გრიპი

გრიპი არის ვირუსული ინფექცია, რომელიც აზიანებს ცხვირს, ხახას, ტრაქეას და ბრონქებს (აირგამტარ გზებს). გრიპის ეპიდემია ძირითადად ვითარდება ზამთარში, თითქმის ყოველწლიურად.

გრიპის ვირუსი იწვევს უფრო სერიოზულ სიმპტომებს და, შესაბამისად, მეტ სამედიცინო პრობლემებს, ვიდრე ჩვეულებრივი გაციების გამომწვევი ვირუსები (ანუ ყველა სახის გაციება გრიპი არ არის). ხანდაზმულები და ქრონიკული ავადმყოფები განსაკუთრებით მძიმედ იტანენ გრიპს, ხშირია გართულებებიც.

 

მიზეზები

გრიპის ვირუსი ვრცელდება წვეთებით, რომელსაც დაავადებულები გამოყოფენ ხველის ან ცემინების დროს. ის შეიძლება გავრცელდეს გრიპით დაავადებულის ხელებიდან ან პირადი მოხმარების ნივთებიდან.

 

სიმპტომატიკა

დაავადება იწყება უეცრად. ჩვეული სიმპტომებია:

  • შემცივნება და ცხელება 38-დან 40C-მდე;
  • ოფლდენა;
  • კუნთების ტკივილი;
  • თავის ტკივილი.

ზემოთ აღწერილ სიმპტომებს სწრაფად მოსდევს:

  • გამონადენი ცხვირიდან და მისი გაჭედვა;
  • ხველა;
  • ყელის ტკივილი;
  • სინათლის აუტანლობა.

 

დიაგნოზი

გრიპის დიაგნოზი გამომდინარეობს სიმპტომებიდან, თუმცა, უნდა გამოირიცხოს ისეთი ინფექციები, როგორიცაა ხახისა და ხორხის ანთება, სინუსიტები (ფრონტიტი, ჰაიმორიტი).

 

მკურნალობა

ხშირად დიაგნოზსა და მკურნალობას ავადმყოფები თვითონვე იტარებენ. ექიმს მიაკითხეთ იმ შემთხვევაში, თუ:

  • თქვენი ასაკი 65 წელზე მეტია;
  • თქვენ გაქვთ გულის დაავადება, ასთმა, ქრონიკული ბრონქიტი, თირკმლის დაავადება ან დიაბეტი;
  • თქვენი იმუნური სისტემა დაქვეითებულია (მაგ., რაიმე სამედიცინო პრობლემის გამო ღებულობთ სტეროიდულ ჰორმონებს);
  • თქვენი სიმპტომები გახდა უფრო სერიოზული ან დაგეწყოთ მტკივნეული ხველა ნახველით. ეს შეიძლება იყოს ფილტვების ანთების ან ბრონქიტის ნიშანი.

როგორ მოვუაროთ საკუთარ თავს სახლში?

  • დაისვენეთ;
  • დალიეთ ბევრი სითხე; უმჯობესია წყალი, ხილის წვენი და უკოფეინო სასმელები. მაღალი ცხელების დროს თქვენს ორგანიზმს მეტი წყალი სჭირდება, ვიდრე ჩვეულებრივ. ბევრი სითხე ამავდროულად ხელს უწყობს ნახველისა და ცხვირის დანამატი ღრუების ლორწოს გათხელებას, რაც აადვილებს მათ გამოდევნას ორგანიზმიდან. როცა ლორწო თხელია, ნაკლებად ვითარდება ისეთი გართულებები, როგორიცაა ბრონქიტი და სინუსიტი.
  • მიიღეთ პარაცეტამოლი ან იბუპროფენი სიცხის დასაწევად და თავისა და კუნთების ტკივილის შესამცირებლად (არ გამოიყენოთ ასპირინი გრიპის დროს). ზოგი ექიმი გვირჩევს, რომ არ მივიღოთ ზომები სიცხის დასაწევად (ეს შეიძლება საშიში იყოს ბავშვებსა და მოხუცებში), რადგან ცხელება არის იმუნური სისტემის რეაქცია ინფექციაზე. ავადმყოფების უმეტესობა ამჯობინებს ტემპერატურის დაქვეითებას 1 ან 2 გრადუსით;
  • ცხვირის გაჭედვის შემთხვევაში, შეიძლება გამოიყენოთ ჩასაწვეთებელი საშუალებები; ისინი თავიდან გვაცილებენ ყურის ან სინუსების ინფექციებს;
  • მიიღეთ ხველის საწინააღმდეგო საშუალებები იოლად ამოსახველებლად;
  • ანტიჰისტამინური საშუალებები (დიმედროლი, სუპრასტინი) შეიძლება მივიღოთ, როცა სურდო არ გაძლევთ ძილის საშუალებას, თუმცა მათ აქვთ ლორწოს გამომშრობი ეფექტი (იწვევენ მის შესქელებას) და, შედეგად, აძნელებენ მის გამოდევნას ორგანიზმიდან.

