- როგორ ვიზრუნოთ დემენციის მქონე ახლობელზე?
დემენციის ცალკეული ფორმა მიმდინარეობის თავისებურებებით ხასიათდება, რის გამოც განსხვავებულია თავად პაციენტების საჭიროებები და ქცევის სტილი.
პაციენტების ქცევა დაავადების მიმდინარეობისას ცვალებადობს, ამასთან, უარესდება ფიზიკური ჯანმრთელობაც. დემენციას სხვადასხვა გამოვლინება შეიძლება ჰქონდეს: პაციენტთა ნაწილი მშვიდია, ნაწილი კი აგრესიულია, ზოგი ფიზიკურად შედარებით ჯანმრთელია, ზოგი კი მწოლიარე ავადმყოფია. დაავადების მიმდინარეობა ხშირად იცვლება დღის გარკვეულ პერიოდებში. ასეთ პაციენტებზე ზრუნვა მძიმე დავალება და დიდი პასუხისმგებლობაა. მომვლელი პირველ რიგში უნდა გაერკვეს დაავადების არსში და მის შედეგებში, რათა თავიდან აიცილოს შედეგებით გამოწვეული სტრესი. არ არსებობს ერთი უნივერსალური რეცეპტი, რომელიც მიესადაგება დემენციის ყველა ფორმას და დაავადების მიმდინარეობის ყველა ეტაპს, თუმცა, არსებობს ზოგადი წესები, რომელთა დაცვაც შეამსუბუქებს როგორც პაციენტის, ისე მისი მომვლელის მდგომარეობას.
ეს ზოგადი რჩევებია:
- პაციენტის განცდებს სერიოზულად მოეკიდეთ, გამოხატეთ მის მიმართ პატივისცემა;
- ესაუბრეთ ნელი ტემპით, მაგრამ გამოკვეთილად. ნათქვამი გამოხატეთ მიმიკით და ჟესტიკულაციითაც;
- გაუმეორეთ მნიშვნელოვანი ინფორმაცია;
- არ ეკამათოთ;
- მის მიერ ნათქვამ საყვედურებს ყურადღება არ მიაქციოთ, არ მიიღოთ ის საკუთარ თავზე, არ მიანიჭოთ პიროვნული მნიშვნელობა;
- ეცადეთ იყოთ მშვიდი, მომთმენი და გამგები;
- ჩართეთ პაციენტი ოჯახის ყოველდღიურ ცხოვრებაში, აგრძნობინეთ, რომ ისიც ოჯახის წევრია. ესაუბრეთ, მოუყევით რამე;
- გამოიყენეთ ის უნარები, რაც პაციენტს ჯერ კიდევ შერჩა, ოღონდ არ გადატვირთოთ. პაციენტს სიხარულს ანიჭებს და ცხოვრებაში თანამონაწილეობის განცდას აგრძნობინებს პრაქტიკული საქმიანობები, ერთად მუსიკის დაკვრა და სიმღერა, ხატვა, ხელსაქმე, სეირნობა;
- შეაქეთ, როცა რაიმეს დამოუკიდებლად გააკეთებს;
- ეცადეთ, დაუწესოთ მყარი დღის რეჟიმი და ნაკლებად შეცვალოთ მისი ჩვეული გარემო;
- ყურადღება მიაქციეთ, რათა ზომიერად იკვებოს, მიიღოს საკმარისი რაოდენობით სითხე (სითხის არასაკმარისად მიღება ცნობიერების აბნევის ერთ-ერთი გამომწვევი მიზეზია!), დაიცვას პირადი ჰიგიენა;
- შეამოწმეთ, რამდენად უსაფრთხოა მისთვის ის გარემო, სადაც იმყოფება, ხომ არ არის დაცემის საშიშროების ან საფრთხის წყაროს შემცველი. მაგალითად, რამდენად უსაფრთხოა მისთვის გაზის და ელექტროხელსაწყოები, ასევე, რამდენად უსაფრთხოა მისი ტანსაცმელი. თუ პაციენტი გაპარვისადმი მიდრეკილია, ტანსაცმელში ჩაუდეთ/ჩააკერეთ ბარათი მისი ვინაობის და საკონტაქტო მონაცემების ჩვენებით, ან გაუკეთეთ ხელზე იმავე ინფორმაციის შემცველი სამაჯური;
- დემენციის ბოლო სტადიაში პაციენტები სრულიად ინერტულები ხდებიან, კარგავენ ყოველგვარ ინტერესს, სურვილს, მეტყველების უნარს, თვითმომსახურების ელემენტარულ ჩვევებს. მიუხედავად ამისა, მომვლელმა არ უნდა შეწყვიტოს მასთან კონტაქტი: ელაპარაკეთ, მიმართეთ სახელით, მოუყევით ყოველდღიური ამბები. ამ სტადიაში ასევე მნიშვნელოვანია სხეულებრივი კონტაქტი – შეხება, მოფერება. ეცადეთ, გაუაქტიუროთ სუნის და გემოს შეგრძნებები. შესთავაზეთ სანელებლებით მდიდარი საკვები, სასიამოვნო სუნის მქონე ლოსიონი, სუნამო. მათთვის ასევე სიამოვნების მიმნიჭებელია ნაცნობი, საყვარელი მუსიკის მოსმენა. სასურველია, ხმაურით ზედმეტად არ გადატვირთოთ, დღეში 1-2-ჯერ,გაზღვრული დროით მოასმენინოთ მუსიკა.
