შვილების მოვალეობა მშობლების მიმართ

სასამართლო პრაქტიკა უმეტესად მიმართულია შვილების მიმართ მშობლების მოვალეობებზე, მათ შორის, ალიმენტის მოთხოვნის, დაკისრებისა და გადახდევინების ნაწილში; თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ კანონი ასევე ითვალისწინებს მშობლების და პაპა-ბებიების მიმართ შვილების და შვილიშვილების მოვალეობებს.

 

შვილები მოვალენი არიან, იზრუნონ მშობლებზე და დაეხმარონ მათ.

სრულწლოვანი შრომისუნარიანი შვილები მოვალენი არიან, არჩინონ შრომისუუნარო მშობლები, რომლებსაც დახმარება სჭირდებათ.

შვილები შეიძლება გათავისუფლდნენ მშობლების რჩენის მოვალეობისგან, თუ სასამართლო დაადგენს, რომ მშობლები თავს არიდებდნენ მშობლის მოვალეობის შესრულებას.

მშობელი, რომელსაც ჩამორთმეული აქვს მშობლის უფლება, კარგავს შვილებისგან ალიმენტის მოთხოვნის უფლებას.

თითოეული შვილის მონაწილეობას იმ შრომისუუნარო მშობლის რჩენაში, რომელიც დახმარებას საჭიროებს, განსაზღვრავს სასამართლო ყოველთვიურად გადასახდელი თანხის სახით, მშობლებისა და შვილების მატერიალური და ოჯახური მდგომარეობის გათვალისწინებით. თანხის განსაზღვრისას სასამართლო ითვალისწინებს მშობლების ყველა სრულწლოვანი შვილის მოვალეობას, მიუხედავად იმისა, სარჩელი წარდგენილია ყველა, რამდენიმე თუ ერთი შვილის მიმართ.

 

შვილიშვილის საალიმენტო მოვალეობა შრომისუუნარო პაპისა და ბებიის მიმართ

შვილიშვილი, რომელსაც საკმაო სახსრები აქვს, მოვალეა არჩინოს თავისი შრომისუუნარო პაპა და ბებია, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ, თუ მათ არ შეუძლიათ მიიღონ სარჩო თავისი შვილისგან ან ერთმანეთისგან.

 

ალიმენტის ოდენობის განისაზღვრა

გადასახდელი ალიმენტის ოდენობას ყოველ ცალკეულ შემთხვევაში განსაზღვრავს სასამართლო ყოველთვიურად გადასახდელი თანხის სახით, ალიმენტის გადამხდელისა და მიმღების მატერიალური და ოჯახური მდგომარეობის გათვალისწინებით.

თუ ოჯახის რჩენა ერთდროულად რამდენიმე პირის მოვალეობაა, სასამართლო მათი მატერიალური და ოჯახური მდგომარეობის გათვალისწინებით განსაზღვრავს თითოეულის წილის ოდენობას ამ მოვალეობის შესრულებაში; ამასთან, სასამართლო მხედველობაში იღებს ალიმენტის გადამხდელ ყველა პირს, იმისდა მიუხედავად, ალიმენტს სთხოვენ ყველა ამ პირს, თუ მხოლოდ ერთ ან რამდენიმე მათგანს.

 

ალიმენტის ოდენობის შეცვლა

თუ შეიცვალა ალიმენტის გადამხდელის ან ალიმენტის მიმღების მატერიალური ან ოჯახური მდგომარეობა, ამ პირთათვის გადასახდელი ალიმენტის ოდენობის სასამართლო წესით დადგენის შემდეგ, სასამართლოს უფლება აქვს, ერთ-ერთი მათგანის სარჩელის საფუძველზე შეცვალოს დადგენილი ალიმენტის ოდენობა.

 

ალიმენტის გადახდისა და გადახდევინების წესი

ის პირი, რომელიც მოვალეა ალიმენტი იხადოს, ნებაყოფლობითი წესით იხდის მას პირადად, შემოსავლის მიღების ადგილის მიხედვით.

