ათეროსკლეროზი

ათეროსკლეროზს მეორენაირად არტერიების გამყარებას (გამყიფებას) უწოდებენ. ის ვითარდება ცხიმოვანი ნივთიერებების ჩალაგებით არტერიების კედლებში. ამ ნივთიერებების ძირითადი შემადგენელი ნაწილი ქოლესტეროლია (ქოლესტერინი). ეს ცხიმოვანი ჩანართები, სხვანაირად, ფოლაქები, ამყიფებენ არტერიების კედლებს და იწვევენ მისი სანათურის მთლიან ან ნაწილობრივ დახშობას.

ათეროსკლეროზი აზიანებს საშუალო სიდიდის არტერიებს: კორონარული (გულის) არტერიები, საძილე არტერიები, ტვინის არტერიები, თირკმლის არტერიები. ხშირად, მსგავსი ფოლაქები არის აორტის კედლებშიც და კიდურების არტერიებშიც.

ათეროსკლეროზის ალბათობა იზრდება ასაკთან ერთად და ის უძლურების წამყვანი მიზეზია.

 

ათეროსკლეროზის განვითარება

თავდაპირველად ხდება არტერიის შიგნითა კედლის დაზიანება, რაც შეიძლება გამოიწვიოს მაღალმა წნევამ, ვირუსულმა ინფექციამ, ნიკოტინის მოხმარებამ, ალერგიამ. დაზიანებულ ადგილას ვითარდება ათეროსკლეროზული ფოლაქი, რომელიც თანდათან იზრდება და იწვევს სისხლძარღვის შევიწროებას (სტენოზი) მის სრულ დახშობამდე. ზოგჯერ ეს ფოლაქი სკდება და მის ზედაპირზე ჩნდება წყლული, რომელზეც წარმოიქმნება თრომბი (იხ. სურათები). თრომბი შეიძლება დიდი იყოს და მთლიანად კეტავდეს სისხლძარღვს, რასაც მოსდევს, მაგალითად, გულის, ფილტვის ან თირკმლის ინფარქტი, ტვინის სისხლის მიმოქცევის მოშლა.

სურათი #1

ჯანმრთელი სისხლძარღვის სანათური

სურათი #2

ათეროსკლეროზული ფოლაქი რომელიც მკვეთრად ამცირებს სანათურის ფართობს; ისრებით ნაჩვენებია დაწყლულებული უბანი ამ ფოლაქზე

სიმპტომები

ათეროსკლეროზი შეიძლება უსიმპტომოდ მიმდინარეობდეს მანამ, სანამ შევიწროებულ სისხლძარღვში სისხლის ნაკადი მნიშვნელოვნად არ შემცირდება (სისხლძარღვის შევიწროება 75%-ზე მეტად). სიმპტომები შეიძლება იყოს მუდმივი ან გამოიხატოს შეტევების სახით.

ეს სიმპტომებია:

  • ტკივილი წვივის კუნთებში სიარულის დროს (ხანგამოშვებითი კოჭლობა);
  • ტკივილი გულმკერდში (სტენოკარდია);
  • თავბრუსხვევა;
  • ტვინის სისხლის მიმოქცევის მოშლა.

რისკ-ფაქტორები

  • თამბაქოს მოხმარება;
  • სისხლში ქოლესტეროლის მაღალი დონე;
  • მაღალი წნევა;
  • დიაბეტი;
  • ათეროსკლეროზის ოჯახური ისტორია (შემთხვევები ახლო ნათესავებში).

 

დიაგნოზი

უდიდესი მნიშვნელობა აქვს პაციენტისგან შეკრებილ ინფორმაციას. შემდეგ კი, ექიმის შეხედულებისამებრ, შეიძლება დაგჭირდეთ შემდეგი გამოკვლევები:

  • ანგიოგრაფია _ არტერიების სპეციალური რენტგენოგრაფიული გამოსახვა;
  • არტერიების ულტრაბგერითი (ექოსკოპიური) გამოკვლევა;
  • ელექტროკარდიოგრამა;
  • დოპლეროგრაფია _ ზომავს სისხლძარღვის შევიწროების ხარისხს და სისხლის ნაკადის სიჩქარეს ამ სისხლძარღვში.

