ცოფი

 

!!! ცოფი აუცილებლად მთავრდება სიკვდილით

 

განსაზღვრება

ეს არის ძუძუმწოვრების (განსაკუთრებით ხორცისმჭამელების) მწვავე ინფექციური დაავადება, რომელიც ხასიათდება ცენტრალური ნერვული სისტემის დაზიანებით.

რომელი ცხოველის ნაკბენია საშიში?

პირველ რიგში, ძაღლი და კატა, შემდეგ ღამურა, მელია, ტურა, სინდიოფალა და სხვა ხორცისმჭამელი ცხოველები.

უფრო იშვიათად, ცოფის ვირუსის გადამტანი შეიძლება იყოს მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი, კურდღელი, ბოცვერი, ციყვი, ვირთხა, თაგვი და სხვა მღრღნელები. მათთან კონტაქტისას, საჭიროა ინფექციონისტის კონსულტაცია, რომელიც გადაწყვეტს მკურნალობის საჭიროებას.

სტატისტიკურად, ადამიანის ცოფით დასნებოვნების ყველაზე დიდ რისკს ცოფიანი ძაღლი წარმოადგენს.

 

მიზეზები

ცოფს იწვევს ნეიროტროპული (ნერვული სისტემის დამასნებოვნებელი) ვირუსი, რომელიც არის ცოფიანი ცხოველის ნერწყვში.

ინფექცია გადადის ლორწოვანზე ან დაზიანებულ კანზე ნერწყვის მოხვედრის გზით, უმეტესად, კბენის, იშვიათად, ალოკვის ან დაკაწვრის შედეგად.

ვირუსი ნაკბენის ადგილიდან ნერვის საშუალებით ვრცელდება (3 მმ/სთ სიჩქარით) ზურგის ტვინამდე და იქიდან თავის ტვინამდე, სადაც მრავლდება და მხოლოდ შემდეგ ხვდება ნერწყვში.

 

სიმპტომები

ადამიანებში საინკუბაციო პერიოდი 7 დღიდან 1 წელზე მეტხანს გრძელდება, საშუალოდ 30-50 დღე (აღწერილია 2- და 3-წლიანი შემთხვევებიც). ეს პერიოდი უფრო ხანმოკლეა ღრმა ჭრილობების დროს, ან როცა ნაკბენი ტანზე ან თავზეა.

ცოფი იწყება დეპრესიის მოკლე პერიოდით, ზოგადი სისუსტით, მოუსვენრობით, ცხელებით. მოუსვენრობა, ჩვეულებრივ, გადაიზრდება არაკონტროლირებად აგზნებაში, ნერწყვის ჭარბი გამოყოფითა და ხორხისა და ხახის კუნთების გამაწამებელი მტკივნეული სპაზმებით. სპაზმები რეფლექსურია და გამოიწვევა ყლაპვის ან წყლის დანახვის დროსაც კი. სპაზმის გამო, პაციენტს არ შეუძლია წყლის დალევა, მიუხედავად მძაფრი წყურვილისა.

 

დიაგნოზი

ძაღლს (ან სხვა ცხოველს), რომელმაც უკბინა ადამიანს, უნდა დავაკვირდეთ 10 დღის განმავლობაში. თუ ამ პერიოდში ცხოველი ჯანმრთელია, უნდა დავასკვნათ, რომ ის კბენის დროს არ იყო ინფიცირებული ცოფით.

ძაღლებში ცოფი შეიძლება წარიმართოს ორი სახით:

  1. მძვინვარე ცოფი, რომელიც ხასიათდება აგზნებით და აგრესიული ქცევით, რასაც მოსდევს დამბლები და სიკვდილი;
  2. მუნჯი ცოფი, რომლის დროსაც დამბლები სჭარბობს.

თუ ცხოველს აღენიშნება დაავადების სიმპტომები, მაშინ ის უნდა მოკლული იქნეს და მისი ტვინი გაიგზავნოს ლაბორატორიულ გამოკვლევაზე ცოფის დადგენის მიზნით. მხოლოდ ამ პროცედურის უარყოფითი პასუხი გამორიცხავს მკურნალობის საჭიროებას.

