ოსტეოართრიტი

ოსტეოართრიტი

 

ხალხში გავრცელებული გამოთქმით, „მარილების დაგროვება“ არის დაავადება, რომელსაც იწვევს სახსრებში ხრტილების დაშლა და გათხელება. ჯანმრთელი ხრტილი ელასტიურია, გლუვი ზედაპირით, ოსტეოართრიტის დროს კი ადგილი აქვს წვრილი ნაწილაკების ამოტეხვას, რის გამოც ხრტილის ზედაპირი ხდება უხეში; ძვლის სასახსრე ზედაპირიც ასევე უხეში და არაერთგვაროვანია. შედეგად, მოძრაობა სახსარში გაძნელებული და მტკივნეულია. ეს პროცესები უხშირესად ვითარდება სახსრებში, რომლებზეც მეტია დაწოლა: კისრის, წელის, მუხლის და მენჯ-ბარძაყის, თუმცა, ხშირია თითის სახსრებშიც.

დაავადება ქალებში სამჯერ უფრო ხშირია, ვიდრე მამაკაცებში. ის იწყება შუახნის ასაკში. 60 წლის ზევით ადამიანთა უმრავლესობას აღენიშნება ოსტეოართრიტი, თუმცა, ის შეიძლება მსუბუქად მიმდინარეობდეს და არ იყოს შემაწუხებელი.

 

მიზეზები

ეს პროცესი ვითარდება სახსრის გადაძაბვის შედეგად. სიმსუქნე, არასწორ პოზაში დიდხანს ყოფნა, ტრავმები ხელს უწყობენ დაავადების განვითარებას. გარკვეული როლი აქვს მემკვიდრეობითობასაც.

 

სიმპტომები

  • სუსტიდან ძლიერ ტკივილამდე სახსრებში, განსაკუთრებით, გადატვირთვისას;
  • ხრაშუნის ხმიანობა სახსრის მოძრაობისას;
  • შეშუპება და მოძრაობის შეზღუდვა სახსრებში, განსაკუთრებით, დილაობით;
  • კუნთების სისუსტე სახსრის გარშემო, ამ სახსარში მოძრაობების დაზოგვის გამო;
  • სახსრის დეფორმაცია.

 

დიაგნოსტიკა

ძირითადი გამოკვლევები, რომლებიც ამ დროს შეიძლება გაკეთდეს: სისხლის საერთო ანალიზი, სახსრის რენტგენოგრაფია, ზოგჯერ, სახსრის პუნქცია და სასახსრე სითხის ანალიზი.

 

მკურნალობა

მკურნალობის მიზანია:

  • სახსრის მობილურობის შენარჩუნება;
  • ტკივილის და შეშუპების შემცირება;
  • დაავადების პროგრესირების შენელება.

მკურნალობა კომპლექსურია და მოიცავს:

