ჰიპერტენზია

 

ჰიპერტენზია ნიშნავს, რომ სისხლის წნევა მუდმივად მაღალია ნორმალურზე. ჰიპერტენზიას უწოდებენ ესენციურს ანუ პირველადს, როცა სისხლის წნევის მომატების მიზეზი უცნობია (როცა მიზეზი ცნობილია, მაგალითად თირკმლის დაავადება ან სიმსივნე, მაშინ მას უწოდებენ მეორად ჰიპერტენზიას). ჰიპერტენზიების 95% ესენციურია.

ნორმალური სისხლის წნევის მაჩვენებლებია 120/80 (ე. წ. 120 80-ზე), მაგრამ სისხლის წნევა შეიძლება აიწიოს ან დავარდეს ვარჯიშის, მოსვენების, ემოციური სტრესის გამო. წნევა იზომება ვერცხლისწყლის სვეტის მილიმეტრებით. ზედა რიცხვი (120) მიუთითებს წნევას, რომელსაც გული ქმნის შეკუმშვისას, როცა სისხლს გადაისვრის აორტასა და არტერიებში (სისტოლური წნევა), ქვედა ციფრი (80) მიუთითებს წნევას, როცა გული ისვენებს, ანუ პულსის დარტყმათა შორის (დიასტოლური წნევა).

ჯანმრთელი ადამიანის წნევა მერყეობს 90/60-დან 120/80-მდე – იგულისხმება სტრესებისგან თავისუფალ, მშვიდ მდგომარეობაში 5 წუთის ყოფნის შემდეგ გაზომილი წნევა.

ჰიპერტენზიის სტადიებია:

  • მოსაზღვრე მაღალი წნევა (პრეჰიპერტენზია) – 120/80-დან 140/90-მდე;
  • I სტადია – 140/90-დან 160/100-მდე;
  • II სტადია – 160/100-ზე მეტი;

არსებობს III და IV სტადიებიც.

განმეორებითი შემოწმებებით დაფიქსირებული 140/90-ზე მეტი სისხლის წნევა მიუთითებს ჰიპერტენზიის არსებობაზე.

 

რატომ არის სისხლის მაღალი წნევა პრობლემა?

როცა სისხლის წნევა მაღალია, თქვენს გულს მეტი ენერგიის დახარჯვა სჭირდება, რათა გადაქაჩოს სისხლის საჭირო მოცულობა სხეულში. გულის დამატებით დატვირთვას მოსდევს მისი კედლების გასქელება, რასაც დროთა განმავლობაში მივყავართ კუნთების დასუსტებამდე. შედეგად, ვითარდება გულის უკმარისობა.

სისხლის მაღალი წნევა ასუსტებს არტერიების კედლებს. ისინი თანდათან უხეშდებიან და ხდებიან მოუქნელნი. შედეგად, სისხლძარღვები სხეულის ორგანოებს ვეღარ აწვდიან სისხლის საკმარის ოდენობას. ჰიპერტენზია აჩქარებს სისხლძარღვების ათეროსკლეროზულ დაზიანებასაც, რომელიც თავის მხრივ წამყვანი მიზეზია გულის შეტევებისა და თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის მოშლისა.

ჰიპერტენზია აზიანებს თირკმლებსა და თვალებსაც.

რაც უფრო დიდხანს გექნებათ მაღალი სისხლის წნევა, მით მეტია იმის შანსი, რომ ზემოთ ჩამოთვლილი პრობლემები გაგივითარდეთ.

 

მიზეზები

არ არსებობს კონკრეტული მიზეზი, რომელიც უშუალოდ იწვევს ჰიპერტენზიას, თუმცა არსებობს ხელშემწყობი ფაქტორები:

  • ჭარბი წონა;
  • თამბაქოს მოხმარება;
  • მარილიანი საკვები;
  • ალკოჰოლის ჭარბი რაოდენობით მიღება.

სხვა მნიშვნელოვანი ფაქტორებია:

  • რასა – მაგალითად, აფრო-ამერიკელები უფრო ხშირად ავადდებიან;
  • სქესი – ავადობის სიხშირე მეტია მამაკაცებში 55 წლამდე, ხოლო 75 წლის შემდეგ მატულობს ქალებში;
  • მემკვიდრეობა – თუ თქვენს მშობლებს ჰქონდათ მაღალი სისხლის წნევა, მაშინ უფრო დიდი რისკის ქვეშ ხართ;
  • ასაკი – ხანდაზმულები მეტად არიან მიდრეკილნი მაღალი წნევისაკენ.

