კოვიდ – 19

 

 

რა არის კოვიდ-19?

კოვიდ-19 არის აბრევიატურა, რაც ნიშნავს „კორონავირუსული დაავადება 2019“. მისი გამომწვევია კორონავირუსი SARS-CoV-2. ეს ვირუსი გამოჩნდა 2019 წელს და სწრაფად გავრცელდა მსოფლიოში.

კოვიდ-19-ით დაავადებულ ადამიანებს შეიძლება ჰქონდეთ ცხელება, ხველა, სუნთქვის გაძნელება და სხვა სიმპ­ტომატიკა. სუნთქვის პრობლემები შეიძლება წარმოიქმნას, როცა ვირუსი აღწევს ფილ­ტვებს და იწვევს ანთებას (პნევმონიას).

შემთხვევათა უმეტესობაში დაავადება უსიმპტომოდ ან მსუბუქად მიმდინარეობს. ხანდაზმულები და ქრონიკული დაავადების მქონე პირები მეტად მოწყვლადები არიან ინფექციის მიმართ.

 

როგორ ვრცელდება კოვიდ-19?

ვირუსი, რომელიც იწვევს კოვიდ-19-ს, ძირითადად ვრცელდება ადამიანიდან ადამიანზე. ჩვეულებრივ, ეს ხდება, როცა დაინფიცირებული პიროვნება ახველებს, აცემინებს ან საუბრობს სხვებთან ახლოს. ვირუსი გადაეცემა წვეთების საშუალებით, რომელსაც გამოჰყოფს დაავადებულის ფილტვები და სასუნთქი გზები. ეს წვეთები ადვილად გადადის ჰაერის გზით ერთი ადამიანიდან მეორეზე. ზოგ შემთხვევაში, გაუნიავებელ სივრცეებში, ვირუსი შე­იძ­ლება გავრცელდეს უფრო დაშორებულ მანძილზეც.

ვირუსი ადვილად ვრცელდება ერთად მცხოვრებ ადამიანებს შორის, შეკრების ადგილებზე, სადაც ადამიანები ლაპარაკობენ, ხელს ართმევენ ან ეხვევიან ერთმანეთს, ჭამენ, მღერიან. რესტორანში კვება ზრდის ინფექციის რისკს, ვინაიდან სტუმრები სხე­დან ერთმანეთთან ახლოს ისე, რომ არ იფარავენ სახეს. ექიმები ფიქრობენ, რომ ვირუსი შე­იძლება გადაეცეს მაშინაც, თუ შეეხები ვირუსით დაბინძურებულ ზედაპირებს და შემდეგ საკუ­თარ პირს, ცხვირს ან თვალებს.

შესაძლოა, ვირუსი ადამიანიდან შინაურ ცხოველზე გავრცელდეს, თუმცა ეს იშვიათია. შინაური ცხოველიდან ადამიანზე გავრცელების შემთხვევები აღწერილი არ არის.

შეიძლება დაინფიცირდეთ და ვირუსი გაავრცელოთ მაშინაც კი, თუ სიმპტომები არ გაქვთ. სწორედ ამიტომ არის თვითიზოლაცია დაავადების გავრცელების შეკავების საუკეთესო გზა.

 

რა არის კოვიდ-19 სიმპტომატიკა?

სიმპტომები იწყება ვირუსით დაინფიცირებიდან 4-5 დღის შემდეგ, ზოგჯერ კი 2 კვი­­რის შემდეგაც. შემთხვევათა ნაწილი საერთოდ უსიმპტომო რჩება.

სიმპტომები მოიცავს შემდეგს:

  • ცხელება,
  • ხველა,
  • სუნთქვის გაძნელება,
  • დაღლილობა,
  • შემცივნება, კანკალი,
  • კუნთების ტკივილი,
  • თავის ტკივილი,
  • ყელის ტკივილი,
  • ყნოსვის და გემოს პრობლემები.

ზოგჯერ გამოიხატება კუჭ-ნაწლავის სიმპტომები – გულისრევა, ფაღარათი. არსე­ბობს მონაცემები გამონაყარის ან კანის სხვა სიმპტომატიკის შესახებაც, მაგ., მოწითა­ლო/მე­წა­მუ­ლი ლაქები თითებზე.

უმეტეს შემთხვევაში, სიმპტომები უმჯობესდება რამდენიმე კვირის განმავლობაში. პაციენ­ტე­ბის მცირე ნაწილი ძალიან ცუდად ხდება და უჭირთ დამოუკიდებლად სუნთქვა. მძიმე შემ­თხვე­ვაში, ორგანოები წყვეტენ მუშაობას, რაც შეიძლება სიკვდილითაც დამთავრდეს.

