რა არის კოვიდ-19?
კოვიდ-19 არის აბრევიატურა, რაც ნიშნავს „კორონავირუსული დაავადება 2019“. მისი გამომწვევია კორონავირუსი SARS-CoV-2. ეს ვირუსი გამოჩნდა 2019 წელს და სწრაფად გავრცელდა მსოფლიოში.
კოვიდ-19-ით დაავადებულ ადამიანებს შეიძლება ჰქონდეთ ცხელება, ხველა, სუნთქვის გაძნელება და სხვა სიმპტომატიკა. სუნთქვის პრობლემები შეიძლება წარმოიქმნას, როცა ვირუსი აღწევს ფილტვებს და იწვევს ანთებას (პნევმონიას).
შემთხვევათა უმეტესობაში დაავადება უსიმპტომოდ ან მსუბუქად მიმდინარეობს. ხანდაზმულები და ქრონიკული დაავადების მქონე პირები მეტად მოწყვლადები არიან ინფექციის მიმართ.
როგორ ვრცელდება კოვიდ-19?
ვირუსი, რომელიც იწვევს კოვიდ-19-ს, ძირითადად ვრცელდება ადამიანიდან ადამიანზე. ჩვეულებრივ, ეს ხდება, როცა დაინფიცირებული პიროვნება ახველებს, აცემინებს ან საუბრობს სხვებთან ახლოს. ვირუსი გადაეცემა წვეთების საშუალებით, რომელსაც გამოჰყოფს დაავადებულის ფილტვები და სასუნთქი გზები. ეს წვეთები ადვილად გადადის ჰაერის გზით ერთი ადამიანიდან მეორეზე. ზოგ შემთხვევაში, გაუნიავებელ სივრცეებში, ვირუსი შეიძლება გავრცელდეს უფრო დაშორებულ მანძილზეც.
ვირუსი ადვილად ვრცელდება ერთად მცხოვრებ ადამიანებს შორის, შეკრების ადგილებზე, სადაც ადამიანები ლაპარაკობენ, ხელს ართმევენ ან ეხვევიან ერთმანეთს, ჭამენ, მღერიან. რესტორანში კვება ზრდის ინფექციის რისკს, ვინაიდან სტუმრები სხედან ერთმანეთთან ახლოს ისე, რომ არ იფარავენ სახეს. ექიმები ფიქრობენ, რომ ვირუსი შეიძლება გადაეცეს მაშინაც, თუ შეეხები ვირუსით დაბინძურებულ ზედაპირებს და შემდეგ საკუთარ პირს, ცხვირს ან თვალებს.
შესაძლოა, ვირუსი ადამიანიდან შინაურ ცხოველზე გავრცელდეს, თუმცა ეს იშვიათია. შინაური ცხოველიდან ადამიანზე გავრცელების შემთხვევები აღწერილი არ არის.
შეიძლება დაინფიცირდეთ და ვირუსი გაავრცელოთ მაშინაც კი, თუ სიმპტომები არ გაქვთ. სწორედ ამიტომ არის თვითიზოლაცია დაავადების გავრცელების შეკავების საუკეთესო გზა.
რა არის კოვიდ-19 სიმპტომატიკა?
სიმპტომები იწყება ვირუსით დაინფიცირებიდან 4-5 დღის შემდეგ, ზოგჯერ კი 2 კვირის შემდეგაც. შემთხვევათა ნაწილი საერთოდ უსიმპტომო რჩება.
სიმპტომები მოიცავს შემდეგს:
- ცხელება,
- ხველა,
- სუნთქვის გაძნელება,
- დაღლილობა,
- შემცივნება, კანკალი,
- კუნთების ტკივილი,
- თავის ტკივილი,
- ყელის ტკივილი,
- ყნოსვის და გემოს პრობლემები.
ზოგჯერ გამოიხატება კუჭ-ნაწლავის სიმპტომები – გულისრევა, ფაღარათი. არსებობს მონაცემები გამონაყარის ან კანის სხვა სიმპტომატიკის შესახებაც, მაგ., მოწითალო/მეწამული ლაქები თითებზე.