სისხლის წნევის ხანმოკლე დროით გაზრდა შეუძლია ზოგიერთ პრეპარატს, სტრესს, ყავას, მაგრამ მათი ხანგრძლივი ეფექტი დადგენილი არ არის.

 

სიმპტომატიკა

ხშირად, დაავადება ხანგრძლივი დროის განმავლობაში უსიმპტომოდ მიმდინარეობს, ამიტომაც, სისხლის წნევა უნდა გაიზომოთ, სულ მცირე. წელიწადში ერთხელ.

ჰიპერტენზიის სიმპტომებია:

  • თავის ტკივილი;
  • ადვილად დაღლა;
  • თავბრუსხვევა;
  • ცხვირიდან სისხლდენა;
  • გულმკერდში ტკივილი;
  • სუნთქვის უკმარისობა;
  • იშვიათად, პირველივე სიმპტომი შეიძლება იყოს ინსულტი.

 

დიაგნოზის დადგენა

თუ ორი თვის განმავლობაში სამჯერ მაინც დაფიქსირდა სისხლის წნევის მომატება, ესე იგი თქვენ დაავადებული ხართ ჰიპერტენზიით. ექიმმა შეიძლება დაგინიშნოთ შემდეგი გამოკვლევები: სისხლის და შარდის ანალიზები, გულმკერდის რენტგენოგრამა, ელექტროკარდიოგრამა, ზოგჯერ, წნევის 24-საათიანი მონიტორინგი. ყველა ეს ტესტი კეთდება წნევის სავარაუდო მიზეზების გამოსავლენად.

 

მკურნალობა

თუ თქვენი წნევა ნორმაზე მეტია (პრეჰიპერტენზია), პირველ ეტაპზე საჭიროა ჭარბი წონის დაკლება, უმარილო დიეტა, ვარჯიშები. თუ ეს საკმარისი არ აღმოჩნდება, ექიმმა უნდა დაგინიშნოთ მედიკამენტები. საშიშია მათი თვითნებურად მიღება.

მკურნალობის დროს საყურადღებოა:

  • მიიღეთ წამლები რეგულარულად, ზუსტად დანიშულების მიხედვით. დაუყოვნებლივ აცნობეთ თქვენს ექიმს გვერდითი მოვლენების შესახებ;
  • რეგულარულად მიაკითხეთ ექიმს მკურნალობის მეთვალყურეობისთვის;
  • ზოგჯერ წამლის შერჩევას რამდენიმე კვირა და თვეც კი სჭირდება.

 

რა უნდა გაითვალისწინოთ

  • თვითნებურად არ შეცვალოთ წამლის დოზა და არ შეწყვიტოთ წამლის მიღება;
  • ამოწმოთ სისხლის წნევა იმ სიხშირით, რომელსაც ექიმი გირჩევთ;
  • თუ ეწევით, შეწყვიტეთ;
  • დაიცავით დიეტა: შეზღუდეთ რაციონში ცხიმები, ხორცი, ტკბილეული; გაზარდეთ მცენარეული პროდუქტები, თევზი.

მსგავსი ამბები

შინმოვლის სტანდარტები

შინმოვლის სტანდარტები >> იხილეთ ბმული

შინმოვლის კონცეფცია

შინმოვლის კონცეფცია

შინმოვლის ტექნიკური რეგლამენტი

აღნიშნული დოკუმენტის მიზანია შინმოვლის მინიმალური სტანდარტების განსაზღვრა და შედეგად, შინმოვლის მომსახურების ხარისხის უზრუნველყოფის ხელშეწყობა. წინამდებარე...

საყოფაცხოვრებო-ტექნიკური ჩარევის კითხვარი

საყოფაცხოვრებო-ტექნიკური ჩარევის კითხვარი

ბართელის ინდექსი

ბართელის ინდექსი

შარდის შეკავება და შეუკავებლობა

საშარდე სისტემის სიმპტომები საშარდე სისტემის დარღვევებიდან ყველაზე ხშირია შარდის შეუკავებლობა და დიზურია. შეუკავებლობა მიზეზი: გარეთა საშარდე...