ჯანსაღი დაბერება – კაცები

 

ასაკთან ერთად ბევრი დაავადების განვითარების ალბათობა მატულობს, თუმცა, სიბერე თავისთავად არ ნიშნავს ავადმყოფობას. თითქმის ყველა დაავადება მეტ-ნაკლებად ემორჩილება კონტროლს, ამიტომ, მნიშვნელოვანია ხანდაზმულ ასაკში ჯანმრთელობისთვის მეტი ყურადღების მიქცევა.

 

 ჩაიტარეთ სკრინინგული კვლევები

სკრინინგულ კვლევებს იყენებენ დაავადებების აღმოსაჩენად, სანამ ისინი გამოავლენენ სიმპტომებს.

ზოგიერთი სკრინინგული კვლევა, მაგალითად, წნევის გაზომვა შეგიძლიათ ჩაიტაროთ ოჯახის ექი­მის ოფისში. სხვა კვლევები, მაგალითად, კოლონოსკოპია, საჭიროებს სპეციალურ ხელსაწყოებს და შეიძლება სხვა დაწესებულებაში წასვლა დაგჭირდეთ.

სკრინინგული ტესტის ჩატარების შემდეგ მნიშვნელოვანია იკითხოთ, როდის მიიღებთ პასუ­ხებს და ვინ გაგესაუბრებათ მათ შესახებ.

 

დეპრესია. თქვენი ემოციური ჯანმრთელობა ისევე მნიშვნელოვანია, როგორც ფი­ზიკური ჯანმრთე­ლობა. ჰკითხეთ ექიმს დეპრესიის სკრინინგის შესახებ, განსაკუთრებით იმ შემთხვე­ვაში, თუ ბოლო 2 კვირის განმავლობაში:

  • გქონდათ დაქვეითებული განწყობა, იყავით სევდიანი და უიმედო;
  • არ გაინტერესებდათ და არ ღებულობდით სიამოვნებას ჩვეული საქმიანობისგან.

 

დიაბეტი. ჩაიტარეთ დიაბეტის სკრინინგი, თუ თქვენ გაქვთ მაღალი წნევა ან ღებულობთ წნევის დამწევ საშუალებებს. დიაბეტმა შეიძლება გამოიწვიოს გულის, ტვინის, თვალე­ბის, ფეხების, თირკმლების, ნერვების და სხვა ორგანოთა პრობლემები.

 

მაღალი არტერიული წნევა. შეამოწმეთ თქვენი წნევა, სულ მცირე, წელიწადში ორჯერ. მაღალმა წნევამ შეიძლება გამოიწვიოს ინსულტი, გულის შეტევა, თირკმლის და თვალის პრობლემები, გულის უკმარისობა.

 

მომატებული ქოლესტეროლი. რეგულარულად შეამოწმეთ სისხლში ქოლესტეროლი. მისი მომატება ზრდის გულის დაავადების და ინსულტის რისკს, აუარესებს სისხლის მიმოქცევას.

 

მუცლის აორტის ანევრიზმა. თუ თქვენ ხართ 65-75 წლის და ოდესმე მოგიწევიათ (100 ან მეტი სიგარეტი სიცოცხლის განმავლობაში), ჩაიტარეთ მუცლის აორტის ანევრიზმის სკრინინგი. ეს არის გამობერილობა მუცლის აორტაზე, რაც შეიძლება გასკდეს და გამოიწვიოს მძიმე სისხლდენა ან სიკვდილი. სკრინინგული კვლევისთვის საკმარისია მუცლის ექოსკოპია.

 

მსხვილი ნაწლავის კიბო. თუ თქვენ ხართ 75 წლის ან უფრო ახალგაზრდა, მაშინ საჭიროებთ სკრი­ნინგულ ტესტს მსხვილი ნაწლავის კიბოს გამოსავლენად. იყენებენ განავლის ტესტს ან კოლო­ნოსკოპიას. თქვენი ოჯახის ექიმი გადაწყვეტს, რომელია თქვენ­თვის უკეთესი.

თუ თქვენ ხართ 76-85 წლის, ჰკითხეთ თქვენს ექიმს, გჭირდებათ თუ არა სკრინინგული ტეს­ტე­ბის გაგრძელება.

 

ფილტვის კიბო. ესაუბრეთ ექიმს ფილტვის კიბოს სკრინინგის შესახებ, თუ თქვენ ხართ 55-80 წლის ასაკობრივ ჯგუფში, გაქვთ თამბაქოს მოხმარების ხანგრძლივი ისტორია და ახლაც ეწევით ან შეწყვიტეთ თამბაქოს მოხმარება უკანასკნელი 15 წლის განმავლობაში. გახსოვდეთ, თამბაქოს მოხმარების შეწყვეტა არის საუკეთესო არჩევანი, რაც შეგიძლიათ გააკეთოთ თქვენი ჯან­მრთელობისთვის.

ფილტვის კიბოს აღმოსაჩენად ატარებენ გულმკერდის კომპიუტერულ ტო­მო­გრაფიას დაბალი დოზით.

C ჰეპატიტის ვირუსი (HCV). ჩაიტარეთ სკრინინგი HCV ინფექციაზე, თუ:

  • დაიბადეთ 1945-1965 წლებში;
  • ოდესმე მოიხმარდით არალეგალურ საინექციო ნარკოტიკებს;
  • გადაგისხამთ სისხლი 1992 წლამდე.

