ქონების ჩუქება

 

ქართულ რეალობაში ძალიან ხშირია პაპა-ბებიების (ხანდაზმული ადამიანების) მიერ ოჯახის წევრებისთვის ან ნათესავებისთვის უძრავი ქონების ჩუქების შემთხვევები. ჩვენდა სამწუხაროდ, ასევე ხშირად ხდება ჩუქების ხელშეკრულების გაუქმება მაშინ, როდესაც დასაჩუქრებული მძიმე შეურაცხყოფას მიაყენებს ან დიდ უმადურობას გამოიჩენს მჩუქებლის მიმართ.

 

რა არის ჩუქება

ჩუქება არის ურთიერთობა ორ მხარეს (მჩუქებელსა და დასაჩუქრებულს) შორის, რა დროსაც მჩუქებელი უსასყიდლოდ გადასცემს დასაჩუქრებულს ქონებას საკუთრებად მისი თანხმობით.

აღსანიშნავია, რომ პირს უფლება არ აქვს, გააჩუქოს ქონება, თუ ქონების გაჩუქება საარსებო წყაროს უსპობს მჩუქებელს ან მის კმაყოფაზე მყოფ პირებს.

ასევე, არ შეიძლება ჩუქების ხელშეკრულების დადება სამეურვეო (სამზრუნველო) პირის სახელით.

თუ მჩუქებელი ბოროტი განზრახვით დამალავს გაჩუქებული ქონების ნაკლს, იგი ვალდებულია, დასაჩუქრებულს აუნაზღაუროს ამით მიყენებული ზიანი.

რაც შეეხება საჩუქრის დაპირებას, იგი მხოლოდ იმ შემთხვევაში წარმოშობს ჩუქების ვალდებულებას, თუ წერილობითი ფორმითაა დადებული.

უძრავ ნივთზე ჩუქების ხელშეკრულება დადებულად ითვლება ხელშეკრულებით განსაზღვრული საკუთრების უფლების საჯარო რეესტრში რეგისტრაციის მომენტიდან.

ჩუქების ხელშეკრულება შესაძლებელია დაიდოს როგორც სანოტარო წესით, ასევე მარტივი წერილობითი ფორმით. ამ უკანასკნელ შემთხვევაში, ხელშეკრულებაზე მხარეთა ხელმოწერა მოწმდება იუსტიციის სახლის ან საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს უფლებამოსილი პირის მიერ.

მხარეებს შეუძლიათ დაადგინონ, რომ ჩუქების ხელშეკრულების ნამდვილობა დამოკიდებულია ამა თუ იმ პირობის შესრულებაზე ან განსაზღვრული მიზნის მიღწევაზე. ეს მიზანი შეიძლება იყოს საერთო-სასარგებლოც (შეწირულობა). თუ დასაჩუქრებული პირობას არ შეასრულებს, მაშინ მჩუქებელს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე.

 

ჩუქების ხელშეკრულების რეგისტრაციის წესი

ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე საკუთრების უფლების წარმოშობის, ცვლილების და შეწყვეტის რეგისტრაციისათვის, დაინტერესებულმა პირმა (მჩუქებელმა ან დასაჩუქრებულმა) უნდა მიმართოს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურს, იუსტიციის სახლს, ნოტარიუსს ან სხვა ავტორიზებულ პირს.

 

ჩუქების ხელშეკრულების სარეგისტრაციოდ წარსადგენი დოკუმენტები

განცხადება (აღნიშნული ივსება შესაბამის ელექტრონულ პროგრამაში უშუალოდ დოკუმენტების მიმღები ოპერატორის მიერ);

დაინტერესებული პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

სათანადო წესით დამოწმებული ჩუქების ხელშეკრულება.

ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე საკუთრების უფლების ცვლილების და შეწყვეტის რეგისტრაციისას – შეთანხმება ჩუქების ხელშეკრულებაში ცვლილების ან ჩუქების გაუქმების დამადასტურებელი დოკუმენტი.

 

მომსახურებასთან დაკავშირებული ხარჯები

მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი – 50 ლარი (4 სამუშაო დღის ვადაში)

შესაძლებელია ასევე დაჩქარებული მომსახურების განხორციელებაც. ამ შემთხვევაში მომსახურების საფასურის და ვადები შემდეგნაირია:

განცხადების შეტანის დღეს – 200 ლარი

ერთ სამუშაო დღეში – 150 ლარი

 

სარეგისტრაციო ვადის ათვლა

სარეგისტრაციო ვადის ათვლა იწყება განცხადების შეტანის/რეგისტრაციის მომდევნო დღეს და მთავრდება ვადის ბოლო დღის 9.00 საათზე. ეს წესი არ ვრცელდება მომსახურების დაუყოვნებლივ და განცხადების შეტანის დღეს მიღების შემთხვევებზე.

