გარდაცვლილი პირის (მამკვიდრებლის) ქონების გადასვლა სხვა პირებზე (მემკვიდრეებზე) კანონით ან ანდერძით, ანდა ორივე საფუძვლით.
არსებობს მემკვიდრეობის მიღების ორი სახე: კანონით მემკვიდრეობა და ანდერძით მემკვიდრეობა. აქედან გამომდინარე, გარდაცვლილის (მამკვიდრებლის) ქონების მემკვიდრეობით სხვა პირებზე (მემკვიდრეებზე) გადასვლა ხორციელდება კანონით ან ანდერძით, ანდა ორივე საფუძვლით.
კანონით მემკვიდრეობის დროს მემკვიდრეები შეიძლება იყვნენ: პირები, რომლებიც ცოცხლები იყვნენ მამკვიდრებლის სიკვდილის მომენტისათვის, და აგრეთვე, მამკვიდრებლის შვილები, რომლებიც მისი გარდაცვალების შემდეგ ცოცხალი დაიბადებიან. ანდერძით მემკვიდრეობის დროს მემკვიდრეები შეიძლება იყვნენ: პირები, რომლებიც ცოცხლები იყვნენ მამკვიდრებლის სიკვდილის მომენტისათვის, აგრეთვე ისინი, რომლებიც ჩაისახნენ მის სიცოცხლეში და დაიბადნენ მისი გარდაცვალების შემდეგ (მიუხედავად იმისა, მისი შვილები არიან ისინი თუ არა), აგრეთვე, იურიდიული პირები.
კანონით მემკვიდრეობის დროს კანონი თვითონ არეგულირებს, ვის უნდა დარჩეს გარდაცვლილის (მამკვიდრებლის) ქონება და რა რაოდენობით. ამ დროს არსებობს მემკვიდრეთა რიგითობის პრინციპი (სულ 5 რიგი), რაც იმას ნიშნავს, რომ წინა რიგის თუნდაც ერთ-ერთი მემკვიდრის არსებობა გამორიცხავს შემდგომი რიგის მემკვიდრეობას.
კანონით მემკვიდრეებს რიგითობის მიხედვით მიეკუთვნებიან: I რიგში – გარდაცვლილის შვილები, შვილი, რომელიც მისი სიკვდილის შემდეგ დაიბადა, მეუღლე, მშობლები, (მშვილებლები). ქორწინების გარეშე შობილი ბავშვი მამის მემკვიდრედ ჩაითვლება, თუ მამობა აღიარებულია კანონით დადგენილი წესით. ნაშვილები და მისი შთამომავლები, როგორც მშვილებლის ან მისი ნათესავების მემკვიდრეები, გათანაბრებული არიან მშვილებლის შვილებთან და მათ შთამომავლებთან. ნაშვილები აღარ მიიჩნევა კანონით მემკვიდრედ მისი მშობლებისა და აღმავალი ხაზის სხვა ბიოლოგიური ნათესავების, აგრეთვე, დებისა და ძმების გარდაცვალების შემდეგ. შვილიშვილები, შვილიშვილისშვილები და ამ უკანასკნელთა შვილები კანონით მემკვიდრეებად ჩაითვლებიან, თუ სამკვიდროს გახსნის დროისათვის ცოცხალი აღარ არის მათი მშობელი, რომელიც მამკვიდრებლის მემკვიდრე უნდა ყოფილიყო, და თანასწორად იღებენ იმ წილს, რომელიც კანონით მემკვიდრეობის დროს მათ გარდაცვლილ მშობელს ერგებოდა. შვილიშვილები, შვილიშვილისშვილებისა და ამ უკანასკნელთა შვილები ვერ გახდებიან მემკვიდრეები, თუ მათმა მშობლებმა უარი თქვეს სამკვიდროს მიღებაზე. მშვილებელი და მისი ნათესავები, როგორც ნაშვილებისა და მისი შთამომავლობის მემკვიდრეები, გათანაბრებული არიან ნაშვილების მშობლებსა და სხვა ბიოლოგიურ ნათესავებთან. ნაშვილების მშობლებს, აღმავალი ხაზის სხვა ბიოლოგიურ ნათესავებსა და და-ძმებს აღარ ეკუთვნით კანონით მემკვიდრეობა ნაშვილების ან მისი შთამომავლების გარდაცვალების შემდეგ; II რიგში – გარდაცვლილის და, ძმა, დისშვილი და ძმისშვილი იმ შემთხვევაში, თუ მისი მშობელი ცოცხალი აღარ არის მამკვიდრებლის გარდაცვალების დროისათვის; III რიგში – ბებია, პაპა, ბებიის დედ-მამა, პაპის დედ-მამა როგორც დედის, ისე მამის მხრიდან; ბებიის დედ-მამა და პაპის დედ-მამა კანონით მემკვიდრეებად ითვლებიან, თუ სამკვიდროს გახსნის დროისათვის ბებია და პაპა ცოცხლები აღარ არიან; IV რიგში – ბიძები, დეიდები, მამიდები; V რიგში – ბიძაშვილები, დეიდაშვილები, მამიდაშვილები. ხოლო თუ ეს უკანასკნელნი არ არიან, მაშინ მათი შვილები.
