იურიდიული სამართალი არის სახელმწიფოს მიერ დადგენილი ქცევის წესების ერთობლიობა, რომელთა შესრულება სავალდებულოა და მათ შესრულებაზე კონტროლს ახორციელებს სახელმწიფო სხვადასხვა ინსტიტუტების მეშვეობით. ქცევის წესები წარმოდგენილია კანონებში, რომელებიც არეგულირებენ მნიშვნელოვან საზოგადოებრივ ურთიერთობებს, ხოლო ამ ურთიერთობების რეგულირებაში სამართლისა და მორალის, როგორც რეგულატორების, დანიშნულებაა, ზემოქმედება მოახდინოს და განსაზღვროს ადამიანთა ქცევები/საქციელები და ამით დაიცვას კონკრეტული ინდივიდების, სოციალური ჯგუფების ან მთლიანად საზოგადოების ინტერესები.
საქართველოს კონსტიტუცია ცნობს და იცავს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს, როგორც წარუვალ და უზენაეს ადამიანურ ღირებულებებს. აღსანიშნავია, რომ ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებებს შორის არ არის თვისობრივი განსხვავება, ორივე მათგანი ადამიანს, ინდივიდს, ანიჭებს გარკვეული ქმედებების განხორციელების შესაძლებლობას (მაგ., გამოხატვის თავისუფლება გვანიჭებს უფლებას, თავისუფლად გამოვთქვათ საკუთარი მოსაზრებები ისე, რომ ამისთვის არ დავისაჯოთ, ასევე, ვფლობდეთ და განვკარგავდეთ საკუთარ ქონებას და სხვა) ან იცავს რაიმე გარე ზემოქმედებისგან (მაგ., წამების აკრძალვა – არავის აქვს უფლება, მოგვაყენოს ფიზიკური ან ფსიქიკური ტანჯვა).
აღსანიშნავია, რომ ხანდაზმული ადამიანები ხშირად განიცდიან სხვადასხვა სახის სასტიკ მოპყრობას იმ ადამიანების მხრიდან, რომლებსაც ისინი ენდობიან. რიგ შემთხვევებში, სისასტიკე სისტემატიურ ხასიათს ატარებს. ხანდაზმული ადამიანების მიმართ სასტიკ მოპყრობას მრავალი ფორმა აქვს, მათ შორის, ფიზიკური, ფსიქოლოგიური, სექსუალური, ასევე ფინანსური და მატერიალური ძალადობა, მიტოვება, უგულებელყოფა და ღირსებისა და პატივისცემის მნიშვნელოვანი დაკარგვა. არსებული მოცემულობიდან გამომდინარე, სასურველია, ასაკოვანი ადამიანი ინფორმირებული იყოს იმ საკანონმდებლო რეგულაციების შესახებ, რომელიც მისცემს მას საშუალებას, საკუთარი ქონების უზრუნველყოფით მოიპოვოს მარჩენალი, გააჩუქოს, ხოლო მძიმე შეურაცხოფისა და უმადურობის შემთხვევაში, დაიბრუნოს გაჩუქებული ქონება, შრომისუნარიანი შვილებისგან და შვილიშვილებისგან მოითხოვოს მათი მოვალეობის შესრულება და, საჭიროების შემთხვევაში, ალიმენტის გადახდევინება, ოჯახის წევრის მიერ ძალადობის განხორციელების შემთხვევაში, იყოს დაცული მისი ჯანმრთელობა და უსაფრთხოება.