თუ მომსახურება უნდა განხორციელდეს განაცხადის შეტანიდან 1 სამუშაო დღის ვადაში, სარეგისტრაციო ვადა დამთავრდება ვადის ბოლო დღის 9.00 საათზე იმ შემთხვევაში, თუ შესაბამისი მომსახურების მიღების თაობაზე განაცხადი შემოტანილია არაუგვიანეს 12.00 საათისა. ხოლო თუ განცხადება შემოტანილია დღის 12.00 საათის შემდეგ, ვადა დამთავრდება ვადის ბოლო დღის გასვლასთან ერთად.~

თუ ვადის ბოლო დღე ემთხვევა უქმე ან დასვენების დღეებს, ვადის ბოლო დღეს წარმოადგენს მომდევნო სამუშაო დღე.

 

ჩუქების ხელშეკრულების გაუქმება

იგი შეიძლება გაუქმდეს, თუ დასაჩუქრებული მძიმე შეურაცხყოფას მიაყენებს ან დიდ უმადურობას გამოიჩენს მჩუქებლის ან მისი ახლო ნათესავის მიმართ. თუ ჩუქება გაუქმდება, მაშინ გაჩუქებული ქონება შეიძლება გამოთხოვილ იქნეს მჩუქებლის მიერ.

ჩუქება შეიძლება გაუქმდეს ერთი წლის განმავლობაში მას შემდეგ, რაც მჩუქებელი შეიტყობს იმ გარემოების შესახებ, რომელიც მას ჩუქების გაუქმების უფლებას აძლევს.

არსებობს კიდევ ერთი გარემოება, როდესაც შესაძლოა გაჩუქებული ნივთის უკან გამოთხოვა. კერძოდ, თუ ჩუქების შემდეგ მჩუქებელი მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა და არ შეუძლია საკუთარი თავის ან მის კმაყოფაზე მყოფი პირების რჩენა, მას უფლება აქვს დასაჩუქრებულს მოსთხოვოს გაჩუქებული ნივთი, თუ ეს უკანასკნელი რეალურად არსებობს და დაბრუნება დასაჩუქრებულს არ ჩააყენებს მძიმე მდგომარეობაში. ამასთან, აღსანიშნავია, რომ გაჩუქებული ნივთის გამოთხოვა არ შეიძლება, თუ გამჩუქებელმა განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით ჩაიგდო თავი მძიმე მდგომარეობაში.

 

შეურაცხყოფა და უმადურობა

ერთერთ საქმეზე თბილისის სააპელაციო სასამართლომ განჩინებაში განმარტა, რომ მოსარჩელის განსასაზღვრია, რომელ ქმედებას მიიჩნევს უმადურობად ან შეურაცხყოფად, თუმცა, კონკრეტული ფაქტი წარმოადგენს თუ არა ისეთი სახის შეურაცხყოფას ან უმადურობას, რაც ჩუქების გაუქმებას შეიძლება დაედოს საფუძვლად, სასამართლოს შეფასების საგანია და არა თავად მოსარჩელის. სასამართლომ მხარეთა ურთიერთდამოკიდებულების, მათი შეხედულებების, თავად ქმედების შეფასების, ასევე, კონკრეტულ საზოგადოებაში არსებული წეს-ჩვეულებებისა და დამკვიდრებული მოსაზრებების გათვალისწინებით უნდა განსაზღვროს, იჩენს თუ არა დასაჩუქრებული უმადურობას გამჩუქებლის მიმართ ან არის თუ არა მისი ქმედება შეურაცხმყოფელი. ამ შემთხვევაში, მნიშვნელოვანია თავად მხარის სუბიექტური დამოკიდებულება კონკრეტული ქმედების მიმართ, მაგრამ გადამწყვეტი ამ ქმედების შეფასებაა, იმ თვალსაზრისით, რომ სამოქალაქო კოდექსის 529-ე მუხლიდან გამომდინარე, დასაჩუქრებულის არა ყოველგვარი გასაკიცხი ქმედება იძლევა ჩუქების გაუქმების საფუძველს, არამედ მხოლოდ მძიმე შეურაცხყოფა და დიდი უმადურობა.

 

ჩუქების ხელშეკრულების რეგისტრაცია წარმომადგენლის მეშვეობით

თუ დაინტერესებულ პირს რეგისტრაციის განხორციელება სურს არა პირადად, არამედ წარმომადგენლის მეშვეობით, ასეთ შემთხვევაში დამატებით უნდა იქნეს წარმოდგენილი სათანადო წესით დამოწმებული წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტი და წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი.