სამკვიდრო ერთი რიგის მემკვიდრეთა შორის ნაწილდება თანაბრად. ამ დროს მემკვიდრეთა უფლებებს შორის არ არსებობს განსხვავება სამკვიდრო ქონებასთან მიმართებით. მემკვიდრეთა შორის სამკვიდროს გაყოფაზე შეუთანხმებლობის შემთხვევაში დავას წყვეტს სასამართლო.
ანდერძით მემკვიდრეობის დროს, კანონით მემკვიდრეობისაგან განსხვავებით, გარდაცვლილ პირს (მამკვიდრებელს) ანდერძის შედგენით წინასწარ აქვს განსაზღვრული, ვის დარჩება და რა რაოდენობით მისი ქონება. ანდერძის მეშვეობით მამკვიდრებელს შეუძლია თავისი ქონება გადასცეს, როგორც კანონით მემკვიდრეს, ისე ნებისმიერ სხვა არანათესავ პირს, მათ შორის იურიდიულ (ორგანიზაცია, დაწესებულება) პირსაც. თუ ანდერძით მთელი სამკვიდრო ქონება განაწილებული იყო ანდერძით მემკვიდრეებს შორის, მაგრამ ერთ-ერთი მემკვიდრე სამკვიდროს გახსნის დროისათვის ცოცხალი აღარ არის, კანონით მემკვიდრეობა არ წარმოიშობა და მის წილ ქონებას თანაბრად მიიღებენ სხვა ანდერძით მემკვიდრეები.
ანდერძით მემკვიდრეობის შემთხვევაში პირველი რიგის კანონისმიერი მემკვიდრეები მიიღებენ სავალდებულო წილს მამკვიდრებლის ქონებიდან. სავალდებულო წილი შეადგენს, იმ ქონების ნახევარს, რომელსაც მიიღებდა პირველი რიგის მემკვიდრე, ანდერძი რომ არ ყოფილიყო.
იმ შემთხვევაში, როდესაც ანდერძი დაწერილია სამკვიდროს მხოლოდ ნაწილზე ან/და ანდერძი სასამართლოს მიერ ნაწილობრივ ბათილადაა ცნობილი, სამკვიდროს იმ ნაწილზე, რომელიც ანდერძში არ არის მოხსენიებული ან/და ანდერძი სასამართლოს მიერ ნაწილობრივ ბათილადაა ცნობილი, ვრცელდება კანონით მემკვიდრეობა.
მემკვიდრის მხრიდან სამკვიდრო მიღებულად ითვლება მას შემდეგ, რაც მემკვიდრე (იქნება ეს ანდერძით მემკვიდრე თუ კანონით) შეიტანს განცხადებას სამკვიდროს მიღების თაობაზე ნებისმიერ სანოტარო ბიუროში და მიიღებს სამკვიდრო მოწმობას. სამკვიდრო მიღებულად ითვლება სამკვიდროს ფაქტობრივი ფლობით ან მართვითაც, რაც უდავოდ მოწმობს, რომ მემკვიდრემ სამკვიდრო მიიღო. ქმედუუნარო და შეზღუდულქმედუნარიანი პირები სამკვიდროს იღებენ თავიანთი კანონიერი წარმომადგენლის მეშვეობით, ხოლო მხარდაჭერის მიმღები პირები მხარდამჭერის დახმარებით, თუ მას სასამართლოს გადაწყვეტილებით მხარდაჭერა ქონებრივი უფლებების განსახორციელებლად დაუწესდა.
