ჯანსაღი დაბერება – ქალები

ასაკთან ერთად ბევრი დაავადების განვითარების ალბათობა მატულობს, თუმცა, სიბერე თავისთავად არ ნიშნავს ავადმყოფობას. თითქმის ყველა დაავადება მეტ-ნაკლებად ემორჩილება კონტროლს, ამიტომ, მნიშვნელოვანია ხანდაზმულ ასაკში ჯანმრთელობისთვის მეტი ყურადღების მიქცევა.

 

 ჩაიტარეთ სკრინინგული კვლევები

სკრინინგულ კვლევებს იყენებენ დაავადებების აღმოსაჩენად, სანამ ისინი გამოავლენენ სიმპტომებს.

ზოგიერთი სკრინინგული კვლევა, მაგალითად, წნევის გაზომვა შეგიძლიათ ჩაიტაროთ ოჯახის ექი­მის ოფისში. სხვა კვლევები, მაგალითად, მამოგრაფია, საჭიროებს სპეციალურ ხელსაწყოებს და შეიძლება სხვა დაწესებულებაში წასვლა დაგჭირდეთ.

სკრინინგული ტესტის ჩატარების შემდეგ მნიშვნელოვანია იკითხოთ, როდის მიიღებთ პასუ­ხებს და ვინ გაგესაუბრებათ მათ შესახებ.

 

დეპრესია. თქვენი ემოციური ჯანმრთელობა ისევე მნიშვნელოვანია, როგორც ფი­ზიკური ჯანმრთე­ლობა. ჰკითხეთ ექიმს დეპრესიის სკრინინგის შესახებ, განსაკუთრებით იმ შემთხვე­ვაში, თუ ბოლო 2 კვირის განმავლობაში:

  • გქონდათ დაქვეითებული განწყობა, იყავით სევდიანი და უიმედო;
  • არ გაინტერესებდათ და არ ღებულობდით სიამოვნებას ჩვეული საქმიანობისგან.

 

დიაბეტი. ჩაიტარეთ დიაბეტის სკრინინგი, თუ თქვენ გაქვთ მაღალი წნევა ან ღებულობთ წნევის დამწევ საშუალებებს. დიაბეტმა შეიძლება გამოიწვიოს გულის, ტვინის, თვალე­ბის, ფეხების, თირკმლების, ნერვების და სხვა ორგანოთა პრობლემები.

 

მაღალი არტერიული წნევა. შეამოწმეთ თქვენი წნევა, სულ მცირე, წელიწადში ორჯერ. მაღალმა წნევამ შეიძლება გამოიწვიოს ინსულტი, გულის შეტევა, თირკმლის და თვალის პრობლემები, გულის უკმარისობა.

 

მომატებული ქოლესტეროლი. რეგულარულად შეამოწმეთ სისხლში ქოლესტეროლი, თუ:

  • მოიხმართ თამბაქოს;
  • გაქვთ ჭარბი წონა ან ხართ მსუქანი (იხ. „ჭარბი წონა და სიმსუქნე“);
  • გაქვთ გულის ან კორონარული არტერიების დაავადება;
  • თქვენს ახლო ნათესავ მამაკაცს ჰქონია გულის შეტევა 50 წლამდე ასაკში, ან ქალ ნათე­სავს – 60 წლამდე ასაკში.

 

ოსტეოპოროზი (ძვლის სიმკვრივის დაქვეითება). ჩაიტარეთ სკრინინგული კვლევა 65 წლის ასაკში. ყველაზე გავრცელებულია ხერხემლის და ბარძაყის დენსიტომეტრია (DEXA). თუ 65 წელზე ახალგაზრდა ხართ და გაქვთ მოტეხილობის რისკი, ასევე უნდა ჩაიტაროთ სკრინინგი. ესაუბრეთ ექიმს ძვლის მოტეხილობის რისკებზე.

 

ძუძუს კიბო. ჰკითხეთ თქვენს ოჯახის ექიმს, გჭირდებათ თუ არა მამოგრამა.

