საზოგადოებაში მყარად არის ჩამოყალიბებული ხანდაზმულის იმიჯი – ბებო სამზარეულოში ტრიალებს, ქსოვს, შვილიშვილებისთვის ჩურჩხელებს ავლებს, ეკლესიაში დადის. ბაბუ ჩხირკედელაობს, თანატოლებს დომინოს ან ნარდს ეთამაშება, კროსვორდებს უკირკიტებს, ვენახში ტრიალებს. ეს ჩვენთვის გასაგები, ჩვეული ნიშაა, რომელშიც მოვაქციეთ ხანდაზმული ადამიანები. ახალი ჰობი? ახალი ნაცნობები? ახალი გარემო? ახალი იმიჯი? ახალი ტანისამოსი? ჩვენი აზრით ხომ ხანდაზმულობა ის ასაკია, რომელსაც სიტყვა „ახალი“ არ უხდება. პენსიონერის ცხოვრება თვითდინებით უნდა მიედინებოდეს და სტაბილურად ერთფეროვანი უნდა იყოს.
მეცნიერების კვლევებით კი დადგენილია, რომ ხანდაზმულებისთვის სიახლე ისევე მნიშვნელოვანია გონებრივი, ფსიქოლოგიური და ფიზიკური ჯანმრთელობისთვის, როგორც ჯანსაღი საკვები. ამიტომ, დაინტერესდით თანამედროვე ციფრული ტექნიკით, უცხო ენით, გაიჩინეთ ახალი ჰობი, ახალი ნაცნობები, მოინახულეთ ახალი ადგილები, ან თუნდაც შეცვალეთ გადაადგილების ჩვეული მარშრუტი, შეიცვალეთ თმის ვარცხნილობა, შეძლებისდაგვარად, შეიტანეთ ცვლილება საცხოვრებელ გარემოში, ჩაცმის სტილში. ირწმუნეთ, რომ ჩამოყალიბებული შეხედულების მიუხედავად, ხანდაზმულობასაც შეუძლია ბევრი საინტერესო სიახლის შემოთავაზება.