ქონების ფაქტობრივი ფლობა შეიძლება სხვადასხვა გზით განხორციელდეს. კერძოდ, ასეთია მამკვიდრებლის გარდაცვალების შემდეგ მემკვიდრის ცხოვრება იმავე საცხოვრებელ სახლში (რაც უნდა დასტურდებოდეს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ გაცემული ცნობით), რომელშიც მამკვიდრებელი ცხოვრობდა, ასევე მამკვიდრებლის ნივთების გადატანა (მამკვიდრებლის გარდაცვალებიდან 6 თვის ვადაში) და შენახვა თავისთან, რათა შემდეგ მოხდეს მისი განაწილება მემკვიდრეთა შორის (მათი არსებობის შემთხვევაში). ქონების ფაქტობრივ მართვაში იგულისხმება ისეთი შემთხვევები, როდესაც მემკვიდრე ფაქტობრივად არ ფლობს ამ ქონებას, მაგრამ მისი მოქმედებებით დასტურდება, რომ სამკვიდროს თავისად მიიჩნევს. მაგალითად, სამკვიდროს გახსნის შემდეგ იხდის გადასახადებს და ა. შ. როგორც ქონების ფაქტობრივი ფლობის, ისე ფაქტობრივი მართვის შემთხვევაში მემკვიდრეს შეუძლია მიმართოს ნოტარიუსს და მოითხოვოს სამკვიდროს მიღება. ასეთი ტიპის მემკვიდრეობის დროს სამკვიდროს მიღებისათვის დადგენილი ვადები არ არსებობს, რადგან იგულისხმება, რომ ქონება მემკვიდრის მხრიდან ისედაც მიღებულია და სამკვიდროს მისაღებად ნოტარიუსთან მისვლა და ოფიციალური სახის მიცემა მხოლოდ მემკვიდრის ნებაზეა დამოკიდებული.
სამკვიდრო მიღებული უნდა იქნეს სამკვიდროს გახსნის დღიდან 6 თვის განმავლობაში. მემკვიდრემ, რომელიც ამ ვადას არ დაიცავს, შეიძლება დაკარგოს სამკვიდროს მიღების უფლება!!! თუ მემკვიდრე შეზღუდულქმედუნარიანი ან მხარდაჭერის მიმღებია, სამკვიდროს მიღებაზე უარის თქმა დასაშვებია სასამართლოს ნებართვით.
სამკვიდროს მიღების ვადის გასვლის შემდეგ, მემკვიდრემ, რომელმაც ეს ვადა გაუშვა, შეიძლება მაინც მიიღოს მემკვიდრეობა, თუ ამაზე თანახმა იქნება სამკვიდროს მიმღები ყველა მემკვიდრე. სამკვიდროს მიღების ვადა შეიძლება გააგრძელოს სასამართლომაც, თუ ვადის გადაცილების მიზეზი საპატიოდ იქნება მიჩნეული.
მაგალითები
- გივი ქ. თბილისში ცხოვრობდა. მასთან ერთად ცხოვრობდა მისი ძმა ტარიელი. გივი (მამკვიდრებელი) ხშირად, სამსახურეობრივი მდგომარეობის გამო, იმყოფებოდა ქ. გორში და იქ ცხოვრობდა მეორე ძმასთან, გოდერძისთან, რომელთანაც ჰქონდა თავისი ქონების ნაწილი. გივის (მამკვიდრებლის) გარდაცვალების შემდეგ, ტარიელსა და გოდერძის შორის წარმოიშვა დავა სამკვიდროს გაყოფის შესახებ. ტარიელი ითხოვს მთელი სამკვიდროს თანაბრად განაწილებას, რის წინააღმდეგიც არის გოდერძი.
- კანონიერია თუ არა ტარიელის მოთხოვნა?
პასუხი
დიახ, ტარიელის მოთხოვნა კანონიერია, ვინაიდან კანონის მიხედვით სამკვიდრო ერთი რიგის მემკვიდრეთა შორის ნაწილდება თანაბრად. ამ დროს მემკვიდრეთა უფლებებს შორის არ არსებობს განსხვავება სამკვიდრო ქონებასთან მიმართებით. მემკვიდრეთა შორის სამკვიდროს გაყოფაზე შეუთანხმებლობის შემთხვევაში დავას წყვეტს სასამართლო.