 

არსებობს მედიკამენტური საშუალებებიც, რომლებსაც აქვთ გარკვეული ეფექტი სიმპტომატიკის შესუსტებისთვის; ისინი ამცირებენ დაავადების ხანგრძლივობასაც: ამანტადინი (სიმადინი), რიმანტადინი (ფლუმადინი), ზანამავირი (რელენზა) და ოსელტამვირი (ტამიფლუ). ამ პრეპარატების მიღება უნდა დაიწყოს 48 საათის განმავლობაში და გაგრძელდეს რამდენიმე დღე. ჩვეული გვერდითი მოვლენებია თავბრუსხვევა, თვალების დაბინდვა.

 

მიმდინარეობა და პროგნოზი

გრიპის სიმპტომატიკა, ჩვეულებრივ, 3-7 დღე გრძელდება. გაუმჯობესება იწყება პირველი 2 დღის შემდეგ. ის შეიძლება გართულდეს ყურის, სინუსების ან ბრონქების ბაქტერიული ინფექციებით. რაც შეეხება ფილტვების ანთებას, ის შეიძლება იყოს როგორც უშუალოდ გრიპის ვირუსის შედეგი, ასევე ბაქტერიისაც, რომელიც ადვილად აღწევს ვირუსით დაზიანებული ფილტვის ქსოვილში. ფილტვების ანთება სიკვდილის ხშირი მიზეზია 65 წელზე უხნეს ასაკში და ვითარდება უმეტესად გრიპის ეპიდემიის დროს ან შემდეგ.

 

პროფილაქტიკა

საუკეთესო პროფილაქტიკური საშუალებაა გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია, რომელიც ყოველწლიურად, ჩვეულებრივ, ოქტომბერში ტარდება. ვინაიდან ვირუსი მუდმივად იცვლება ამიტომ აცრაც ყოველწლიურად უნდა ჩატარდეს. აცრის ახალი ალტერნატივაა ფლუმისტი _ ცხვირში შესასხურებელი ვაქცინა, მაგრამ ის ძალიან ძვირია. როცა ეპიდემია დაწყებულია, ექიმმა შეიძლება დაგინიშნოთ ამანტადინი ან რიმანტადინი. ისინი ამცირებენ დასნებოვნების შანსს და თუ დაავადდებით, მიმდინარეობა უფრო იოლი იქნება. პრეპარატები მანამდე უნდა მიიღოთ, სანამ ეპიდემია არ ჩაქრება. ეპიდემია შეიძლება რამდენიმე კვირა გაგრძელდეს.

უმარტივესი მეთოდი დაავადების თავიდან აცილებისთვის არის ხელების ხშირად დაბანა, სასურველია, ანტიბაქტერიული საპნით.

 

მსგავსი ამბები

შინმოვლის სტანდარტები

შინმოვლის სტანდარტები >> იხილეთ ბმული

შინმოვლის კონცეფცია

შინმოვლის კონცეფცია

შინმოვლის ტექნიკური რეგლამენტი

აღნიშნული დოკუმენტის მიზანია შინმოვლის მინიმალური სტანდარტების განსაზღვრა და შედეგად, შინმოვლის მომსახურების ხარისხის უზრუნველყოფის ხელშეწყობა. წინამდებარე...

საყოფაცხოვრებო-ტექნიკური ჩარევის კითხვარი

საყოფაცხოვრებო-ტექნიკური ჩარევის კითხვარი

ბართელის ინდექსი

ბართელის ინდექსი

შარდის შეკავება და შეუკავებლობა

საშარდე სისტემის სიმპტომები საშარდე სისტემის დარღვევებიდან ყველაზე ხშირია შარდის შეუკავებლობა და დიზურია. შეუკავებლობა მიზეზი: გარეთა საშარდე...