ზოგჯერ კოვიდ-19-ის გარკვეული სიმპტომატიკა გრძელდება კვირების და თვეების განმავლობაში. გახანგრძლივებული შემთხვევები უფრო ხშირად მოსდევს მძიმედ მიმდინარე დაავადებას, რის გამოც პაცი­ენტს სა­ავა­დმყოფოში დასჭირდა მკურნალობა. ექიმები ჯერ კიდევ სწავლობენ კო­ვიდ-19-ის ხან­გრძ­ლივ ეფექტებს.

ბავშვები შეიძლება დაინფიცირდნენ კოვიდ-19-ით, მაგრამ მათ ნაკლებად უვითარდებათ მძი­­მე სიმპტომატიკა.

 

მაქვს სერიოზული ავადობის რისკი?

ეს დამოკიდებულია თქვენს ასაკზე და ზოგად ჯანმრთელობაზე. ზოგჯერ კოვიდ-19 იწვევს ისეთ სერიოზულ პრობლემებს, როგორიცაა ფილტვების ანთება, ჟანგბადის უკმარისობა, გუ­ლის პრობლემები და სიკვდილიც კი. ეს რისკი იზრდება ასაკთან ერთად (>65წ.). რისკები ასევე მაღალია მათში, ვისაც აქვთ სერიოზული გულის დაავადებები, თირკმლის ქრონიკული დაავადება, დიაბეტი ტიპი 2, ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება (ქრო­ნი­კუ­ლი ბრონქიტი), მკვეთრად გამოხატული სიმსუქნე. დაავადების გართულების რისკს ზრდის იმუნური სისტემის დარღვევებით მიმდინარე დაავადებებიც (მაგ: შიდსი, სხვადასხვა პრეპარატებით მკურნალობა, ასთმა, კისტური ფიბროზი, დიაბეტი ტიპი 1, მაღალი წნევა).

 

არსებობს ტესტი კოვიდ-19-ის გამომწვევი ვირუსის აღმოსაჩენად?

ასეთი ტესტები არსებობს. ინფიცირების ეჭვის შემთხვევაში, საჭიროა ანალიზის/მასალის აღება ცხვირიდან ან პირი­დან, ზოგჯერ, შეიძლება ნერწყვიდანაც.

კოვიდ-19-ის სადიაგნოსტიკოდ ორი ტესტია მიღებული:

  • „ნუკლეინური მჟავის ტესტები“ – პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქცია (პჯრ), რომე­ლიც აღმოაჩენს ვირუსის გენეტიკურ მასალას – დნმ-ს.
  • ანტიგენის ტესტი, რომელიც აღმოაჩენს ვირუსის ცილებს. ეს ტესტი შედეგს უფრო მა­ლე იძლევა, თუმცა, შედარებით ნაკლებად სარწმუნოა, ვიდრე ნუკლეინური მჟავის ტესტები (პჯრ).

საქართველოში ლაბორატორიათა უმრავლესობა პჯრ ტესტის პასუხს 24-48 სთ-ის განმავ­ლო­ბა­ში იძლევა, ანტიგენის ტესტის პასუხს – 1 საათის განმავლობაში.

არსებობს ასევე სისხლის ტესტები, რომელსაც შეუძლიათ აჩვენოს, ჰქონდა თუ არა პაცი­ენტს კოვიდ-19 წარსულში. მათ ანტისხეულების ტესტებს უწოდებენ. როგორც წესი, ეს ტესტები არ გამოიყენება დაავადების სადიაგნოსტიკოდ.

 

როგორ შევძლოთ კოვიდ-19-ის პრევენცია?

პრევენციის ყველაზე ეფექტური მეთოდი არის ვაქცინაცია.