 

მკურნალობა

თქვენი სიმპტომების მიხედვით, ექიმმა შეიძლება გამოგიწეროთ წამლები, რომლებიც აქვეითებენ სისხლში თრომბის წარმოქმნის უნარს, იწვევენ სისხლძარღვთა კედლის რელაქსაციას (მოდუნებას), აქვეითებენ სისხლში ქოლესტეროლის დონეს. ექიმმა უნდა გადაწყვიტოს ქირურგიული მკურნალობის საჭიროებაც.

 

რა უნდა იცოდეს პაციენტმა

  • მიიღეთ წამლები, რომლებიც გამოგიწერათ ექიმმა;
  • რეგულარულად გააკონტროლეთ სისხლის წნევა და ქოლესტეროლის დონე სისხლში;
  • თუ ეწევით, შეწყვიტეთ, ხოლო თუ არ შეგიძლიათ _ მიმართეთ ექიმს რჩევისა და დახმარებისათვის;
  • თუ ჭარბი წონა გაქვთ, ექიმთან ერთად შეიმუშავეთ წონის დაკლების გეგმა;
  • ივარჯიშეთ რეგულარულად, ვარჯიშის გეგმა შეადგინეთ ექიმთან შეთანხმებით;
  • მენიუში შეამცირეთ ცხიმებისა და ქოლესტეროლის დონე, გაზარდეთ მცენარეული საკვების ხვედრითი წილი თქვენს რაციონში;
  • მოძებნეთ გზები ნერვული და ფიზიკური სტრესების შესამცირებლად;
  • მხოლოდ ექიმთან კონსულტაციის შემდეგ მიიღეთ ასპირინი ყოველდღიურად.

 

პროფილაქტიკა

ვინაიდან ათეროსკლეროზის გამომწვევი მიზეზები ბოლომდე დაუდგენელია, ამიტომ მისი თავიდან აცილების გზებიც მთლად ნათელი არ არის; თუმცა, ცხოვრების სტილის შეცვლა ისე, როგორც ზემოთაა აღწერილი, ამცირებს მისი განვითარების ტემპს.

მსგავსი ამბები

ხშირად დასმული კითხვები

https://www.youtube.com/watch?v=v7ZTrbtsrS0 ხშირად დასმული კითხვები მოვლასთან დაკავშირებით 1. როგორ უნდა მოვაწყოთ პაციენტის ოთახი სახლის პირობებში? საწოლი უნდა იდგეს ნათელ,...

ყოველდღიური ცხოვრებისეული საქმიანობები

ყოველდღიური ცხოვრებისეული საქმიანობები • გულისხმობს აქტივობებს შემდეგ სფეროებში: ურთიერთობა; მოძრაობა; სხეულის მოვლა; სასიცოცხლო ფუნქციების ხელშეწყობა; ჭამა-სმა; გამოყოფა;...

რა ნიშნავს მოვლა?

https://www.youtube.com/watch?v=GdoN_FbJyog მოექეცი სხვას ისე, როგორც შენ გინდა, რომ მოგექცნენ... მოვლა ნიშნავს დახმარებას, დაცვას, ზრუნვას, მოქმედებას, მოტივირებას,...

რას ვაკვირდებით მოსავლელ პაციენტთან

https://www.youtube.com/watch?v=Qy7dnJGpwhM საერთო დაკვირვება: • ცხოვრების პირობები • რეაქცია • ცნობიერება • გუნება-განწყობა • სულიერი მდგომარეობა • სიარული • სხეულის დაჭერა შემდეგ ვიკვლევთ: კანი • როგორია? – თბილი თუ ცივი, მშრალი თუ სველი,...

მოვლის მსოფლიო ისტორია

ზრუნვა სხვებზე და მზადყოფნა მათ დასახმარებლად ადამიანთა მოდგმის მნიშვნელოვანი თვისებაა. პირველყოფილი ადამიანები ერთმანეთს ყოველთვის...