სითბური დაავადება

სითბური დაავადება

 

სითბური დაავადება ვითარდება სხეულის გადახურებისას. ჩვეულებრივ, ეს ხდება გარეთ, მზეზე, ცხელ და ნესტიან ამინდში. სითბური დაავადება მოიცავს სითბურ კრუნჩხვებს, სითბურ გამოფიტვას, და, ყველაზე სახიფათო, სითბურ დაკვრას (მზის პირდაპირი სხივებით გამოწვეულ სითბურ დაკვრას მზის დაკვრას უწოდებენ).

სითბური დაკვრა სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობაა, რომლის დროსაც სხეულის ტემპერატურა სწრაფად იზრდება 400C-მდე და მეტად, რასაც სხეულის სითბოს რეგულაციის მექანიზმის დარღვევა მოსდევს. სითბურმა დაკვრამ შეიძლება გამოიწვიოს თირკმლების, გულის, ფილტვების, კუნთების, ღვიძლის, ნაწლავების და ტვინის დაზიანება.

სითბური დაავადების რისკფაქტორებია:

  • ხანდაზმული ასაკი;
  • ჭარბი წონა;
  • გულის დაავადებები;
  • მაღალი არტერიული წნევა;
  • მუშაობა ან ყოფნა ცხელ, ნესტიან გარემო პირობებში.

 

მიზეზები

სითბური დაავადება, ჩვეულებრივ, ვითარდება ცხელ, დახუთულ გარემოში დიდხანს ყოფნისას, განსაკუთრებით, ასეთ გარემოში დაძაბული მუშაობის ან ვარჯიშის დროს, ასევე, როცა რაიმე დაავადების გამო ისედაც მომატებულია სხეულის ტემპერატურა.

ზედმეტი ტანსაცმელი, ზედმეტი ჭამა, სითხის ნაკლებობა ან ალკოჰოლის ჭარბი რაოდენობით მიღება ხელს უწყობს გადახურებას.

 

სიმპტომები

როცა სხეული ხურდება და არ აქვს გაგრილების შესაძლებლობა, სიმპტომები ძლიერდება. პირველ რიგში, შეიძლება განვითარდეს სხეულის გაუწყლოება და შედეგად – კრუნჩხვები. თუ მკურნალობა არ დაიწყება, სიმპტომები ძლიერდება სითბურ გამოფიტვამდე, რასაც საბოლოოდ მივყავართ სითბურ დაკვრამდე.

სითბური კრუნჩხვები მოიცავს კუნთების (უმეტესად, მუცლის, ხელისა და ფეხის კუნთების) ტკივილს ან სპაზმებს.

სითბური გამოფიტვის სიმპტომებია:

  • თავბრუსხვევა;
  • ზოგადი სისუსტე;
  • გულისრევა ან ღებინება;
  • კუნთების ტკივილი;
  • თავის ტკივილი;
  • მზარდი ოფლიანობა.

სითბური დაკვრის სიმპტომებია:

  • ოფლიანობის შეწყვეტა;
  • ცნობიერების დაქვეითება, დროსა და გარემოში ორიენტაციის დარღვევა;
  • უცნაური (არეული) ქცევა;
  • აგზნება;
  • კომა (ცნობიერების დაკარგვა).

 

მკურნალობა

სითბური კრუნჩხვები: საჭიროა ბევრი სითხის მიღება, კრუნჩხვის ადგილების დაზელვა და დაჭიმვა. სითბური კრუნჩხვები შეიძლება შემსუბუქდეს უფრო სწრაფად, თუ წყლის ნაცვლად მიწოდებული იქნება ელექტროლიტების შემცველი სითხე (მაგ.: რეჰიდრონი).

