სამისდღემშიო რჩენა

ხანდაზმულ ადამიანს შეუძლია გააფორმოს სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულება მარჩენალთან

 

რა არის სამისდღეშიო რჩენა

სამისდღეშიო რჩენა ეს არის ურთიერთობა ორ მხარეს (მარჩენალსა და სარჩენს) შორის, რომლის დროსაც მარჩენალი მოვალეა, გადაუხადოს სამისდღეშიო სარჩო სარჩენს მთელი სიცოცხლის მანძილზე (თუ ხელშეკრულება სხვა წესს არ ითვალისწინებს). სამისდღეშიო სარჩოს ოდენობა და გადახდის ვადები დგინდება მხარეთა შეთანხმებით. სამისდღეშიო სარჩო შეიძლება დადგინდეს ფულადი ან ნატურალური სახით (ბინით, კვებით, მოვლით და სხვა აუცილებელი დახმარებით). ნატურალური სარჩოს გადახდის ხელშეკრულებაში მხარეებს შეუძლიათ გაითვალისწინონ ნატურალური სარჩოს შეცვლა ფულით.

სამისდღეშიო სარჩოს გადახდა შეიძლება საცილო გახადონ სხვა პირებმა, რომელთაც ჰქონდათ კანონიერი უფლება, მიეღოთ სარჩო მარჩენალისაგან, მაგრამ ვერ მიიღეს იმის გამო, რომ მარჩენალი იხდის სამისდღეშიო სარჩოს.

როცა სარჩენი მარჩენალს გადასცემს უძრავ ქონებას, მაშინ მოთხოვნის უზრუნველსაყოფად მას აქვს ამ ქონების იპოთეკით დატვირთვის უფლება.

მარჩენალისთვის გადაცემული ქონების შემთხვევით დაღუპვა ან დაზიანება არ ათავისუფლებს მას სარჩოს გადახდისაგან.

სარჩენის სიცოცხლეში მარჩენალს უფლება არ აქვს გაასხვისოს, დააგირაოს ან სხვაგვარად დატვირთოს გადაცემული ქონება სარჩენის წერილობითი თანხმობის გარეშე. მარჩენალის ვალების გამო გადახდევინების მიქცევა ამ ქონებაზე დაუშვებელია.

მარჩენალის გარდაცვალებისას, რჩენის ვალდებულება გადადის მის იმ მემკვიდრეებზე, რომლებმაც მიიღეს გადაცემული ქონება. მემკვიდრის მიერ ამ ვალდებულებაზე უარის თქმის შემთხვევაში ეს ქონება უბრუნდება სარჩენს. ასეთ შემთხვევაში ხელშეკრულება წყდება.

 

სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულების დადების/მოშლის წესი

სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულება უნდა დაიდოს/მოიშალოს წერილობით. უძრავი ქონების გადაცემის შემთხვევაში, ხელშეკრულება აუცილებელია დამოწმდეს სანოტარო წესით.

როგორც მარჩენალს, ისე სარჩენს შეუძლიათ უარი თქვან სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულებაზე, თუკი სახელშეკრულებო მოვალეობათა დარღვევის შედეგად მხარეთა შორის ურთიერთობა აუტანელი გახდა, ანდა სხვა არსებითი მიზეზები უკიდურესად აძნელებს ან შეუძლებელს ხდის მის გაგრძელებას.

გადაცემული უძრავი ქონება ხელშეკრულების შეწყვეტისას უბრუნდება სარჩენს, ხოლო ხელშეკრულების შეწყვეტამდე გაწეული ხარჯები მარჩენალს არ აუნაზღაურდება (თუ ხელშეკრულებით სხვა წესი არ არის გათვალისწინებული).

 

 

 

სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულების რეგისტრაციის წესი და პირობები

სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულების საფუძველზე საკუთრების უფლების წარმოშობის, ცვლილების და შეწყვეტის რეგისტრაციისათვის, დაინტერესებულმა პირმა (მარჩენალმა ან სარჩენმა) უნდა მიმართოს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურს, იუსტიციის სახლს, ნოტარიუსს ან სხვა ავტორიზებულ პირს.

 

სარეგისტრაციოდ წარსადგენი დოკუმენტები:

  1. განცხადება (აღნიშნული ივსება შესაბამის ელექტრონულ პროგრამაში უშუალოდ დოკუმენტების მიმღები ოპერატორის მიერ);
  2. დაინტერესებული პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
  3. სანოტარო წესით დამოწმებული სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულება უძრავი ნივთის გადაცემის თაობაზე;
  4. სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულების საფუძველზე საკუთრების უფლების ცვლილების ან შეწყვეტის რეგისტრაციისას – სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულებაში ცვლილების ან მისი შეწყვეტის დამადასტურებელი დოკუმენტი;
  5. მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი – 50 ლარი (4 სამუშაო დღის ვადაში).