უმეტეს შემთხვევაში, სიმპტომები უმჯობესდება რამდენიმე კვირის განმავლობაში. პაციენტების მცირე ნაწილი ძალიან ცუდად ხდება და უჭირთ დამოუკიდებლად სუნთქვა. მძიმე შემთხვევაში, ორგანოები წყვეტენ მუშაობას, რაც შეიძლება სიკვდილითაც დამთავრდეს.
ზოგჯერ კოვიდ-19-ის გარკვეული სიმპტომატიკა გრძელდება კვირების და თვეების განმავლობაში. გახანგრძლივებული შემთხვევები უფრო ხშირად მოსდევს მძიმედ მიმდინარე დაავადებას, რის გამოც პაციენტს საავადმყოფოში დასჭირდა მკურნალობა. ექიმები ჯერ კიდევ სწავლობენ კოვიდ-19-ის ხანგრძლივ ეფექტებს.
ბავშვები შეიძლება დაინფიცირდნენ კოვიდ-19-ით, მაგრამ მათ ნაკლებად უვითარდებათ მძიმე სიმპტომატიკა.
მაქვს სერიოზული ავადობის რისკი?
ეს დამოკიდებულია თქვენს ასაკზე და ზოგად ჯანმრთელობაზე. ზოგჯერ კოვიდ-19 იწვევს ისეთ სერიოზულ პრობლემებს, როგორიცაა ფილტვების ანთება, ჟანგბადის უკმარისობა, გულის პრობლემები და სიკვდილიც კი. ეს რისკი იზრდება ასაკთან ერთად (>65წ.). რისკები ასევე მაღალია მათში, ვისაც აქვთ სერიოზული გულის დაავადებები, თირკმლის ქრონიკული დაავადება, დიაბეტი ტიპი 2, ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება (ქრონიკული ბრონქიტი), მკვეთრად გამოხატული სიმსუქნე. დაავადების გართულების რისკს ზრდის იმუნური სისტემის დარღვევებით მიმდინარე დაავადებებიც (მაგ: შიდსი, სხვადასხვა პრეპარატებით მკურნალობა, ასთმა, კისტური ფიბროზი, დიაბეტი ტიპი 1, მაღალი წნევა).
არსებობს ტესტი კოვიდ-19-ის გამომწვევი ვირუსის აღმოსაჩენად?
ასეთი ტესტები არსებობს. ინფიცირების ეჭვის შემთხვევაში, საჭიროა ანალიზის/მასალის აღება ცხვირიდან ან პირიდან, ზოგჯერ, შეიძლება ნერწყვიდანაც.
კოვიდ-19-ის სადიაგნოსტიკოდ ორი ტესტია მიღებული:
- „ნუკლეინური მჟავის ტესტები“ – პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქცია (პჯრ), რომელიც აღმოაჩენს ვირუსის გენეტიკურ მასალას – დნმ-ს.
- ანტიგენის ტესტი, რომელიც აღმოაჩენს ვირუსის ცილებს. ეს ტესტი შედეგს უფრო მალე იძლევა, თუმცა, შედარებით ნაკლებად სარწმუნოა, ვიდრე ნუკლეინური მჟავის ტესტები (პჯრ).
საქართველოში ლაბორატორიათა უმრავლესობა პჯრ ტესტის პასუხს 24-48 სთ-ის განმავლობაში იძლევა, ანტიგენის ტესტის პასუხს – 1 საათის განმავლობაში.
არსებობს ასევე სისხლის ტესტები, რომელსაც შეუძლიათ აჩვენოს, ჰქონდა თუ არა პაციენტს კოვიდ-19 წარსულში. მათ ანტისხეულების ტესტებს უწოდებენ. როგორც წესი, ეს ტესტები არ გამოიყენება დაავადების სადიაგნოსტიკოდ.
როგორ შევძლოთ კოვიდ-19-ის პრევენცია?
პრევენციის ყველაზე ეფექტური მეთოდი არის ვაქცინაცია.
სანამ ვაქცინაცია ყველასთან ჩატარდება, უნდა მივიღოთ შემდეგი ზომები:
- ფიზიკური დისტანცირება არა მარტო დაავადებულებისგან, არამედ ყველასგან. მოერიდეთ თავშეყრას, ხოლო თუ ეს შეუძლებელია, მაშინ იყავით სხვა ადამიანისგან 2 მ დისტანციაზე.