 

BRCA 1 და 2 გენები. თუ თქვენი ოჯახის წევრს ჰქონია ძუძუს, საკვერცხის ან პერიტონე­ალუ­რი კიბო, ესაუბრეთ თქვენს ექიმს ოჯახის ისტორიის შესახებ. ქალებში ზოგიერთი კი­ბოს ოჯახური ისტორიით გამართლებულია გენეტიკური კონსულტაცია და BRCA გენეტი­კუ­რი ტესტირება.

 

საშვილოსნოს ყელის კიბო. ჩაიტარეთ პაპ ტესტი 3 წელიწადში ერთხელ ან ჩაიტარეთ პაპ ტესტი და კვლევა ადამიანის პაპილომა ვირუსზე 5 წელიწადში ერთხელ 65 წლამდე. თუ თქვენ ხართ 65 წელზე მეტი ასაკის ან ჩატარებული გაქვთ ჰისტერექტომია (საშვილოსნოს ამოკვეთა), ესაუბრეთ თქვენს ექიმს, კიდევ გჭირდებათ თუ არა სკრინინგი.

 

მსხვილი ნაწლავის კიბო. თუ თქვენ ხართ 75 წლის ან უფრო ახალგაზრდა, მაშინ საჭიროებთ სკრი­ნინგულ ტესტს მსხვილი ნაწლავის კიბოს გამოსავლენად. იყენებენ განავლის ტესტს ან კოლო­ნოსკოპიას. თქვენი ოჯახის ექიმი გადაწყვეტს, რომელია თქვენ­თვის უკეთესი.

თუ თქვენ ხართ 76-85 წლის, ჰკითხეთ თქვენს ექიმს, გჭირდებათ თუ არა სკრინინგული ტეს­ტე­ბის გაგრძელება.

 

ფილტვის კიბო. ესაუბრეთ ექიმს ფილტვის კიბოს სკრინინგის შესახებ, თუ თქვენ ხართ 55-80 წლის ასაკობრივ ჯგუფში, გაქვთ თამბაქოს მოხმარების ხანგრძლივი ისტორია და ახლაც ეწევით ან შეწყვიტეთ თამბაქოს მოხმარება უკანასკნელი 15 წლის განმავლობაში. გახსოვდეთ, თამბაქოს მოხმარების შეწყვეტა არის საუკეთესო არჩევანი, რაც შეგიძლიათ გააკეთოთ თქვენი ჯან­მრთელობისთვის.

ფილტვის კიბოს აღმოსაჩენად ატარებენ გულმკერდის კომპიუტერულ ტო­მო­გრაფიას დაბალი დოზით.

 

C ჰეპატიტის ვირუსი (HCV). ჩაიტარეთ სკრინინგი HCV ინფექციაზე, თუ:

  • დაიბადეთ 1945-1965 წლებში;
  • ოდესმე მოიხმარდით არალეგალურ საინექციო ნარკოტიკებს;
  • გადაგისხამთ სისხლი 1992 წლამდე.

 

HIV (შიდსი). თუ თქვენ ხართ 65 წლის ან უფრო ახალგაზრდა, ჩაიტარეთ სკრინინგული კვლევა შიდსზე (HIV). თუ თქვენ ხართ 65 წელზე მეტი ასაკის, ჰკითხეთ ექიმს, გჭირდებათ თუ არა ამ დაავადების სკრინინგი.

 

ჭარბი წონა და სიმსუქნე. სიმსუქნის და ჭარბი წონის განსხვავებისთვის შეიმოწმეთ სხეულის მასის ინდექსი – სმი (სმი=წონა/(სიმაღლე)2).

სმი 18,5 – 25 ფარგლებში მიუთითებს ნორმალურ წონას, 30-ზე მეტი – სიმსუქნეს. თუ მსუქანი ხართ, მაშინ საჭიროა ინტენსიური კონსულტაციები ქცევისა და წონის შესაცვლელად. ჭარბი წონა და სიმ­სუქ­ნე იწვევს დიაბეტს და გულ-სისხლძარღვთა დაავადებებს.

 

თქვენ ყველაზე უკეთ იცნობთ თქვენს ორგანიზმს. ყოველთვის უთხარით თქვენს ექიმს ჯანმრთელობის ნებისმიერი ცვლილების შესახებ, მხედველობის და სმენის ჩათვლით. სთხოვეთ მას, შეამოწმოს ნებისმიერი მდგომარეობა, რაც თქვენ გაწუხებთ და არა მარტო ის, რაც აქ არის ჩამოთვლილი. მაგალითად, თუ თქვენ გეშინიათ ალცჰაიმერის დაავადების ან კანის კიბოს, უთხარით მას ამის შესახებ.