შესაძლებელია ასევე დაჩქარებული მომსახურების განხორციელებაც. ამ შემთხვევაში მომსახურების საფასურის და ვადები შემდეგნაირია:

  • განცხადების შეტანის დღეს – 200 ლარი;
  • ერთ სამუშაო დღეში – 150 ლარი.

სარეგისტრაციო ვადის ათვლა იწყება განცხადების შეტანის/რეგისტრაციის მომდევნო დღეს და მთავრდება ვადის ბოლო დღის გასვლასთან ერთად. თუ ვადის ბოლო დღე ემთხვევა უქმე ან დასვენების დღეებს, ვადის ბოლო დღეს წარმოადგენს მომდევნო სამუშაო დღე.

 

სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულებაზე უარის თქმა

როგორც მარჩენალს, ისე სარჩენს შეუძლიათ უარი თქვან სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულებაზე, თუკი სახელშეკრულებო მოვალეობათა დარღვევის შედეგად მხარეთა შორის ურთიერთობა აუტანელი გახდა, ანდა სხვა არსებითი მიზეზები უკიდურესად აძნელებს ან შეუძლებელს ხდის მის გაგრძელებას. მაგალითად, მოვალეობის შეუსრულებლობად შეიძლება ჩაითვალოს მარჩენალის მიერ სარჩენისათვის სარჩოს დროულად გადაუხდელობა. ეპიზოდური დარღვევები, რომლებიც შემთხვევითი ხასიათისაა, არსებით გავლენას არ ახდენენ მხარეთა ინტერესებზე, მათი აცილება მომავალში შესაძლებელია და ამიტომ მათ არ უნდა გამოიწვიონ ხელშეკრულების მოშლა.

 

სახელშეკრულებო მოვალეობათა დარღვევა

სახელშეკრულებო მოვალეობათა დარღვევა ისეთი უნდა იყოს, რომ მხარეთა შორის ურთიერთობა აუტანელი გახდეს. ერთ-ერთ საქმეზე სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მარჩენალმა დაარღვია მხარეთა შორის დადებული სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულების პირობები, რაც იმაში გამოიხატებოდა, რომ იგი თავს არიდებდა სარჩენის უზრუნველყოფას სრულფასოვანი კვებით, მოვლითა და მკურნალობით.

 

სხვა არსებითი ხასიათის მიზეზები, რომლებიც უკიდურესად აძნელებს ან შეუძლებელს ხდის ხელშეკრულების გაგრძელებას

რაც შეეხება სხვა არსებითი ხასიათის მიზეზებს, რომლებიც უკიდურესად აძნელებს ან შეუძლებელს ხდის ხელშეკრულების გაგრძელებას, ეს შეიძლება იყოს, მაგალითად, მარჩენალის მატერიალური ან ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება, რის გამოც მას აღარ შეუძლია სარჩო იხადოს. ერთ-ერთ საქმეზე სარჩენი ითხოვდა ხელშეკრულების შეწყვეტას მიუხედავად იმისა, რომ მარჩენალის მატერიალური ან ჯანმრთელობის მდგომარეობა არ გაუარესებულა და სარჩოს გადახდის შესაძლებლობაც ჰქონდა. სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 949-ე მუხლის პირველი ნაწილით და მიიჩნია, რომ მოპასუხეს (მარჩენალს) სახელშეკრულებო ვალდებულებები არ დაურღვევია, რის გამოც მოსარჩელეს (სარჩენს) უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებისა და სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულების შეწყვეტაზე.

 

უძრავი ქონება ხელშეკრულების შეწყვეტისას

გადაცემული უძრავი ქონება ხელშეკრულების შეწყვეტისას უბრუნდება სარჩენს, ხოლო ხელშეკრულების შეწყვეტამდე გაწეული ხარჯები მარჩენალს არ აუნაზღაურდება, თუ ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

 

მოძრავი ქონების ბედი ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში

თუ ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, კანონი ითვალისწინებს სარჩენისათვის მხოლოდ უძრავი ქონების დაბრუნებას, ხოლო მოძრავი ქონება კი რჩება მარჩენალს. ერთ-ერთ საქმეზე სასამართლომ მიუთითა, რომ ვინაიდან მხარეთა შორის შეწყდა სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულება, ამიტომაც მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს მარჩენალისათვის გადაცემული საცხოვრებელი ბინა და იგი საკუთრების უფლებით საჯარო რეესტრში აღირიცხოს მოსარჩელის (სარჩენის) სახელზე.