დემენციის დროს ადამიანები სპეციალურად არ იქცევიან ისე, რომ ვიღაც გააბრაზონ ან ტკივილი მიაყენონ. მათ მეტწილად სხვა საშუალება არ გააჩნიათ, რათა თავიანთი გრძნობა ან საჭიროება გამოხატონ.
განვიხილოთ, რის გამომხატველი შეიძლება იყოს ზოგიერთი ქცევა.
ხმამაღალი ყვირილი, ძახილი:
– შესაძლოა, ამის მიზეზი იყოს ტკივილი; ან შეიძლება სხვა საშუალებას ვერ ნახულობს, რათა თავისი ცუდად ყოფნა ან გასაჭირი გამოხატოს.
საყვედურები, დადანაშაულება
– შესაძლოა, ეს მცდელობაა, მისთვის გაუგებარ რამეში გაერკვეს. მაგალითად, ნახა, რომ ფული, რომელიც ცოტა ხნის წინ ხელჩანთაში ედო, ახლა გამქრალია. აღარ ახსოვს, რომ ეს ფული მანამდე თვითონვე გადაინახა ლეიბის ქვეშ.
როცა სახლში წაყვანას ითხოვს, თუმცა საკუთარ სახლშია
– შესაძლოა, ეს, მაგალითად, მოვალეობის გრძნობის გამოხატულება იყოს („დედაჩემი სახლში მელოდება“), ანდა დაცულობის სურვილს გამოხატავდეს.
- როგორ ვიზრუნოთ საკუთარ თავზე, რათა არ „გადავიწვათ“?
დემენციის დიაგნოზის დადგენისას იცვლება როგორც თავად პაციენტის, ისე მისი ოჯახის წევრების, ახლობლების ცხოვრება, ვინაიდან პაციენტის მოვლა მეტწილად ახლობლებს უწევთ. დემენციის მქონე ახლობლის მოვლა საკმაოდ დიდ ძალას მოითხოვს და შეიძლება მომვლელი გადაიღალოს. გადაღლა თავს იჩენს ფსიქიკური და სომატური სიმპტომებით, მომვლელი უჩივის ძილის დარღვევას, გამოფიტვის განცდას, დაქვეითებულ გუნებ-განწყობას. იმუნური სისტემის დასუსტების გამო იზრდება ინფექციური დაავადებების რისკი. მომვლელი მუდმივად დაძაბულ მდგომარეობაშია, ვინაიდან დემენციის დროს დაავადების მიმდინარეობა და სიმპტომები მუდმივად ცვალებადობს, რაც მას სიტუაციაზე მორგების საშუალებას არ აძლევს, მუდმივად სჭირდება ახალი უნარების გამომუშავება, ახალი დღის წესრიგის დადგენა. მომვლელთა უმეტესობა დროს არ უთმობს საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნვას, არ გამოყოფს დროს საკუთარი თავისთვის, რათა ძალების აღდგენა შეძლოს. თუ ქვემოთ ჩამოთვლილი სიმპტომები გაქვთ, აუცილებლად მიმართეთ ექიმს:
- თავის და ზურგის ქრონიკული ტკივილი, ძილის დარღვევა, პრობლემები საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ, ხშირი გაციება, გამოფიტვის განცდა, ნევროზულობა, ადვილად გაღიზიანება, უხალისობა.
მიჰყევით ექიმის რჩევებს, თუ როგორ იმოქმედოთ შემდგომში. რჩევა შეიძლება მოიცავდეს შესაბამის სპეციალისტთან გასაუბრებას განტვირთვის მიზნით, თვითდახმარების ჯგუფში (ასეთის არსებობის შემთხვევაში) მონაწილეობას, გარე დახმარების მიღებას, თქვენი პაციენტის რომელიმე სერვისში მოთავსებას გარკვეული ხნით და სხვა.
ბევრი მომვლელი დროის უქონლობის გამო უარს ამბობს ისეთ საქმიანობებზე, რის კეთებაც მას სიხარულს ჰგვრიდა. საკუთარი თავისთვის სიამოვნების მინიჭებას მაშინ, როცა ახლობელი მისგან შველას საჭიროებს, ეგოიზმის გამოვლინებად მიიჩნევს. ცნობილია, რომ ვერავის უშველი, თუ საკუთარ თავს არ შველი. ასეთი ქცევით საბოლოოდ გამოგელევათ ძალა და ვეღარც სხვის მოვლას შეძლებთ.
მიეცით თავს უფლება, მიიღოთ სხვებისგან დახმარება. ნათესავს ან მეგობარს უთხარით, თუ კონკრეტულად როდის და რა დახმარება გჭირდებათ. მაგალითად, სთხოვეთ, რამდენიმე საათი დარჩეს თქვენს პაციენტთან, ან თუ სასეირნოდ დადის, ზოგჯერ თქვენი პაციენტიც გაიყოლოს.
გაარკვიეთ, რა სპეციალიზირებული მომსახურება არსებობს თქვენს რეგიონში დემენციის მქონე ადამიანებისთვის, დაიხმარეთ ეს შესაძლებლობაც (მაგალითად, „თაობის“ მოვლის სახლი).
მნიშვნელოვანია, რომ არ დაივიწყოთ პირადი საჭიროებები, გამოყოთ დრო მათ დასაკმაყოფილებლად.
გააგრძელეთ თქვენს მეგობრებთან ურთიერთობა, მათთან სატელეფონო საუბრები; თავს უფლება მიეცით, დაჯდეთ კაფეში, სადაც ზოგჯერ თქვენი პაციენტის წაყვანაც შეგიძლიათ.
მიეცით საკუთარ თავს უფლება, გქონდეთ პირადი ცხოვრება.