 

 დალიეთ საპროფილაქტიკო მედიკამენტები, თუ გჭირდებათ

ასპირინი. თუ თქვენ ხართ 55 ან მეტი წლის, ჰკითხეთ ექიმს, უნდა მიიღოთ თუ არა ასპი­რი­ნი ინსულტის საპროფილაქტიკოდ.

ძუძუს კიბოს სამკურნალო საშუალებები. ჰკითხეთ ექიმს თქვენი ძუძუს კიბოს რისკების შესახებ და უნდა მიიღოთ თუ არა მედიკამენტები ამ რისკების შესამცირებლად. ამ პრეპარა­ტებს შეიძლება ჰქონდეს მნიშვნელოვანი გვერდითი მოვლენები. ამიტომ, შეადარეთ პოტენ­ცი­ური სარგებელი და რისკი.

D ვიტამინი დაცემის თავიდან ასაცილებლად. თუ თქვენ ხართ 65 ან მეტი წლის და დაცემულხართ უმიზეზოდ, ან გაქვთ სიარულის პრობლემები, ან წაქცევის რისკი, ჰკითხეთ ექიმს, დაგეხმარებათ თუ არა ვიტამინი D ამ რისკის შესამცირებლად. ვარჯიში და ფიზიკური თერაპია ასევე ძალიან მნიშვნელოვანია.

 

 იმუნიზაცია

  • ჩაიტარეთ გრიპის აცრა ყოველწლიურად;
  • ჩაიტარეთ დიფთერიის, ტეტანუსის და ყივანახველის აცრა 10 წელიწადში ერთხელ;
  • თუ თქვენ ხართ 60 წელზე მეტი ასაკის, ჩაიტარეთ აცრა ჰერპეს ზოსტერზე;
  • თუ თქვენ ხართ 65 წელზე მეტი ასაკის, ჩაიტარეთ ფილტვების ანთების აცრა;
  • ჰკითხეთ ექიმს, გჭირდებათ თუ არა სხვა დამატებითი აცრები.

 

 გადადგით ნაბიჯები ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად

  • იყავით ფიზიკურად აქტიური და ჭამეთ ჯანმრთელი საკვები.
  • მიაღწიეთ და შეინარჩუნეთ ჯანმრთელი წონა – დააბალანსეთ კალორიები, რა­საც ღებულობთ საჭმელ-სასმელით იმ კალორიებთან, რასაც წვავთ (ხარჯავთ) ფიზიკური აქტიურობით.
  • შეწყვიტეთ თამბაქოს მოხმარება – მიმართეთ სპეციალურ სამსახურს.
  • თუ ალკოჰოლს ღებულობთ, მიიღეთ დღეში ერთჯერადად. სტანდარტულად, დღიური დასა­შვები დოზაა 350გ ლუდი, 140გ ღვინო ან 40გ 40%-იანი სასმელი (არაყი, კონიაკი).

მსგავსი ამბები

შინმოვლის სტანდარტები

შინმოვლის სტანდარტები >> იხილეთ ბმული

შინმოვლის კონცეფცია

შინმოვლის კონცეფცია

შინმოვლის ტექნიკური რეგლამენტი

აღნიშნული დოკუმენტის მიზანია შინმოვლის მინიმალური სტანდარტების განსაზღვრა და შედეგად, შინმოვლის მომსახურების ხარისხის უზრუნველყოფის ხელშეწყობა. წინამდებარე...

საყოფაცხოვრებო-ტექნიკური ჩარევის კითხვარი

საყოფაცხოვრებო-ტექნიკური ჩარევის კითხვარი

ბართელის ინდექსი

ბართელის ინდექსი

შარდის შეკავება და შეუკავებლობა

საშარდე სისტემის სიმპტომები საშარდე სისტემის დარღვევებიდან ყველაზე ხშირია შარდის შეუკავებლობა და დიზურია. შეუკავებლობა მიზეზი: გარეთა საშარდე...