- ატარეთ ნიღაბი, განსაკუთრებით, თუ თქვენ ინფიცირებული ხართ, მაშინაც კი, როცა არ გაქვთ სიმპტომები და ნაკლებად მოსალოდნელია, რომ გაავრცელოთ ინფექცია. ნიღაბი უნდა ფარავდეს თქვენს ცხვირს და პირს.
- სამედიცინო სფეროში მომუშავეთათვის რეკომენდებულია ქირურგიული ნიღაბი. ჩვეულებრივ შემთხვევაში შეიძლება ნაჭრის ნიღაბიც. ნიღაბთან შეხების შემდეგ არ შეეხოთ თვალებს, ცხვირს და პირს, დაიბანეთ ხელები ნიღაბთან ხელებით ნებისმიერი შეხების შემდეგ. ნაჭრის ნიღაბი შეიძლება ჩვეულებრივად გარეცხოთ.
- დაიბანეთ ხელები საპნით და წყლით ხშირად, განსაკუთრებით, თუ გარეთ იყავით და ეხებოდით ზედაპირებს, რომლებსაც ხშირად ეხებიან სხვებიც, მაგ., კარების ან კიბეების სახელურებს. მიუხედავად იმისა, რომ დაინფიცირების რისკი ასეთი შეხებისგან ნაკლებია, ხელების დაიბანა დაგიცავთ ისეთი ავადმყოფობებისგანაც, როგორიცაა გაციება და გრიპი.
- ხელების საპნით დაბანა უნდა გაგრძელდეს, სულ მცირე, 20 წამის განმავლობაში, უნდა გაიწმინდოთ მაჯები, ფრჩხილები, თითებს შორის არეები, შემდეგ გადაივლოთ წყალი და გაიმშრალოთ ქაღალდის ერთჯერადი ხელსახოცით. თუ არ ხართ ხელსაბანთან ახლოს, მაშინ გამოიყენეთ ხელის სანიტაიზერი ხსნარები. გელები, რომელიც შეიცავენ სულ მცირე 60% ალკოჰოლს, მუშაობენ უკეთესად, მაგრამ წყალს და საპონს ვერც ერთი ვერ შეედრება.
- მოერიდეთ სახეზე ხელით შეხებას, განსაკუთრებით, პირს, ცხვირს, თვალებს.
- მოერიდეთ მოგზაურობას, თუ ეს შესაძლებელია, განსაკუთრებით, იმ ადგილებში, სადაც კოვიდ-19-ის ბევრი შემთხვევაა. არ არის რეკომენდებული დაყოვნება თავშეყრის ადგილებში, მაგ., აეროპორტში; ეს ზრდის დაინფიცირების რისკს.
- წინასწარ შეამოწმეთ, რა რეგულაციებია დაწესებული იმ ქვეყანაში, სადაც მიემგზავრებით.
რა არის ჯოგური იმუნიტეტი?
- ჯოგური იმუნიტეტი გულისხმობს ადამიანთა საკმარისი რაოდენობის მიერ იმუნიტეტის შეძენას, რის გამოც დაავადება ადვილად აღარ ვრცელდება. ეს ხდება იმ შემთხვევაში, თუ ადამიანი ვაქცინირებულია ან თუ უკვე ჰქონდა დაავადება და გამოჯანმრთელდა. ექიმები ზუსტ რიცხვებს ვერ ასახელებენ, მაგრამ იგულისხმება დაახლოებით 50-67%.
- შეიძლება ვინმემ იფიქროს, რომ სჯობს ჯოგური იმუნიტეტის შეძენა ვაქცინაციის გარეშე – ანუ არ მივიღოთ საპროფილაქტიკო ზომები, დავინფიცირდეთ და გამოჯანმრთელებისას გვექნება იმუნიტეტი. ეს არ არის კარგი გზა – მართალია, დაავადება უმეტეს შემთხვევაში არ იწვევს მძიმე სიმპტომებს, მაგრამ ასეთი მიდგომა მაინც მნიშვნელოვნად გაზრდის სიკვდილობას. გარდა ამისა, არ ვიცით რამდენ ხანს გვიცავს იმუნიტეტი კოვიდ ინფექციისგან გამოჯანმრთელების შემდეგ.
- ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, უნდა გავაგრძელოთ ფიზიკური დისტანცირება, ნიღბის ტარება და ხელების დაბანა, რათა დავიცვათ თავი და გარშემომყოფები.
რა უნდა ვქნა, თუ მაქვს სიმპტომები?
თუ გაქვთ ცხელება, ხველა, სუნთქვის გაძნელება ან სხვა კოვიდ-19 სიმპტომები, დაურეკეთ ექიმს. ის შეაფასებს ინფიცირების რისკს (კონტაქტები, მოგზაურობა), განსაზღვრავს ტესტირების საჭიროებას და შემდგომ ტაქტიკას.
თუ თქვენი სიმპტომები მსუბუქია, ჯერ დარეკეთ ექიმთან. ის გეტყვით, საჭიროა თუ არა კლინიკაში მისვლა. მსუბუქი სიმპტომების დროს უმჯობესია დარჩეთ სახლში და მოერიდოთ ხალხს, სანამ უკეთ არ გახდებით. თუ გჭირდებათ საავადმყოფოში ვიზიტი, დაიცავით სხვების უსაფრთხოება.
თუ თქვენ მძიმედ ხართ ავად და გჭირდებათ კლინიკაში მკურნალობა, მაინც უმჯობესია, ჯერ მიიღოთ სატელეფონო კონსულტაცია. თუ თვლით, რომ მდგომარეობა გადაუდებელია, დარეკეთ 112-ზე.
როგორ უნდა მოვიქცე იმ შემთხვევაში თუ კარგად ვგრძნობ თავს, თუმცა ვფიქრობ, რომ მქონდა კონტაქტი დაინფიცირებულთან?
ასეთ შემთხვევაში ჩაიტარეთ ტესტირება მაშინაც კი, თუ არა გაქვთ სიმპტომები. დაურეკეთ თქვენს ექიმს/ექთანს, თუ არ იცით სად ტარდება ტესტირება. გადადით თვითიზოლაციაში – დარჩით შინ და შინაურებისგან 2 მეტრის დაცილებით, დააკვირდით სიმპტომებს.
ყველაზე უსაფრთხოა, თუ კონტაქტის შემდეგ დაიცავთ თვითიზოლაციას 14 დღის განმავლობაში. ზოგჯერ შეიძლება კარანტინის ადრე შეწყვეტა, განსაკუთრებით, თუ ტესტი უარყოფითია, მაგრამ 14 დღე მაინც განსაკუთრებული ყურადღებით უნდა მოიქცეთ ინფექციის კონტროლის თვალსაზრისით.
როგორ მკურნალობენ კოვიდ-19-ს?
ადამიანების უმრავლესობას შეუძლია დარჩეს სახლში გამოჯანმრთელებამდე. პაციენტები სერიოზული სიმპტომებით ან დამატებით ჯანმრთელობის სხვა პრობლემებით ხშირად საჭიროებენ ჰოსპიტალიზაციას.
- მსუბუქი დაავადება – ნიშნავს, რომ თქვენ შეიძლება გაქვთ ცხელება ან ხველა, მაგრამ არ გაქვთ სუნთქვის გაძნელება. კოვიდ-19-ით ინფიცირებულების უმრავლესობას აქვს მსუბუქი მიმდინარეობა. გამომჯობინებამდე საკმარისია მოსვენებითი რეჟიმი სახლში. როგორც წესი, ამას 2 კვირა სჭირდება, თუმცა ყოველთვის ასე არ არის. თუ თქვენი მდგომარეობა უმჯობესდება, მნიშვნელოვანია, დარჩეთ თვითიზოლაციაში, სანამ ექიმი არ გადაწყვეტს, რომ ეს საკმარისია. თვითიზოლაციის დრო დამოკიდებულია იმაზე, თუ როდის დაგეწყოთ სიმპტომები. ასევე, ინფორმატიულია ტესტის უარყოფითი პასუხი (რაც უჩვენებს, რომ ვირუსი აღარ არის თქვენს სხეულში).