ცოფის გავრცელების პროფილაქტიკა

საჭიროა ძაღლების იმუნიზაცია და უპატრონო ძაღლების პრობლემის მოგვარება. იმედისმომცემია ტყეებში ცხოველების ორალური ვაქცინაცია.

ტაქტიკა დაკბენისას

ცოფი ადამიანებში იშვიათად ვითარდება სათანადო ადგილობრივი და სისტემური პროფილაქტიკის შემთხვევაში. უდიდესი მნიშვნელობა აქვს ჭრილობის ადგილობრივ დამუშავებას – ჭრილობა გულდასმით უნდა ჩამოიბანოს საპნიანი წყლით. ნაკბენი ჭრილობის სპირტით დამუშავება, მოწვა ან ნაკერების დადება არ არის რეკომენდებული, რადგან შეიძლება მოხდეს ვირუსის დაფიქსირება.

 

აცრები უნდა დაიწყოს

  • მაშინვე, თუ ცხოველი ცოფიანია;
  • როცა ნაკბენი სახეზეა (აცრა უნდა დაიწყოს მაშინვე, დაკვირვების პარალელურად);
  • ცხოველს განუვითარდა ცოფი დაკვირვების პერიოდში (10 დღის განმავლობაში);
  • ცხოველი მიუწვდომელია დაკვირვებისთვის;
  • ცხოველი იქცევა უცნაურად;
  • კბენა არაფრით იყო პროვოცირებული;
  • რეგიონში გავრცელებულია ცოფი.

სიკვდილის რისკი უდიდესია სახეზე კბენის შემთხვევაში, ზომიერი – ზედა კიდურებზე და უმცირესი – ქვედა კიდურებზე.

 

აცრების ჩატარება

იწყება პასიური იმუნიზაციით (რამდენადაც შესაძლებელია, იმუნოგლობულინი შეყვანილი უნდა იქნეს ნაკბენის გარშემო, ხოლო დანარჩენი – კუნთებში იმავე მხარეს). შემდეგი მანიპულაციაა აქტიური იმუნიზაცია. აქტიური და პასიური იმუნიზაცია ერთად უნდა ჩატარდეს. აცრების თანმიმდევრობაა 1-ლ, მე-3, მე-7, მე-14, 28-ე და 90-ე დღეებში. აცრებს შეიძლება მოჰყვეს ზომიერი გვერდითი ეფექტები, რის გამოც მკურნალობა არ უნდა შეწყდეს. სერიოზული გვერდითი მოვლენების შემთხვევაში საჭიროა მკურნალობის გაგრძელება ინფექციონისტის მეთვალყურეობის ქვეშ.

 

მკურნალობა და პროგნოზი

ცოფის მკურნალობა სიმპტომურია და მიმართულია ტანჯვის შემსუბუქებისკენ.

ცოფით დაავადებული ადამიანი კვდება სიმპტომების გამოვლენიდან 3-10 დღის განმავლობაში.

მსგავსი ამბები

შინმოვლის სტანდარტები

შინმოვლის სტანდარტები >> იხილეთ ბმული

შინმოვლის კონცეფცია

შინმოვლის კონცეფცია

შინმოვლის ტექნიკური რეგლამენტი

აღნიშნული დოკუმენტის მიზანია შინმოვლის მინიმალური სტანდარტების განსაზღვრა და შედეგად, შინმოვლის მომსახურების ხარისხის უზრუნველყოფის ხელშეწყობა. წინამდებარე...

საყოფაცხოვრებო-ტექნიკური ჩარევის კითხვარი

საყოფაცხოვრებო-ტექნიკური ჩარევის კითხვარი

ბართელის ინდექსი

ბართელის ინდექსი

შარდის შეკავება და შეუკავებლობა

საშარდე სისტემის სიმპტომები საშარდე სისტემის დარღვევებიდან ყველაზე ხშირია შარდის შეუკავებლობა და დიზურია. შეუკავებლობა მიზეზი: გარეთა საშარდე...