 

ჩუქების ხელშეკრულებით მიღებული უძრავი ქონების დაბეგვრა

დასაჩუქრებული დაიბეგრება საჩუქრად მიღებული უძრავი ქონების ღირებულების 20%–ით, გარდა იმ შემთხვევისა, თუ ის არის მჩუქებლის პირველი ან მეორე რიგის მემკვიდრე (შვილი, მეუღლე, მშობელი, და-ძმა). ხოლო თუ დასაჩუქრებული არის მჩუქებლის მესამე ან მეოთხე რიგის მემკვიდრე (ბებია, პაპა, ბიძა, დეიდა, მამიდა), იგი დაიბეგრება იმ შემთხვევაში, თუ საჩუქრად მიღებული უძრავი ქონების ღირებულება არის 150 000 ლარი ან მეტი.

 

 

მაგალითები

 

  1. ანდრია პაპამ შვილიშვილ ირაკლის აჩუქა ანტიკვარული საათი. ირაკლიმ მძიმე შეურაცხყოფა მიაყენა პაპას, საათის ჩუქებიდან 6 თვის შემდეგ. შვილიშვილის მიერ შეურაცხყოფილმა პაპა ანდრიამ მოითხოვა მის მიერ გაჩუქებული ქონების უკან დაბრუნება. ირაკლი წინააღმდეგია პაპას დაუბრუნოს ნაჩუქარი ნივთი.
  • აქვს თუ არა პაპას გაჩუქებული ქონების უკან დაბრუნების მოთხოვნის უფლება?

პასუხი

ანდრია პაპას შეუძლია მოსთხოვოს ირაკლის ნაჩუქარი საათის დაბრუნება, ვინაიდან მან მძიმე შეურაცხყოფა მიაყენა ანდრია პაპას. კანონის თანახმად, თუ ჩუქება გაუქმდება, მაშინ გაჩუქებული ქონება შეიძლება გამოთხოვილი იქნეს. უნდა აღინიშნოს, რომ ჩუქება შეიძლება გაუქმდეს ერთი წლის განმავლობაში მას შემდეგ, რაც მჩუქებელი შეიტყობს იმ გარემოების შესახებ, რომელიც მას ჩუქების გაუქმების უფლებას აძლევს.

 

  1. შ. ვიბლიანი დაჰპირდა შორეულ ნათესავს კ. ხაბაზს, რომ ნათლისღების დღესასწაულისთვის აჩუქებდა ანტიკვარულ კარადას, ამასთან, გაუფორმა მარტივი წერილობითი ფორმის ხელშეკრულება, რომელიც ხელმოწერით დაადასტურა ორივე მხარემ, თუმცა, შ. ვიბლიანმა არ შეასრულა დანაპირები.
  • აქვს თუ არა უფლება კ. ხაბაზს, მოითხოვოს დანაპირების შესრულება?

პასუხი

დიახ, ვინაიდან საჩუქრის დაპირება მხოლოდ იმ შემთხვევაში წარმოშობს ჩუქების ვალდებულებას, თუ იგი წერილობითი ფორმითაა დადებული.

 

  1. ალეკომ მეზობელ გოგას აჩუქა ხელსაწყო საოჯახო საქმეების შესასრულებლად. აღმოჩნდა, რომ ხელსაწყოს ჰქონდა ნაკლი, რის გამოც ელექტროსადენზე მიერთებისას გაუჩნდა ცეცხლი და დაიწვა გოგას სახელოსნო. ალეკომ ხელსაწყოს ნაკლის შესახებ იცოდა, იგი მოქმედებდა ბოროტი განზრახვით.
  • შეუძლია თუ არა გოგას, ალეკოსგან მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება?

პასუხი

დიახ, ვინაიდან ალეკომ ბოროტი განზრახვით დამალა გაჩუქებული ქონების ნაკლი, იგი ვალდებულია აუნაზღაუროს გოგას მიყენებული ზიანი.

მსგავსი ამბები

ემოციური და ქცევითი პრობლემები ხანდაზმულებში

  რჩევები ხანდაზმულებთან მომუშავე პერსონალს   ხანდაზმულებში გვხვდება ზოგადი ქცევითი პრობლემები, რაც იწვევს დისფორიას, ახდენს გავლენას მათ...

კვება – ზოგადი რეკომენდაციები

კვებასთან დაკავშირებული ზოგადი რეკომენდაციები   საკვები უნდა იყოს მრავალფეროვანი და შეიცავდეს ცილებს (15%), ცხიმებს (30%, 2...