სითბური გამოფიტვა: პირველი დახმარება ამ დროს გულისხმობს აქტიურობის შეწყვეტას, დაწოლას და დასვენებას ჩრდილიან, გრილ ადგილას, ტანსაცმლის მოშვებას და გახსნას, ბევრი ცივი, უალკოჰოლო სითხის მიღებას, როგორიცაა წყალი, რეჰიდრონის ხსნარი, უშაქრო ხილის წვენი (არ გამოიყენოთ ყინულიანი სასმელი). თუ სითხის გადაყლაპვა გაძნელებულია, საჭიროა ვენაში გადასხმა, რაც, სასურველია, ჩატარდეს სამედიცინო დაწესებულებაში. ასევე, აუცილებელია სხეულის გაგრილება ვენტილატორით, წყლის შესხურებით, ტანსაცმლის დასველებით ან გრილი წყლის აბაზანით. თუ სიმპტომები გრძელდება ან უარესდება, საჭიროა ექიმის ჩარევა.

სითბური დაკვრა: თუ ფიქრობთ, რომ ვინმეს აქვს სითბური დაკვრა, გამოიძახეთ გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ბრიგადა, მათ მოსვლამდე კი შეასრულეთ იგივე მითითებები, რაც სითბური გამოფიტვის დროს. პაციენტი სითბური დაკვრით აუცილებლად საჭიროებს სტაციონარულ მკურნალობას.

 

პროფილაქტიკა

  • მოერიდეთ დაძაბულ მუშაობას ცხელ და ნესტიან ამინდში; დარჩით ისეთ ადგილას, სადაც მზე ვერ აღწევს;
  • ატარეთ ქუდი, თუ გიწევთ სიარული მწველი მზის ქვეშ, ჩაიცვით თხელი და ნათელი ფერის ხალვათი ტანსაცმელი;
  • თანდათან შეეგუეთ ცხელ პირობებს, სანამ დაიწყებდეთ რაიმე აქტიურობას ასეთ გარემოში;
  • სვით ბევრი წყალი, როცა დიდხანს იმყოფებით მწველი მზის ქვეშ ან სიცხეში; თუ ოფლიანობთ, დალიეთ ჩვეულებრივზე მეტი წყალი, მაშინაც კი, როცა არ გწყურიათ;
  • გააღეთ ფანჯარა, გამოიყენეთ ვენტილატორი ან კონდიციონერი ჰაერის ცირკულაციის გაუმჯობესებისათვის;
  • შეზღუდეთ საკვების ერთ ჯერზე დიდი რაოდენობით მიღება, მიიღეთ მცირე და ხშირი ულუფებით;
  • შეზღუდეთ ალკოჰოლის მიღება და ფიზიკური აქტიურობა, როცა ძალიან ცხელა ან თქვენ ჯერ კიდევ არ შეგუებიხართ ცხელ გარემოს;

თუ ღებულობთ წამლებს, ჰკითხეთ ექიმს, ხომ არ შეუძლია ამ წამლებს პრობლემები შეგიქმნათ სიცხეში (ზოგიერთი წამალი ამცირებს ოფლის გამოყოფას და ხელს უწყობს სითბური დაავადების განვითარებას).

მსგავსი ამბები

შინმოვლის სტანდარტები

შინმოვლის სტანდარტები >> იხილეთ ბმული

შინმოვლის კონცეფცია

შინმოვლის კონცეფცია

შინმოვლის ტექნიკური რეგლამენტი

აღნიშნული დოკუმენტის მიზანია შინმოვლის მინიმალური სტანდარტების განსაზღვრა და შედეგად, შინმოვლის მომსახურების ხარისხის უზრუნველყოფის ხელშეწყობა. წინამდებარე...

საყოფაცხოვრებო-ტექნიკური ჩარევის კითხვარი

საყოფაცხოვრებო-ტექნიკური ჩარევის კითხვარი

ბართელის ინდექსი

ბართელის ინდექსი

შარდის შეკავება და შეუკავებლობა

საშარდე სისტემის სიმპტომები საშარდე სისტემის დარღვევებიდან ყველაზე ხშირია შარდის შეუკავებლობა და დიზურია. შეუკავებლობა მიზეზი: გარეთა საშარდე...