თუ თქვენ ამჟამადაც მოიხმართ საინექციო ნარკოტიკებს, მაშინ სკრინინგი უნდა ჩაიტაროთ რეგუ­ლარულად.

 

HIV (შიდსი). თუ თქვენ ხართ 65 წლის ან უფრო ახალგაზრდა, ჩაიტარეთ სკრინინგული კვლევა შიდსზე (HIV). თუ თქვენ ხართ 65 წელზე მეტი ასაკის, ჰკითხეთ ექიმს, გჭირდებათ თუ არა ამ დაავადების სკრინინგი.

 

ჭარბი წონა და სიმსუქნე. სიმსუქნის და ჭარბი წონის განსხვავებისთვის შეიმოწმეთ სხეულის მასის ინდექსი – სმი (სმი=წონა/(სიმაღლე)2).

სმი 18,5 – 25 ფარგლებში მიუთითებს ნორმალურ წონას, 30-ზე მეტი – სიმსუქნეს. თუ მსუქანი ხართ, მაშინ საჭიროა ინტენსიური კონსულტაციები ქცევისა და წონის შესაცვლელად. ჭარბი წინა და სიმ­სუქ­ნე იწვევს დიაბეტს და გულ-სისხლძარღვთა დაავადებებს.

 

თქვენ ყველაზე უკეთ იცნობთ თქვენს ორგანიზმს. ყოველთვის უთხარით თქვენს ექიმს ჯანმრთელობის ნებისმიერი ცვლილების შესახებ, მხედველობის და სმენის ჩათვლით. სთხოვეთ მას, შეამოწმოს ნებისმიერი მდგომარეობა, რაც თქვენ გაწუხებთ და არა მარტო ის, რაც აქ არის ჩამოთვლილი. მაგალითად, თუ თქვენ გეშინიათ ალცჰაიმერის დაავადების ან კანის კიბოს, უთხარით მას ამის შესახებ.

 

 

დალიეთ საპროფილაქტიკო მედიკამენტები, თუ გჭირდებათ

ასპირინი. თუ თქვენ ხართ 55 ან მეტი წლის, ჰკითხეთ ექიმს, უნდა მიიღოთ თუ არა ასპი­რი­ნი ინსულტის საპროფილაქტიკოდ.

D ვიტამინი დაცემის თავიდან ასაცილებლად. თუ თქვენ ხართ 65 ან მეტი წლის და დაცემულხართ უმიზეზოდ, ან გაქვთ სიარულის პრობლემები, ან წაქცევის რისკი, ჰკითხეთ ექიმს, დაგეხმარებათ თუ არა ვიტამინი D ამ რისკის შესამცირებლად. ვარჯიში და ფიზიკური თერაპია ასევე ძალიან მნიშვნელოვანია.

 

 

იმუნიზაცია

  • ჩაიტარეთ გრიპის აცრა ყოველწლიურად;
  • ჩაიტარეთ დიფთერიის, ტეტანუსის და ყივანახველის აცრა 10 წელიწადში ერთხელ;
  • თუ თქვენ ხართ 60 წელზე მეტი ასაკის, ჩაიტარეთ აცრა ჰერპეს ზოსტერზე;
  • თუ თქვენ ხართ 65 წელზე მეტი ასაკის, ჩაიტარეთ ფილტვების ანთების აცრა;
  • ჰკითხეთ ექიმს, გჭირდებათ თუ არა სხვა დამატებითი აცრები.

 

 

გადადგით ნაბიჯები ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად

  • იყავით ფიზიკურად აქტიური და ჭამეთ ჯანმრთელი საკვები.
  • მიაღწიეთ და შეინარჩუნეთ ჯანმრთელი წონა – დააბალანსეთ კალორიები, რა­საც ღებულობთ საჭმელ-სასმელით იმ კალორიებთან, რასაც წვავთ (ხარჯავთ) ფიზიკური აქტიურობით.
  • შეწყვიტეთ თამბაქოს მოხმარება – მიმართეთ სპეციალურ სამსახურს.
  • თუ ალკოჰოლს ღებულობთ, მიიღეთ დღეში ერთჯერადად. სტანდარტულად, დღიური დასა­შვები დოზაა 350გ ლუდი, 140გ ღვინო ან 40გ 40%-იანი სასმელი (არაყი, კონიაკი).

მსგავსი ამბები

შინმოვლის სტანდარტები

შინმოვლის სტანდარტები >> იხილეთ ბმული

შინმოვლის კონცეფცია

შინმოვლის კონცეფცია

შინმოვლის ტექნიკური რეგლამენტი

აღნიშნული დოკუმენტის მიზანია შინმოვლის მინიმალური სტანდარტების განსაზღვრა და შედეგად, შინმოვლის მომსახურების ხარისხის უზრუნველყოფის ხელშეწყობა. წინამდებარე...

საყოფაცხოვრებო-ტექნიკური ჩარევის კითხვარი

საყოფაცხოვრებო-ტექნიკური ჩარევის კითხვარი

ბართელის ინდექსი

ბართელის ინდექსი

შარდის შეკავება და შეუკავებლობა

საშარდე სისტემის სიმპტომები საშარდე სისტემის დარღვევებიდან ყველაზე ხშირია შარდის შეუკავებლობა და დიზურია. შეუკავებლობა მიზეზი: გარეთა საშარდე...