  • ჭარბი წონის დაქვეითება ექიმის მიერ შერჩეული დიეტით, რომელიც სასურველია შეიცავდეს თევზს, კვერცხს, რძის პროდუქტებს, მცენარეულ ცხიმებს და, საკვები დანამატის სახით, კალციუმ-D3-ს;
  • ფიზიკური აქტიურობა – ყოველდღიური ზომიერი ფიზიკური ვარჯიშები;
  • მედიკამენტური მკურნალობა: პარაცეტამოლი საუკეთესო საშუალებაა ტკივილის მოსახსნელად, განსაკუთრებით იმ ხანდაზმულებში, რომლებიც უნდა მოერიდონ არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების მიღებას (იბუპროფენი, იგივე მოტრინი ან ადვილი, დიკლოფენაკი, იგივე ვოლტარენი ან ოლფენი და ა. შ.). არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო მალამოების შეზელვას ხშირად ტკივილგამაყუჩებელი ეფექტი აქვს (ვოლტარენი, ფასტუმ-გელი, ბენ-გეი, ინდომეტაცინი). ექიმმა შეიძლება გადაწყვიტოს სტეროიდების სახსარშიდა ინექციაც (კენალოგი, დიპროსპანი);
  • ალტერნატიული – ნატუროპათიური სამკურნალწამლო საშუალებები: გლუკოზამინის სულფატი (დონა) და ქონდროითინის სულფატი. მათი მოქმედება სრულად შესწავლილი არ არის, თუმცა ეფექტი უახლოვდება არასტეროიდებისას, გვერდითი მოვლენები კი ბევრად ნაკლები აქვს (მაგრამ გაცილებით ძვირია);
  • ქირურგიული მკურნალობა გულისხმობს სახსრის გადანერგვას – მძიმედ დაზიანებული მუხლის ან მენჯ-ბარძაყის სახსარი შეიძლება ქირურგიულად შეიცვალოს;
  • მწვავე პერიოდში ეფექტურია ყინულის დადება მტკივან სახსარზე 15-20 წუთის განმავლობაში, განსაკუთრებით მუხლის სახსრებზე; რაც შეეხება ხელის სახსრებს, აქ ტკივილის შემსუბუქებისთვის უმჯობესია სათბურის გამოყენება;
  • გარკვეული მნიშვნელობა აქვს აკუპუნქტურას (ჩინური ნემსები); ის ამცირებს ტკივილის სინდრომს, თუმცა, ხშირად, მისი ეფექტი მხოლოდ ფსიქოლოგიურია;
  • ცალკე უნდა გამოვყოთ ისეთი მეთოდები, როგორიცაა ნერვის ტრანსკუტანეური (კანგავლითი) ელექტრული სტიმულაცია, დაბალი ენერგიის ლაზერული თერაპია, ჰიდროთერაპია – მკურნალობა მინერალური წყლების აბაზანებით. ყველა ამ მეთოდის ეფექტურობა ფარდობითია და ინდივიდუალური.

 

პროგნოზი

ოსტეოართრიტი ქრონიკული დაავადებაა, რომელიც მთელი ცხოვრების მანძილზე მიმდინარეობს, მდგომარეობის პერიოდული გაუარესებითა და გაუმჯობესებით. დაზიანებული სასახსრე ხრტილების აღდგენა არ ხდება.

 

პროფილაქტიკა

მიუხედავად იმისა, რომ ოსტეოართრიტის თავიდან აცილების მეთოდები ზუსტად დადგენილი არ არის, თქვენ შეგიძლიათ სიმპტომების პროფილაქტიკა:

  • შეასრულეთ ვარჯიშები პოზის, კუნთების ძალის, სახსრის მობილურობის შესანარჩუნებლად; ყოველდღიური მსუბუქი ვარჯიშები უმჯობესია, ვიდრე იშვიათი და დაძაბული; თუ შეგიძლიათ, ყოველდღე ისეირნეთ ფეხით, ატარეთ კომფორტული ფეხსაცმელი, იცურავეთ ან ივარჯიშეთ დამჯდარმა;
  • ვიდრე ინტენსიურ ვარჯიშს დაიწყებდეთ, დაიცავით თქვენი სახსარი მოთელვითი ვარჯიშებით;
  • დაიცავით სახსრები ტრავმული ზემოქმედებისგან;
  • მიიღეთ ექიმის მიერ დანიშნული პრეპარატები;
  • იკვებეთ ჯანმრთელი, დაბალი ცხიმიანობის მქონე საკვებით;
  • ყოველთვის აკონტროლეთ თქვენი წონა.

მსგავსი ამბები

შინმოვლის სტანდარტები

შინმოვლის სტანდარტები >> იხილეთ ბმული

შინმოვლის კონცეფცია

შინმოვლის კონცეფცია

შინმოვლის ტექნიკური რეგლამენტი

აღნიშნული დოკუმენტის მიზანია შინმოვლის მინიმალური სტანდარტების განსაზღვრა და შედეგად, შინმოვლის მომსახურების ხარისხის უზრუნველყოფის ხელშეწყობა. წინამდებარე...

საყოფაცხოვრებო-ტექნიკური ჩარევის კითხვარი

საყოფაცხოვრებო-ტექნიკური ჩარევის კითხვარი

ბართელის ინდექსი

ბართელის ინდექსი

შარდის შეკავება და შეუკავებლობა

საშარდე სისტემის სიმპტომები საშარდე სისტემის დარღვევებიდან ყველაზე ხშირია შარდის შეუკავებლობა და დიზურია. შეუკავებლობა მიზეზი: გარეთა საშარდე...