- ა. დევიძემ გარდაცვალებამდე დატოვა ანდერძი, რომლითაც თავისი ქონების ნახევარი უანდერძა შვილიშვილს, ხოლო მეორე ნახევარი – შპს „კავკასია“-ს . შვილიშვილმა სარჩელი შეიტანა სასამართლოში და მოითხოვა ანდერძის ბათილობა, იმ მოტივით, რომ მემკვიდრეები შეიძლება იყვნენ მხოლოდ ფიზიკური პირები ანდერძის მემკვიდრეობისას.
- სამართლიანია თუ არა შვილიშვილის მოთხოვნა?
პასუხი
არ არის სამართლიანი, ვინაიდან, კანონის თანახმად, ანდერძის მეშვეობით მამკვიდრებელს შეუძლია თავისი ქონება გადასცეს როგორც კანონით მემკვიდრეს, ისე ნებისმიერ სხვა არანათესავ პირს, მათ შორის, იურიდიულ (ორგანიზაცია, დაწესებულება) პირსაც.
- ზ. ღუდუშაურმა უარი თქვა მამის, გ. ღუდუშაურის სამკვიდროს მიღებაზე, ძმის ტ. ღუდუშაურის სასარგებლოდ. ზ. ღუდუშაურის შვილმა, მ. ღუდუშაურმა, გადაწყვიტა სარჩელის შეტანა სასამართლოში, პაპის ქონებიდან წილის მოთხოვნის მიზნით. ადვოკატმა აუხსნა მას, რომ ვერ მიიღებს პაპის სამკვიდრო ქონებას.
- კანონიერია თუ არა ადვოკატის კონსულტაცია?
პასუხი
კანონიერია, ვინაიდან, კანონის თანახმად, შვილიშვილები, შვილიშვილისშვილებისა და ამ უკანასკნელთა შვილები ვერ გახდებიან მემკვიდრეები, თუ მათმა მშობლებმა უარი თქვეს სამკვიდროს მიღებაზე.
- ზ. გობრონიძეს ჰყავდა შვილი გ. გობრონიძე და შვილიშვილი, გ. გობრონიძის ქალიშვილი, ნ. გობრონიძე. გ. გობრონიძე ცნობილი იქნა უღირს მემკვიდრეთ და ჩამოერთვა მემკვიდრეობის უფლება. ეს უკანასკნელი გარდაიცვალა 1999 წელს, ზ. გობრონიძე კი გარდაიცვალა 2000 წლის ოქტომბერში.
- შეუძლია თუ არა ნ. გობრონიძეს მოითხოვოს ბაბუის მემკვიდრეობა?
პასუხი
არა, ვინაიდან პირველი რიგის მემკვიდრე ცნობილი იყო უღირს მემკვიდრედ. მიუხედავად იმისა, რომ კანონით შვილიშვილები, შვილიშვილისშვილები და ამ უკანასკნელთა შვილები კანონით მემკვიდრეებად ითვლებიან, გ. გობრონიძის უღირს მემკვიდრედ ცნობა ნ. გობრონიძეს ართმევს სამკვიდროს მოთხოვნის უფლებას.
- გ. აბაშიძე, რომელსაც ჰყავდა ერთადერთი შვილი, გარდაიცვალა. მისი შვილი, რომელიც ცხოვრობდა მამკვიდრებელთან, ფაქტობრივად შეუდგა სამკვიდროს ფლობას და მართვას. სამი თვის შემდეგ, მან მიმართა სანოტარო ორგანოს განცხადებით და უარი განაცხადა სამკვიდროს მიღებაზე.
- კანონიერია თუ არა მემკვიდრის მოქმედება?
პასუხი
დიახ, მას ჰქონდა უფლება უარი ეთქვა სამკვიდროზე.
- დ. აფაქიძემ მთელი თავისი ქონება უანდერძა თავის ახლო მეგობარს. მამკვიდრებლის კანონით ერთადერთმა მემკვიდრემ, სრულწლოვანმა შვილმა სარჩელით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა მამის სამკვიდროდან წილი.
- სწორია თუ არა მისი მოთხოვნა?
პასუხი
არ არის სწორი, რადგან დ. აფაქიძემ სიცოცხლეშივე უანდერძა მეგობარს ქონება, რის უფლებაც მას ჰქონდა. რაც შეეხება სრულწლოვან შვილს, აღნიშნული ანდერძის არსებობის პირობებში იგი ვერ მოითხოვს სამკვიდროდან წილს.