წელის ტკივილი

 

ქრონიკული ტკივილები ზურგში

 

ტკივილები ზურგის და წელის არეში აწუხებს ადამიანთა თითქმის 80%-ს. უმეტეს შემთხვევაში, ტკივილის გამომწვევი მიზეზი ხერხემლის დაზიანებებით მიმდინარე დაავადებებია, თუმცა, ის შეიძლება გამოიწვიოს შარდ-სასქესო, გულ-სისხლძარღვთა, კუჭ-ნაწლავისა და სიმსივნურმა დაავადებებმა. ორსულობის დროს პოზის დისბალანსმაც შეიძლება გამოიწვიოს მწვავე ტკივილი ზურგში.

ტკივილის მიზეზის დასადგენად დიდი მნიშვნელობა აქვს მის დასაწყისს, ლოკალიზაციას, გავრცელებას, მის დამოკიდებულებას ფიზიკურ აქტივობასთან. ტკივილი შეიძლება იყოს მწვავე და ქრონიკული, მუდმივი და ხანგამოშვებითი, ის შეიძლება ლოკალიზებული იყოს ზურგში, ხერხემლის გასწვრივ, ან ვრცელდებოდეს ქვემოთ, ორივე ფეხში. ტკივილი შეიძლება გაძლიერდეს ფიზიკური აქტივობისას (მოხრა, დახრა, საგნის აწევა) და შემსუბუქდეს მოსვენების მდგომარეობაში. ზოგჯერ, ტკივილზე ფიზიკურ აქტივობას გავლენა არ აქვს.

ტკივილის მიზეზი შეიძლება იყოს კუნთების სპაზმი, ნერვის ფესვის გაღიზიანება, მოტეხილობა, ამ მიზეზების კომბინაცია. ტკივილი უმეტესად ლოკალიზებულია ზურგის ქვედა ნაწილში ან გავა-წელის არეში. ზურგის ტკივილი შეიძლება გადაეცემოდეს მუცლიდან ან ფერდიდან, მიუთითებდეს სიცოცხლისათვის საშიშ დაავადებებზე, როგორიცაა: წყლულის პერფორაცია, მწვავე პანკრეატიტი, განშრევებადი ან მუცლის აორტის ანევრიზმა.

გთავაზობთ ვარჯიშებს, რომლებიც შეგიმსუბუქებთ დისკომფორტს და თავიდან აგაცილებთ წელის შემდგომ დაზიანებას ზურგში ქრონიკული ტკივილების დროს.

 

 

ზოგადი რეკომენდაციები

 

  • ისუნთქეთ ნელა, თანაბრად, ცხვირით;
  • დაიწყეთ თანდათანობით, ერთიდან ათ გამეორებამდე, ივარჯიშეთ დღეში ერთხელ;
  • ივარჯიშეთ ზომიერად; ელოდეთ მცირე დისკომფორტს; შეწყვიტეთ ვარჯიში მხოლოდ ძლიერი ტკივილის შემთხვევაში.

 

 

 

ვარჯიში პირველი

დაწექით ზურგზე, ხელები დაიწყვეთ გულმკერდზე ან მუცელზე, მუხლები მოხარეთ, მიაწექით თქვენი ზურგის ქვედა ნაწილით იატაკს მუცლისა და დუნდულოს კუნთების დაჭიმვის მეშვეობით. დაითვალეთ ათამდე, შემდეგ თანდათან მოდუნდით.

ვარჯიში მეორე

 

დაწექით ზურგზე მოხრილი მუხლებით. მოიზიდეთ ერთი მუხლი თქვენს გულმკერდთან და მიიჭირეთ ორივე ხელით, შემდეგ დაუშვით, გაიმეორეთ მეორე მუხლით, შემდეგ ორივეთი.

ვარჯიში მესამე

დადექით და ხელებით დაეყრდენით სკამის ზურგს, იყავით გამართული, ნელ-ნელა მოხარეთ მუხლები და ჩაჯექით ბოლომდე, შემდეგ დაუბრუნდით საწყის პოზიციას.