სანამ ვაქცინაცია ყველასთან ჩატარდება, უნდა მი­ვიღოთ შემდეგი ზომები:

  • ფიზიკური დისტანცირება არა მარტო დაავადებულებისგან, არა­მედ ყველასგან. მოერიდეთ თავშეყრას, ხო­ლო თუ ეს შეუძლებელია, მაშინ იყავით სხვა ადამიანისგან 2 მ დისტანციაზე.
  • ატარეთ ნიღაბი, განსაკუთრებით, თუ თქვენ ინფიცირებული ხართ, მაშინაც კი, როცა არ გაქვთ სიმპტომები და ნაკლებად მოსალოდნელია, რომ გაავრცელოთ ინფექცია. ნიღაბი უნდა ფარავდეს თქვენს ცხვირს და პირს.
  • სამედიცინო სფეროში მომუშავეთათვის რეკომენდებულია ქირურგიული ნიღაბი. ჩვეულებრივ შემთხვევაში შეიძლება ნაჭრის ნიღაბიც. ნიღაბთან შეხების შემდეგ არ შეეხოთ თვალებს, ცხვირს და პირს, დაიბანეთ ხელები ნიღაბთან ხელებით ნე­ბის­მი­ე­რი შეხების შემდეგ. ნაჭრის ნიღაბი შეიძლება ჩვეულებრივად გარეცხოთ.
  • დაიბანეთ ხელები საპნით და წყლით ხშირად, განსაკუთრებით, თუ გარეთ იყავით და ეხებოდით ზედაპირებს, რომლებსაც ხშირად ეხებიან სხვებიც, მაგ., კარების ან კიბე­ების სახელურებს. მიუხედავად იმისა, რომ დაინფიცირების რისკი ასეთი შეხების­გან ნაკლებია, ხელების დაიბანა დაგიცავთ ისეთი ავადმ­ყოფო­ბე­ბის­განაც, როგორიცაა გა­ცი­ება და გრიპი.
  • ხელების საპნით დაბანა უნდა გაგრძელდეს, სულ მცირე, 20 წამის განმავლობაში, უნდა გაიწმინდოთ მა­ჯები, ფრჩხილები, თითებს შორის არეები, შემდეგ გადაივლოთ წყალი და გაიმ­შრა­ლოთ ქაღალდის ერთჯერადი ხელსახოცით. თუ არ ხართ ხელსაბანთან ახლოს, მაშინ გამო­იყენეთ ხელის სანიტაიზერი ხსნარები. გელები, რომელიც შეიცავენ სულ მცირე 60% ალკოჰოლს, მუშაობენ უკეთესად, მაგრამ წყალს და საპონს ვერც ერთი ვერ შეედ­რე­ბა.
  • მოერიდეთ სახეზე ხელით შეხებას, განსაკუთრებით, პირს, ცხვირს, თვალებს.
  • მოერიდეთ მოგზაურობას, თუ ეს შესაძლებელია, განსაკუთრებით, იმ ადგილებში, სა­დაც კოვიდ-19-ის ბევრი შემთხვევაა. არ არის რეკომენდებული დაყოვნება თავ­შეყ­რის ადგილებში, მაგ., აეროპორტში; ეს ზრდის დაინფიცირების რისკს.
  • წინასწარ შეამოწმეთ, რა რეგულაციებია დაწესებული იმ ქვეყანაში, სა­დაც მიემგზავრებით.

 

რა არის ჯოგური იმუნიტეტი?

  • ჯოგური იმუნიტეტი გულისხმობს ადამიანთა საკმარისი რაოდენობის მიერ იმუნიტეტის შეძენას, რის გამოც დაავადება ადვილად აღარ ვრცელდება. ეს ხდება იმ შემთხვევაში, თუ ადამიანი ვაქცინირებულია ან თუ უკვე ჰქონდა დაავადება და გამოჯან­მრთელ­და. ექიმები ზუსტ რიცხვებს ვერ ასახელებენ, მაგრამ იგულისხმება დაახლოებით 50-67%.
  • შეიძლება ვინმემ იფიქროს, რომ სჯობს ჯოგური იმუნიტეტის შეძენა ვაქცინაციის გა­რე­შე – ანუ არ მივიღოთ საპროფილაქტიკო ზომები, დავინფიცირდეთ და გამოჯანმრთელებისას გვექნება იმუნიტეტი. ეს არ არის კარგი გზა – მართა­ლია, დაავადება უმეტეს შემთხვევაში არ იწვევს მძიმე სიმპტომებს, მაგრამ ასეთი მიდ­გომა მაინც მნიშვნელოვნად გაზრდის სიკვდილობას. გარდა ამისა, არ ვიცით რამდენ ხანს გვიცავს იმუნიტეტი კოვიდ ინფექციისგან გამოჯანმრთელების შემდეგ.
  • ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, უნდა გავაგრძელოთ ფიზიკური დისტანცირება, ნიღბის ტარება და ხელების დაბანა, რათა დავიცვათ თავი და გარშემომყოფები.

რა უნდა ვქნა, თუ მაქვს სიმპტომები?