ალიმენტის ნებაყოფლობით გადახდის წესი არ გამორიცხავს ალიმენტის მიმღების უფლებას, ნებისმიერ დროს სარჩელით მიმართოს სასამართლოს ალიმენტის გადახდევინების შესახებ.

 

ალიმენტის გადახდევინების მოთხოვნა

იმ პირს, რომელსაც აქვს ალიმენტის მოთხოვნის უფლება, კანონით დადგენილი წესით, ამ უფლების დაკარგვამდე ნებისმიერ დროს, შეუძლია სასამართლოს საშუალებით მოითხოვოს ალიმენტის გადახდევინება, მიუხედავად ვადისა, რომელიც გასულია ალიმენტის მოთხოვნის უფლების წარმოშობის დროიდან.

 

წარსული დროის ალიმენტის გადახდევინების მოთხოვნა

ალიმენტის გადახდის დაკისრება ხდება მხოლოდ მომავალი დროისათვის, სასამართლოში სარჩელის აღძვრის მომენტიდან. წარსული დროის ალიმენტი შეიძლება გადახდევინებული იქნეს სამი წლის ფარგლებში, თუ სასამართლო დაადგენს, რომ სარჩელის წარდგენამდე მიღებული იყო ზომები სარჩოს მისაღებად, მაგრამ ალიმენტი არ იქნა მიღებული იმის გამო, რომ ვალდებული პირი თავს არიდებდა მის გადახდას.

 

ალიმენტის დავალიანების გადახდევინება

სააღსრულებო ფურცლის მიხედვით, ალიმენტის დავალიანების გადახდევინება წარსული დროისათვის შეიძლება არაუმეტეს სამი წლისა სააღსრულებო ფურცლის გადასახდელად წარდგენამდე.

იმ შემთხვევაში, როდესაც მოვალის ძებნასთან დაკავშირებით ვერ მოხერხდა გადასახდელად წარდგენილი სააღსრულებო ფურცლის მიხედვით ალიმენტის დაკავება, ალიმენტის დავალიანებას ახდევინებენ მთელი გასული პერიოდისათვის, ხანდაზმულობის ვადის გასვლის ან/და ალიმენტის მიმღები პირის მიერ სრულწლოვანების მიღწევის მიუხედავად.

 

ალიმენტის დავალიანების განისაზღვრა

ალიმენტის დავალიანება განისაზღვრება მოვალის მიერ იმ პერიოდში მიღებული ფაქტობრივი ხელფასიდან (შემოსავლიდან), რომლის განმავლობაშიც არ მომხდარა გადახდევინება.

თუ მოვალე ამ პერიოდში არ მუშაობდა და მან არ წარმოადგინა თავისი ხელფასის (შემოსავლის) დამადასტურებელი დოკუმენტები, დავალიანება განისაზღვრება იმ ხელფასის (შემოსავლის) მიხედვით, რომელსაც იგი იღებდა დავალიანების გადახდევინების დროს.

ალიმენტის გადახდისგან გათავისუფლება

ალიმენტის გადახდისაგან გათავისუფლება ან ალიმენტის დავალიანების შემცირება შეიძლება მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით.

სასამართლოს უფლება აქვს ალიმენტის გადამხდელი მთლიანად ან ნაწილობრივ გაათავისუფლოს ალიმენტის დავალიანების გადახდისაგან, თუ დაადგენს, რომ ალიმენტის გადაუხდელობა გამოწვეული იყო ამ პირის ავადმყოფობით ან სხვა საპატიო მიზეზით.

 

შვილების მონაწილეობა დამატებით ხარჯებში შრომისუუნარო მშობლების მიმართ

სხვაგვარი შეთანხმების არარსებობისას, შვილებს, რომლებიც ალიმენტს უხდიან შრომისუუნარო მშობლებს, შეიძლება დაეკისროთ მონაწილეობა დამატებით ხარჯებში, რომლებიც გამოწვეულია განსაკუთრებული გარემოებებით (მშობლების მძიმე ავადმყოფობით, დასახიჩრებით და სხვა).