 

ხელშეკრულების შეწყვეტამდე გაწეული ხარჯები

ხელშეკრულების შეწყვეტამდე გაწეულ ხარჯები მარჩენალს არ აუნაზღაურდება, თუკი ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული; მაგალითად, ხელშეკრულებაში შეიძლება იქნეს მითითებული, რომ თუკი ხელშეკრულება ვადამდე შეწყდება იმის გამო, რომ სარჩენმა მიაყენა მარჩენალს შეურაცხყოფა, ან გამოიჩინა აშკარა უმადურობა, რაც აუტანელს ხდის მათ შორის ურთიერთობას და გამორიცხავს სახელშეკრულებო ურთიერთობათა შემდგომ გაგრძელებას, ასეთ შემთხვევაში მარჩენალს უფლება აქვს მოითხოვოს ხელშეკრულების შეწყვეტამდე გაწეული ხარჯების ანაზღაურება.

 

 

 

მაგალითები

 

  1. არჩილსა და ოჯახის ახლობელ დავითს შორის დაიდო სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულება. აღნიშნული ხელშეკრულებით დავითი კისრულობდა არჩილის მიმართ სამისდღეშიო სარჩოს გადახდას, რაც გამოიხატებოდა მის მოვლა-პატრონობაში. არჩილმა აიღო ვალდებულება, დავითისთვის გაწეული მოვლა-პატრონობის სანაცვლოდ, გადაეცა მის საკუთრებაში არსებული ერთოთახიანი ბინა. აღნიშნული ხელშეკრულება გააფორმეს წერილობითი სახით. დავითი არ ასრულებს ნაკისრ ვალდებულებას.
  • აქვს თუ არა არჩილს ხელშეკრულებიდან გამომდინარე, კანონიერი საფუძველი იმისა, რომ დავითს მოსთხოვოს მათ შორის დადებული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება?

პასუხი

არა, რადგან არჩილსა და დავითს შორის დადებული სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულება, რომელიც ითვალისწინებს უძრავი ქონების გადაცემას, უნდა დამოწმებულიყო სანოტარო წესით, ხოლო ამ წესის დაუცველობა იწვევს აღნიშნული ხელშეკრულების არანამდვილობას.

 

  1. პაპა უშანგის და ნოდარს შორის დაიდო სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულება, აღნიშნული ხელშეკრულებით ნაკისრი მოვალეობის შესაბამისად, ნოდარი ყოველდღიურად ზრუნავდა უშანგის გამოსაკვებად. აღნიშნულიდან გამომდინარე და იმის გათვალისწინებით, რომ ნოდარის მცირეწლოვანი ბავშვები დარჩნენ სარჩოს გარეშე, ნოდარის (მარჩენალის) მეუღლემ მიმართა სასამართლოს უშანგისა და ნოდარს შორის გაფორმებული ხელშეკრულების მოშლის მოთხოვნით.
  • აქვს თუ არა მარჩენალის (ნოდარის) მეუღლეს ამგვარი მოთხოვნის უფლება?

პასუხი

ნოდარის მეუღლეს (ბავშვების დედას) უფლება აქვს, მიმართოს სასამართლოს სარჩელით და მოითხოვოს უშანგისა და ნოდარს შორის დადებული ხელშეკრულების მოშლა, ვინაიდან, კანონის თანახმად, სამისდღეშიო სარჩოს გადახდა შეიძლება საცილო გახადონ სხვა პირებმა, რომელთაც ჰქონდათ კანონიერი უფლება, მიეღოთ სარჩო მარჩენალისაგან, მაგრამ ვერ მიიღეს იმის გამო, რომ მარჩენალი იხდის სამისდღეშიო სარჩოს. გამომდინარე იქიდან, რომ ნოდარის შვილებს აქვთ კანონიერი უფლება, მიიღონ სარჩო მამისგან, მათ აქვთ უშანგისა და ნოდარს შორის დადებული ხელშეკრულების მოშლის მოთხოვნის უფლება.

