეგავლენით ძლიერდება თავის ტვინის უჯრედებში სისხლის და ჟანგბადის მიწოდება, რაც ხელს უშლის მათ გადაგვარებას და დემენციის ჩამოყალიბებას. სპორტი და მოძრაობა ხელს უშლის სისხლის წნევის და ქოლესტერინის დონის მომატებას, ჭარბი წონის, დიაბეტის, ინსულტის, ინფარქტის, დეპრესიის განვითარებას, რაც, თავის მხრივ, დემენციის პროფილაქტიკას უწყობს ხელს.
  • „ტვინის ვარჯიში“: ისევე როგორც კუნთებს, ტვინსაც სჭირდება ვარჯიში. ტვინს ავარჯიშებს, მაგალითად, სხვადასხვა კულტურულ ღონისძიებებში მონაწილეობა, მათემატიკური გამოცანები, კროსვორდები, შემოქმედებითი ჰობი. ხანდაზმულ ასაკში ცნობისმოყვარეობის შენარჩუნება, ლიტერატურის კითხვა, დაკვრა, უცხო ენებით დაინტერესება, სამაგიდე თამაშები, ჯგუფურ დისკუსიებში მონაწილეობა – ასეთმა საქმიანობებმა შესაძლებელია შეამციროს დემენციის რისკი. დადგენილია, რომ რისკის შემცირებისთვის კროსვორდების ამოხსნა ნაკლებ დამხმარეა, ვინაიდან ის ძველი ცოდნის გააქტიურებას ითხოვს. უმჯობესია ახალი ცოდნის შეძენა, მაგალითად უცნობი წიგნის წაკითხვა, ასევე, მოგზაურობა, ვინაიდან ესეც ახალი შთაბეჭდილებების მიღებასთანაა დაკავშირებული.
  • სოციალური კონტაქტების შენარჩუნება: რაც უფრო დიდხანს იქნება ადამიანი საზოგადოებაში, სხვა ადამიანებთან ურთიერთობაში, მით უფრო მეტია შანსი, მოხუცებულობაშიც საღი გონება შეინარჩუნოს. სოციალური კონტაქტები ხელს უწყობს მეტყველების, მოსმენის, ხანმოკლე მეხსიერების, შეგრძნებების აღქმის უნარის შენარჩუნებას და გააქტიურებას.
  • სმენის დაქვეითების სასმენი აპარატით კომპენსირება: ასაკის მატებას თან ახლავს სმენის დაქვეითება. ბევრი ადამიანი ამას ეგუება და არ ცდილობს, დროულად მოიხმაროს სასმენი აპარატი, რაც შეცდომაა. ტვინი ნაკლებად აქტიურდება, როცა ნაკლებ აკუსტიკურ გამღიზიანებელს აღიქვამს. ადამიანებს, რომლებიც არ აკომპენსირებენ სმენის დაქვეითებას, ორჯერ უფრო მეტად აქვთ დემენციის განვითარების რისკი, ვიდრე მათ, ვინც სასმენ აპარატს იყენებს.

მსგავსი ამბები

ემოციური და ქცევითი პრობლემები ხანდაზმულებში

  რჩევები ხანდაზმულებთან მომუშავე პერსონალს   ხანდაზმულებში გვხვდება ზოგადი ქცევითი პრობლემები, რაც იწვევს დისფორიას, ახდენს გავლენას მათ...

კვება – ზოგადი რეკომენდაციები

კვებასთან დაკავშირებული ზოგადი რეკომენდაციები   საკვები უნდა იყოს მრავალფეროვანი და შეიცავდეს ცილებს (15%), ცხიმებს (30%, 2...