ფსიქოაქტიური ნივთიერებების, განსაკუთრებით, ალკოჰოლის და ექიმის დანიშნულებით გაცემული მედიკამენტების, ავადმოხმარება ხანდაზმული ადამიანების მიერ ერთ-ერთი მზარდი პრობლემაა ჯანდაცვის სფეროში. ხანდაზმულებში ფსიქოაქტიური ნივთიერებების ავადმოხმარების გამოვლენას ხშირად ხელს უშლის ის ფაქტი, რომ მათ აქვთ თანდართული სამედიცინო ან ქცევითი აშლილობები (მაგალითად, დეპრესია, დიაბეტი, დემენცია და ა. შ.), რომლის სიმპტომებიც ჰგავს ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარების სიმპტომებს.
30%
აშშ-ში 65 წელს ზევით მყოფი ადამიანების დაახლოებით 30%-ს ექიმის მიერ დანიშნული აქვს ფსიქოტროპული მედიკამენტი
წყარო: ალკოჰოლიზმისა და წამალდამოკიდებულების ეროვნული საბჭო
17%
აშშ-ში 65 წელს ზევით მყოფი ადამიანების 17% ავადმოიხმარს ექიმის დანიშნულებით გაცემულ ფსიქოტროპულ მედიკამენტებს
წყარო: ალკოჰოლის და წამლების ავადმოხმარების სერვისები
ფსიქოაქტიური ნივთიერებების მომხმარებელი ხანდაზმული ადამიანები 2 კატეგორიად იყოფიან: მოხმარების ადრეული დამწყებები – ისეთი ხანდაზმული ადამიანები, რომლებსაც აქვთ ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარების დიდი ისტორია და ხანდაზმულობის პერიოდშიც აგრძელებენ მოხმარებას, და მოხმარების გვიანი დამწყებები – ისეთი ხანდაზმული ადამიანები, რომლებიც მოხმარებას იწყებენ მოგვიანებით, ხშირად, მათთვის მატრავმირებელი მოვლენის შემდეგ. ასეთი ფაქტორი შეიძლება იყოს:
- პენსიაზე გასვლა;
- ქორწინების რღვევა;
- სოციალური იზოლაცია;
- ოჯახის წევრის, მეუღლის, მეგობრის ან შინაური ცხოველის გარდაცვალება;
- შემოსავლის დაკარგვა ან სხვა სახის ფინანსური პრობლემა;
- მოხუცთა თავშესაფარში ან სხვა სახის მზრუნველობით დაწესებულებებში გადასვლა;
- ძილის პრობლემები;
- ოჯახური კონფლიქტი;
- ფსიქიკური ან ფიზიკური პრობლემები (დეპრესია, მეხსიერების დაკარგვა, მნიშვნელოვანი ქირურგიული ჩარევა და სხვა).
ფსიქოაქტიური ნივთიერებების ავადმოხმარება ხანდაზმულებში განსაკუთრებით სახიფათოა, რადგან 65 წელს ზემოთ მყოფი ადამიანების ორგანიზმის უნარი, მოახდინოს ალკოჰოლის ან ნარკოტიკის მეტაბოლიზმი, შემცირებულია. ამას თან ერთვის ტვინის გაზრდილი მგრძნობელობა ფსიქოაქტიურ ნივთიერებებზე. ეს ფაქტი 65 წელს ზევით ადამიანებისთვის სახიფათოს ხდის ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარებასაც კი, არა მხოლოდ მასზე დამოკიდებულებას.
მიუხედავად იმისა, რომ ხანდაზმულებში რთულია შეამჩნიოთ ფსიქოაქტიურ ნივთიერებებზე დამოკიდებულების გაჩენის ნიშნები, მნიშვნელოვანია, ყურადღება მიაქციოთ უჩვეულო მახასიათებლებს.
ფსიქოაქტიური ნივთიერებების ავადმოხმარების და
მათზე დამოკიდებულების გაჩენის ნიშნები
ფიზიკური სიმპტომები
- დაცემა, სისხლჩაქცევა და დამწვრობა;
- ცუდი ჰიგიენა და თვითმოვლის დაქვეითებული უნარები;
- თავის ტკივილი;
- არათანმიმდევრულობა;
- ეფექტის მისაღწევად ალკოჰოლის ან მედიკამენტების ჩვეულ რაოდენობაზე მეტის მიღება, ან უჩვეულო რეაქცია მედიკამენტის მიღების შემდეგ;
- ცუდი კვება;
- დაუდგენელი წარმოშობის გულყრები;
- თავბრუსხვევა;
- სენსორული დეფიციტი (მაგ., ყნოსვის, შეხების და ა. შ.);
- გონების დაკარგვა;
- ქრონიკული ტკივილი.
კოგნიტური სიმპტომები
- დეზორიენტაცია;
- მეხსიერების კარგვა;
- გადაწყვეტილების მიღების გართულება;
- ზოგადი კოგნიტური უნარების დაქვეითება (აღქმა, აზროვნება, ყურადღება…).
ფსიქიკური სიმპტომები
- ძილის პრობლემები ან გამოხატული უძილობა;
- შფოთვა;
- დეპრესია;
- განწყობის გადაჭარბებული ცვალებადობა.
სოციალური სიმპტომები
- ოჯახური პრობლემები;
- ფინანსური პრობლემები;
- იურიდიული პრობლემები;
- სოციალური იზოლაცია;
- მედიკამენტის მარაგის ამოწურვა მოსალოდნელზე ადრე;
- მედიკამენტის თხოვება სხვებისგან.
სუიციდი
სუიციდის შემთხვევები გავრცელებულია ხანდაზმულებში, განსაკუთრებით კი კაცებში. ნარკოტიკის მოხმარებით გამოწვეული აშლილობები, განსაკუთრებით კი ალკოჰოლიზმი, დეპრესიის შემდეგ მეორე ადგილასაა იმ ფსიქიკურ პრობლემებს შორის, რომლებიც გახდნენ სუიციდის მიზეზი ხანდაზმულებში.