ხანდაზმულები ხშირი და რეგულარული მომხმარებლები არიან როგორც ექიმის დანიშნულებით გაცემული ფსიქოტროპული მედიკამენტების, ასევე რეცეპტის გარეშე გაცემული წამლების. ექიმის დანიშნულებით გაცემული ფსიქოტროპული მედიკამენტების მესამედის მოხმარება სწორედ 65 წელს ზევით ასაკის ადამიანზე მოდის. ისინი ხშირად მოიხმარენ ბენზოდიაზეპინებს (დამამშვიდებლები) და ოპიოიდურ ანალგეტიკებს (ნარკოტიკული ტკივილგამაყუჩებლები). ხანდაზმული ქალები არიან რისკ-ჯგუფი, რომლებსაც უფრო მეტად ახასიათებთ ექიმის დანიშნულებით გაცემული ფსიქოაქტიური მედიკამენტების ავადმოხმარება, ვიდრე კაცებს ან სხვა ასაკობრივი ჯგუფის წარმომადგენელ ქალებს. ამ ჯგუფში პრობლემის გამოვლენა განსაკუთრებით რთულია.
ხანდაზმულებში ექიმის მიერ დანიშნული ფსიქოტროპული მედიკამენტების ავადმოხმარება შესაძლოა იყოს გამოწვეული გაუცნობიერებლად. ეს ხდება მაშინ, როცა ექიმის მიერ არ ხდება მედიკამენტის მიღების რეგულარული მონიტორინგი ან გამოწერილია რამდენიმე მედიკამენტი, რომელთა შერევასაც არასასურველი ეფექტი აქვს. ამდენად, ექიმის მიერ დანიშნული ფსიქოტროპული მედიკამენტის ავადმოხმარება ხანდაზმულს შესაძლოა განუვითარდეს უნებლიედ, ან იმის შედეგად, რომ განზრახ იღებს უფრო მაღალი დოზით ან უფრო ხშირად, ვიდრე ექიმის დანიშნულებაში არის მითითებული.
ტოლერანტობა (ჩვეული ეფექტის მისაღწევად საჭირო დოზის მატება) და ფიზიკური დამოკიდებულება ვითარდება, როცა ექიმის დანიშნულ მედიკამენტს დიდი ხნის განმავლობაში იღებენ. ამასთან, მედიკამენტის მიღების შეწყვეტისთანავე ვლინდება აღკვეთის (ე. წ. „ლომკის“) სიმპტომები. როცა ხანდაზმული ადამიანი განზრახ არასწორად მოიხმარს მედიკამენტს, იგულისხმება, რომ ის შეგნებულად იღებს იმაზე მაღალ დოზას, ვიდრე ექიმმა დაუნიშნა, მოიხმარს დიდი ხნის განმავლობაში, აგროვებს მედიკამენტს და იღებს მას ალკოჰოლთან ერთად. 57-85 წლის 3,000 ხანდაზმულთან ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ხშირია ექიმის დანიშნულებით გამოწერილი, არასარეცეპტო მედიკამენტების და დიეტური დანამატების შერევა. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ხანდაზმულებს შეიძლება დაავიწყდეთ, რომ მიიღეს მედიკამენტი და მიიღონ ხელახლა, ან მიიღონ დიდი დოზით და ხშირად. კიდევ ერთი რისკი, რომელიც ამ მედიკამენტებს უკავშირდება, არის ხანდაზმულების მიერ რამდენიმე ექიმთან ვიზიტი, რომელიც იწვევს თითოეული ექიმის მიერ სხვადასხვა მედიკამენტის გამოწერას და მათ შერევას ერთმანეთთან, რაც სხვა მედიკამენტებთან ან ალკოჰოლთან ერთად შეიძლება სახიფათო იყოს.
ხანდაზმულებზე მედიკამენტების და არალეგალური ნარკოტიკების მოქმედება იმავე ბიოლოგიური მექანიზმით ხასიათდება, როგორიც ალკოჰოლის შემთხვევაშია. მაგალითად, ბენზოდიაზეპინებს (დამამშვიდებლები) და ოპიატებს (ნარკოტიკული ტკივილგამაყუჩებლები) ხანდაზმულების ორგანიზმი ახალგაზრდებისგან განსხვავებულად გადაამუშავებს. ბენზოდიაზეპინები ცხიმში ხსნადი წამლებია და რადგანაც ხანდაზმულებს ნაკლები კუნთოვანი და მეტი ცხიმოვანი მასა აქვთ, მათი მოქმედება უფრო ხანგრძლივია. ალკოჰოლი და მარიხუანა ზრდის ისეთი ნარკოტიკული საშუალებების სედაციურ ეფექტებს, როგორებიცაა ბარბიტურატები (საძილე საშუალებები), ბენზოდიაზეპინები (დამამშვიდებლები) და ოპიატები (ნარკოტიკული ტკივილგამაყუჩებლები). რადგანაც ბევრი ხანდაზმული იყენებს ექიმის მიერ დანიშნულ ან არასარეცეპტო მედიკამენტს, რათა მოაგვაროს ძილის ან ტკივილის პრობლემა, დამატებით ალკოჰოლის მოხმარება ზიანის რისკს ზრდის. ოპიოიდების და ბენზოდიაზეპინების შერევა განსაკუთრებით საშიშია და შესაძლოა გამოიწვიოს ზედოზირება, სუნთქვის ფუნქციის დათრგუნვა და სიკვდილი.