 

 

მაგალითები

 

  1. შრომისუუნარო მ. ზანდუკელმა მასთან გაზრდილი გერის ბ. კეზერელისგან, რომელიც წარმატებული ბიზნესმენია, მოითხოვა სარჩოს სახით ალიმენტის გადახდა. კეზერელმა უარი განაცხადა მოთხოვნაზე, რადგან მამინაცვალს ჰყავს ღვიძლი შვილები, რომელთაც აქვთ საკმაო მატერიალური შესაძლებლობები, არჩინონ მამა.
  • სწორია თუ არა გერის უარი?

პასუხი

გერი, რომელსაც საკმაო სახსრები აქვს, მოვალეა არჩინოს თავისი შრომისუუნარო მამინაცვალი ან/და დედინაცვალი, რომელთაც დახმარება ესაჭიროებათ, თუ ისინი ადრე ზრდიდნენ ან არჩენდნენ მას.

 

  1. გურამი მუდმივად აღსაზრდელად იმყოფებოდა ა. და ვ. გობრონიძეების ოჯახში, რომლებიც არიან შრომისუუნაროები. გობრონიძეები თავიანთი შვილისგან ვერ იღებენ დახმარებას ობიექტური გარემოებებიდან გამომდინარე.
  • აქვთ თუ არა ა. და ვ. გობრონიძეებს უფლება, მოითხოვონ სარჩო გურამისგან.

პასუხი

დიახ, მათ აქვთ ამის უფლება, ვინაიდან, კანონის მიხედვით, თუ პირი, რომელიც იმყოფებოდა მუდმივ აღსაზრდელად და სარჩენად, მოვალეა მისცეს სარჩო თავის ფაქტობრივ აღმზრდელს, თუ იგი შრომისუუნაროა, საჭიროებს დახმარებას, მაგრამ მისი მიღება არ შეუძლია თავისი შვილების ან მეუღლისაგან.

  1. ლადოს და ქეთევანს თანაცხოვრებისას შეეძინათ ერთი შვილი გიგი, რომელზეც არ ზრუნავდნენ და თავს არიდებდნენ მათი მოვალეობების შესრულებას. ბავშვი რეალურად გაზარდეს მეზობლებმა და ნათესავებმა. ასაკში მყოფმა ლადომ და ქეთევანმა მათი შვილისგან მოითხოვეს ალიმენტის გადახდა, რასაც არ დაეთანხმა გიგი და მიმართა სასამართლოს, გაეთავისუფლებინა ის მშობლების რჩენის მოვალეობისაგან, იმ მოტივით, რომ მშობლები თავს არიდებდნენ მათი მოვალეობის შესრულებას. სასამართლომ დააკმაყოფილა გიგის მოთხოვნა.
  • ჰქონდა თუ არა გიგის უფლება მიემართა სასამართლოსთვის მშობლების რჩენის მოვალეობისაგან გათავისუფლების მოთხოვნით?

პასუხი

დიახ, გიგის ჰქონდა ამის უფლება, კანონის თანახმად, შვილები შეიძლება გათავისუფლდნენ მშობლების რჩენის მოვალეობისაგან, თუ სასამართლო დაადგენს, რომ მშობლები თავს არიდებდნენ მშობლის მოვალეობის შესრულებას.

მსგავსი ამბები

შინმოვლის სტანდარტები

შინმოვლის სტანდარტები >> იხილეთ ბმული

შინმოვლის კონცეფცია

შინმოვლის კონცეფცია

შინმოვლის ტექნიკური რეგლამენტი

აღნიშნული დოკუმენტის მიზანია შინმოვლის მინიმალური სტანდარტების განსაზღვრა და შედეგად, შინმოვლის მომსახურების ხარისხის უზრუნველყოფის ხელშეწყობა. წინამდებარე...

საყოფაცხოვრებო-ტექნიკური ჩარევის კითხვარი

საყოფაცხოვრებო-ტექნიკური ჩარევის კითხვარი

ბართელის ინდექსი

ბართელის ინდექსი

შარდის შეკავება და შეუკავებლობა

საშარდე სისტემის სიმპტომები საშარდე სისტემის დარღვევებიდან ყველაზე ხშირია შარდის შეუკავებლობა და დიზურია. შეუკავებლობა მიზეზი: გარეთა საშარდე...