 

ვარჯიში მეოთხე

 

დაწექით ზურგზე, მოხრილი მუხლებით, გადაიჯვარედინეთ ხელები გულმკერდზე, წამოსწიეთ თავი და მხრები იატაკიდან, გააჩერეთ ორ დათვლამდე. გაიმეორეთ ათჯერ. ეს ვარჯიში შეასრულეთ, სულ მცირე, ოცდაათჯერ, საჭიროების შემთხვევაში, მცირე შესვენებებით.

დამატებითი ინფორმაცია

 

ზურგში მწვავე ტკივილის დროს უნდა გამოირიცხოს სიცოცხლისათვის საშიში დაავადებები. ამის გასარკვევად მოწოდებულია შემდეგი კითხვები პაციენტისთვის:

  • როდის დაეწყო ტკივილი;
  • უკავშირებს თუ არა რაიმეს, მაგალითად, ჭამას, ფიზიკურ ტრავმას;
  • როგორია ტკივილის აღწერილობა (წვის შეგრძნება, ჩხვლეტა, ფეთქვა თუ ყრუ ტკივილი), მუდმივია თუ ხანგამოშვებითი, გადაეცემა თუ არა დუნდულოსა და ქვემო კიდურებში, ახლავს თუ არა სისუსტე ქვემო კიდურებში ან იწყება თუ არა ტკივილი მუცელში და შემდეგ გადაეცემა ზურგში;
  • ჰქონია თუ არა მსგავსი ტკივილი სხვა დროს;
  • რა უძლიერებს ან უმსუბუქებს ტკივილს;
  • არის თუ არა დამოკიდებული ფიზიკურ აქტიურობაზე, დილას უფრო ძლიერია თუ საღამოს, აღვიძებს თუ არა.

ტიპურ შემთხვევაში, ზურგში გადაცემითი ტკივილი არ არის დამოკიდებული ფიზიკურ აქტივობაზე, ხერხემლიდან წარმოშობილი კი პირიქით – უარესდება ფიზიკური აქტივობისას და მსუბუქდება მოსვენების მდგომარეობაში. სიმსივნური წარმოშობის ტკივილები ხშირად მსუბუქდება სიარულის დროს.

 

მსგავსი ამბები

ხშირად დასმული კითხვები

https://www.youtube.com/watch?v=v7ZTrbtsrS0 ხშირად დასმული კითხვები მოვლასთან დაკავშირებით 1. როგორ უნდა მოვაწყოთ პაციენტის ოთახი სახლის პირობებში? საწოლი უნდა იდგეს ნათელ,...

ყოველდღიური ცხოვრებისეული საქმიანობები

ყოველდღიური ცხოვრებისეული საქმიანობები • გულისხმობს აქტივობებს შემდეგ სფეროებში: ურთიერთობა; მოძრაობა; სხეულის მოვლა; სასიცოცხლო ფუნქციების ხელშეწყობა; ჭამა-სმა; გამოყოფა;...

რა ნიშნავს მოვლა?

https://www.youtube.com/watch?v=GdoN_FbJyog მოექეცი სხვას ისე, როგორც შენ გინდა, რომ მოგექცნენ... მოვლა ნიშნავს დახმარებას, დაცვას, ზრუნვას, მოქმედებას, მოტივირებას,...

რას ვაკვირდებით მოსავლელ პაციენტთან

https://www.youtube.com/watch?v=Qy7dnJGpwhM საერთო დაკვირვება: • ცხოვრების პირობები • რეაქცია • ცნობიერება • გუნება-განწყობა • სულიერი მდგომარეობა • სიარული • სხეულის დაჭერა შემდეგ ვიკვლევთ: კანი • როგორია? – თბილი თუ ცივი, მშრალი თუ სველი,...

მოვლის მსოფლიო ისტორია

ზრუნვა სხვებზე და მზადყოფნა მათ დასახმარებლად ადამიანთა მოდგმის მნიშვნელოვანი თვისებაა. პირველყოფილი ადამიანები ერთმანეთს ყოველთვის...