- მძიმე დაავადება – თუ თქვენ უფრო მძიმედ მიმდინარე სიმპტომები გაქვთ, რაც მოიცავს სუნთქვის გაძნელებას, შეიძლება დაგჭირდეთ ჰოსპიტალიზაცია, შესაძლოა რეანიმაციულ/ინტენსიური თერაპიის განყოფილებაშიც კი. შეიძლება დაგჭირდეთ ჟანგბადით თერაპია, ზოგჯერ, მართვითი სუნთქვაც.
ექიმები სწავლობენ კოვიდ-19-ის მკურნალობის სხვადასხვა საშუალებებს. იყენებენ მხოლოდ იმ პრეპარატებს, რომლებმაც დანამდვილებით აჩვენეს შედეგი კრიტიკული ან სწრაფად გაუარესებადი სიმპტომების დროს. პაციენტებს შეიძლება შესთავაზონ კლინიკურ კვლევაში ჩართვაც. ექიმთან შეთანხმების გარეშე, თქვენით არ გამოიყენოთ არც ერთი მედიკამენტი.
რა უნდა ვქნა, თუ ვინმეს ჩემს სახლში აქვს კოვიდ-19?
უნდა გაითვალისწინოთ შემდეგი რეკომენდაციები საკუთარი თავის და სხვების დასაცავად:
- ავადმყოფი მოასვენეთ ცალკე ოთახში, მან უნდა გამოიყენოს ცალკე ტუალეტი/სააბაზანო, თუ შესაძლებელია, ჭამოს თავის ოთახში. ასევე, სჯობს იყოს შინაური ცხოველებისგან მოშორებითაც, სანამ გამოჯანმრთელდება.
- ავადმყოფმა უნდა ატაროს ნიღაბი, თუ ის სხვებთან ერთადაა ოთახში; თუ ამას ვერ ახერხებს, მაშინ სხვებმა უნდა ატარონ ნიღაბი.
- ხშირად დაიბანეთ ხელები საპნით და წყლით.
- განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ სისუფთავეს:
- გამოიყენეთ ერთჯერადი ხელთათმანი წმენდის დროს. დაიბანეთ ხელები ხელთათმანის მოცილების შემდეგ;
- რეგულარულად გაწმინდეთ საგნები, რასაც ხშირად ეხებიან – სახელურები, საწოლთან არსებული მაგიდები, კომპიუტერი, ტელეფონი, ტუალეტის და სააბაზანოს ზედაპირები;
- შეიძლება გაწმინდოთ საგნები საპნით და წყლით, თუმცა შესაბამის ზედაპირებზე შეიძლება დეზინფექტანტიც გამოიყენოთ. ზოგიერთი საწმენდი საშუალება კლავს ბაქტერიებს, მაგრამ არა ვირუსებს, ამიტომ შეამოწმეთ ინსტრუქცია.
რა უნდა ვქნა სტრესის და შფოთვის შემთხვევაში?
ნორმალურია, თუ გრძნობთ დაძაბულობას, შფოთვას და წუხილს კოვიდ-19-ის გამო. ასევე, ნორმალურია, თუ გრძნობთ სტრესს და სიმარტოვეს, რაკი არ შეგიძლიათ თქვენი ჩვეული ქმედებების განხორციელება, ვერ ნახულობთ მეგობრებს, ნათესავებს. სცადეთ, მიჰყვეთ შემდეგ რეკომენდაციებს:
- შეისვენეთ ახალი ამბებისგან;
- რეგულარულად ივარჯიშეთ და მიირთვით ჯანმრთელი საკვები;
- მოძებნეთ საქმიანობა, რაც გართობთ, გსიამოვნებთ და შეგიძლიათ სახლში შეასრულოთ;
- იქონიეთ დისტანციური კავშირი მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან.
გახსოვდეთ, რომ ადამიანების უმრავლესობა არ ხდება მძიმედ ავად კოვიდ-19-ით. მნიშვნელოვანია შეამციროთ ვირუსის გავრცელების რისკები. ნუ მიეცემით პანიკას.