თუ გაქვთ ცხელება, ხველა, სუნთქვის გაძნელება ან სხვა კოვიდ-19 სიმპტომები, დაურეკეთ ექიმს. ის შეაფასებს ინფიცირების რისკს (კონტაქტები, მოგზაურობა), განსაზღვრავს ტესტირების საჭიროებას და შემდგომ ტაქტიკას.

თუ თქვენი სიმპტომები მსუბუქია, ჯერ დარეკეთ ექიმთან. ის გეტყვით, საჭიროა თუ არა კლინიკაში მისვლა. მსუბუქი სიმპტომების დროს უმჯობესია დარჩეთ სახ­ლში და მოე­რი­დოთ ხალხს, სანამ უკეთ არ გახდებით. თუ გჭირდებათ საავად­მყო­ფო­ში ვიზიტი, დაიცავით სხვების უსაფრთხოება.

თუ თქვენ მძიმედ ხართ ავად და გჭირდებათ კლინიკაში მკურნალობა, მაინც უმჯო­ბესია, ჯერ მიიღოთ სატელეფონო კონსულტაცია. თუ თვლით, რომ მდგომარეობა გადაუდებელია, დარეკეთ 112-ზე.

 

როგორ უნდა მოვიქცე იმ შემთხვევაში თუ კარგად ვგრძნობ თავს, თუმცა ვფიქრობ, რომ მქონდა კონტაქტი დაინფიცირებულთან?

ასეთ შემთხვევაში ჩაიტარეთ ტესტირება მაშინაც კი, თუ არა გაქვთ სიმპტომები. დაურეკეთ თქვენს ექიმს/ექთანს, თუ არ იცით სად ტარდება ტესტირება. გადადით თვითიზოლაციაში – დარჩით შინ და შინაურებისგან 2 მეტრის დაცილებით, დააკვირდით სიმპტომებს.

ყველაზე უსაფრთხოა, თუ კონტაქტის შემდეგ დაიცავთ თვითიზოლაციას 14 დღის განმავლობაში. ზოგჯერ შეიძლება კარანტინის ადრე შეწყვეტა, განსაკუთრებით, თუ ტესტი უარყოფითია, მაგრამ 14 დღე მაინც განსაკუთრებული ყურადღებით უნდა მოიქცეთ ინფექციის კონ­ტ­როლის თვალსაზრისით.

 

როგორ მკურნალობენ კოვიდ-19-ს?

ადამიანების უმრავლესობას შეუძლია დარჩეს სახლში გამოჯანმრთელებამდე. პაციენტები სერიოზული სიმპტომებით ან დამატებით ჯანმრთელობის სხვა პრობლემებით ხშირად საჭიროებენ ჰოსპიტალიზაციას.

  • მსუბუქი დაავადება – ნიშნავს, რომ თქვენ შეიძლება გაქვთ ცხე­ლება ან ხველა, მაგრამ არ გაქვთ სუნთქვის გაძნელება. კოვიდ-19-ით ინფი­ცირე­ბუ­ლე­ბის უმრავლესობას აქვს მსუბუქი მიმდინარეობა. გამომჯობინებამდე საკმარისია მოსვენებითი რეჟიმი სახლში. როგორც წესი, ამას 2 კვირა სჭირდება, თუმცა ყოველ­თვის ასე არ არის. თუ თქვენი მდგომარეობა უმჯობესდება, მნიშვნელოვანია, დარ­ჩეთ თვითიზოლაციაში, სანამ ექიმი არ გადაწყვეტს, რომ ეს საკმარისია. თვით­იზო­ლაციის დრო დამოკიდებულია იმაზე, თუ როდის დაგეწყოთ სიმპტომები. ასევე, ინფორმატიულია ტესტის უარყოფითი პასუხი (რაც უჩვენებს, რომ ვირუსი აღარ არ­ის თქვენს სხეულში).
  • მძიმე დაავადება – თუ თქვენ უფრო მძიმედ მიმდინარე სიმპტომები გაქვთ, რაც მოი­ცავს სუნთქვის გაძნელებას, შეიძლება დაგჭირდეთ ჰოსპიტალიზაცია, შესაძლოა რეანიმაციულ/ინტენსიური თერაპიის განყოფილებაშიც კი. შეიძლება დაგჭირდეთ ჟანგბადით თერაპია, ზოგჯერ, მართვითი სუნთქვაც.