 

  1. მეზობლად მცხოვრებმა ი. ანთიძემ და ლ. ტეფნაძემ გააფორმეს სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულება. ი. ანთიძემ ლ. ტეფნაძეს გადაუფორმა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, აღნიშნულზე მხარეებმა შეადგინეს ხელშეკრულება და დაამოწმეს სანოტარო წესით. ხელშეკრულების გაფორმებიდან სამი წლის შემდეგ, ფინანსური კრიზისის გამო,
    ლ. ტეფნაძემ მისთვის გადმოცემული ბინა ბანკში დატვირთა იპოთეკით, მიუხედავად იმისა, რომ სარჩენი ი. ანთიძე ამის წინააღმდეგი იყო.
  • ჰქონდა თუ არა ი. ტეფნაძეს სარჩენის მიერ გადაცემული ქონების იპოთეკით დატვირთვის უფლება?

პასუხი

არა, ვინაიდან სარჩენის სიცოცხლეში, მარჩენალს უფლება არ აქვს გაასხვისოს, დააგირაოს ან სხვაგვარად დატვირთოს გადაცემული ქონება სარჩენის წერილობითი თანხმობის გარეშე. მარჩენალის ვალების გამო გადახდევინების მიქცევა ამ ქონებაზე დაუშვებელია.

 

  1. ა. თევზაძეს გაფორმებული ჰქონდა სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულება მისი მეგობრის შვილთან, გ. არველაძესთან. მიუხედავად იმისა, რომ გ. არველაძე უახლოესი ოჯახის შვილი იყო, ის არ იცავდა ხელშეკრულების პირობებს, სისტემატიურად არღვევდა სარჩოს გადახდის შეთანხმებულ ვადას. ამის გამო, ა. თევზაძის მოთხოვნით, შეწყდა სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულება. გ. არველაძემ, ა. თევზაძეს დაუბრუნა გადაცემული უძრავი ქონება, მაგრამ მოითხოვა იმ ხარჯების დაბრუნება, რომელიც ხელშეკრულების შეწყვეტამდე გასწია
    ა. თევზაძის სასარგებლოდ.
  • არის თუ არა ვალდებული ა. თევზაძე, გადაუხადოს გ. არველაძეს ხელშეკრულების შეწყვეტამდე გაწეული ხარჯები?

პასუხი

როგორც მარჩენალს, ისე სარჩენს შეუძლიათ უარი თქვან სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულებაზე, თუკი სახელშეკრულებო მოვალეობათა დარღვევის შედეგად მხარეთა შორის ურთიერთობა აუტანელი გახდა ანდა სხვა არსებითი მიზეზები უკიდურესად აძნელებს ან შეუძლებელს ხდის მის გაგრძელებას. მათ შორის, მოვალეობის შეუსრულებლობად შეიძლება ჩაითვალოს მარჩენალის მიერ სარჩენისათვის სარჩოს დროულად გადაუხდელობა და ა. შ. გადაცემული უძრავი ქონების დაბრუნების ნაწილში არველაძის ქმედება სამართლიანია, ხოლო ხელშეკრულების შეწყვეტამდე გაწეული ხარჯების დაბრუნების ნაწილში არ არის კანონიერი, თუ ხელშეკრულებით სხვა რამ არ იყო გათვალისწინებული.

 

  1. სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულების ვადის გასვლამდე, შემთხვევით (ხანძრის გამო) დაიღუპა სარჩენის რ. ქებაძის მიერ მარჩენალ თ. ტაბატაძისთვის გადაცემული ქონება. თ. ტაბატაძემ სარჩენისგან მოითხოვა, შემთხვევით დაღუპული ქონების სანაცვლო ქონება, წინააღმდეგ შემთხვევაში, უარი განაცხადა სამისდღეშიო სარჩოს გადახდაზე. სასამართლომ არ გაიზიარა თ. ტაბატაძის მოთხოვნა და მას დააკისრა სარჩოს გადახდა.
  • აქვს თუ არა უფლება სასამართლოს უარი ეთქვა თ. ტაბატაძისთვის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე?

პასუხი

დიახ, სასამართლოს ჰქონდა უფლება უარი ეთქვა თ. ტაბატაძის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე, ვინაიდან, კანონის თანახმად, სარჩენის მიერ გადაცემული ქონების შემთხვევით დაღუპვა ან დაზიანება არ ათავისუფლებს მარჩენალს სარჩოს გადახდისაგან.

მსგავსი ამბები

ემოციური და ქცევითი პრობლემები ხანდაზმულებში

  რჩევები ხანდაზმულებთან მომუშავე პერსონალს   ხანდაზმულებში გვხვდება ზოგადი ქცევითი პრობლემები, რაც იწვევს დისფორიას, ახდენს გავლენას მათ...

კვება – ზოგადი რეკომენდაციები

კვებასთან დაკავშირებული ზოგადი რეკომენდაციები   საკვები უნდა იყოს მრავალფეროვანი და შეიცავდეს ცილებს (15%), ცხიმებს (30%, 2...