ექიმები სწავლობენ კოვიდ-19-ის მკურნალობის სხვადასხვა საშუალებებს. იყენებენ მხოლოდ იმ პრეპარატებს, რომლებმაც დანამდვილებით აჩვენეს შედეგი კრიტიკული ან სწრაფად გაუარესებადი სიმპ­ტომების დროს. პაციენტებს შეიძლება შესთავაზონ კლინიკურ კვლე­ვაში ჩართვაც. ექიმთან შეთანხმების გარეშე, თქვენით არ გამოიყენოთ არც ერთი მედიკამენტი.

 

რა უნდა ვქნა, თუ ვინმეს ჩემს სახლში აქვს კოვიდ-19?

უნდა გაითვალისწინოთ შემდეგი რეკომენდაციები საკუ­თა­რი თავის და სხვების დასაცავად:

  • ავადმყოფი მოასვენეთ ცალკე ოთახში, მან უნდა გამოიყენოს ცალკე ტუალე­ტი/სა­აბაზანო, თუ შესაძლებელია, ჭამოს თავის ოთახში. ასევე, სჯობს იყოს შინაური ცხოველე­ბისგან მოშორებითაც, სანამ გამოჯანმრთელდება.
  • ავადმყოფმა უნდა ატაროს ნიღაბი, თუ ის სხვებთან ერთადაა ოთახში; თუ ამას ვერ ახერხებს, მაშინ სხვებმა უნდა ატარონ ნიღაბი.
  • ხშირად დაიბანეთ ხელები საპნით და წყლით.
  • განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ სისუფთავეს:
    • გამოიყენეთ ერთჯერადი ხელთათმანი წმენდის დროს. დაიბანეთ ხელები ხელთათმანის მოცილების შემდეგ;
    • რეგულარულად გაწმინდეთ საგნები, რასაც ხშირად ეხებიან – სახელურები, საწოლ­თან არსებული მაგიდები, კომპიუტერი, ტელეფონი, ტუალეტის და სა­აბა­­ზანოს ზედაპირები;
    • შეიძლება გაწმინდოთ საგნები საპნით და წყლით, თუმცა შესა­ბა­მის ზედაპირებზე შეიძლება დეზინფექტანტიც გამოიყენოთ. ზოგიერთი საწ­მენდი საშუალება კლავს ბაქტერიებს, მაგრამ არა ვირუსებს, ამიტომ შეამოწმეთ ინს­ტრუქცია.

 

რა უნდა ვქნა სტრესის და შფოთვის შემთხვევაში?

ნორმალურია, თუ გრძნობთ დაძაბულობას, შფოთვას და წუხილს კოვიდ-19-ის გამო. ასევე, ნორმალურია, თუ გრძნობთ სტრესს და სიმარტოვეს, რაკი არ შეგიძლიათ თქვენი ჩვე­ული ქმედებების განხორციელება, ვერ ნახულობთ მეგობრებს, ნათესავებს. სცადეთ, მიჰყვეთ შემდეგ რეკომენდაციებს:

  • შეისვენეთ ახალი ამბებისგან;
  • რეგულარულად ივარჯიშეთ და მიირთვით ჯანმრთელი საკვები;
  • მოძებნეთ საქმიანობა, რაც გართობთ, გსიამოვნებთ და შეგიძლიათ სახლში შეასრუ­ლოთ;
  • იქონიეთ დისტანციური კავშირი მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან.

გახსოვდეთ, რომ ადამიანების უმრავლესობა არ ხდება მძიმედ ავად კოვიდ-19-ით. მნიშვნელოვანია შეამციროთ ვირუსის გავრცელების რისკები. ნუ მიეცემით პანიკას.

მსგავსი ამბები

შინმოვლის სტანდარტები

შინმოვლის სტანდარტები >> იხილეთ ბმული

შინმოვლის კონცეფცია

შინმოვლის კონცეფცია

შინმოვლის ტექნიკური რეგლამენტი

აღნიშნული დოკუმენტის მიზანია შინმოვლის მინიმალური სტანდარტების განსაზღვრა და შედეგად, შინმოვლის მომსახურების ხარისხის უზრუნველყოფის ხელშეწყობა. წინამდებარე...

საყოფაცხოვრებო-ტექნიკური ჩარევის კითხვარი

საყოფაცხოვრებო-ტექნიკური ჩარევის კითხვარი

ბართელის ინდექსი

ბართელის ინდექსი

შარდის შეკავება და შეუკავებლობა

საშარდე სისტემის სიმპტომები საშარდე სისტემის დარღვევებიდან ყველაზე ხშირია შარდის შეუკავებლობა და დიზურია. შეუკავებლობა მიზეზი: გარეთა საშარდე...