სამი ისტორია

 

მოვხუცდი და თვალის ჩინი დავკარგე. მხოლოდ ბუნდოვან ლანდებს ვხედავდი და უიმედობამაც მომიცვა. მეგონა, ასე დავამთავრებდი სიცოცხლეს შავი სათვალითა და ხელჯოხით, მაგრამ მოხდა სასწაული: „თაობის” დახმარებით გამიკეთდა ოპერაცია, რომლის შედეგადაც თვალის ჩინი დამიბრუნდა 80 წლის ასაკში! განა არსებობს სიტყვები, რომლითაც შეიძლება გადმოგცეთ ჩემი განცდები? მე ხელმეორედ დავიბადე და დავინახე სამყარო.

ადრე არასოდეს მიცდია, მეხატა ან მომექარგა რაიმე. ახლა კი სურვილი დამებადა, რაღაც შემექმნა, თანაც მინდოდა, რაღაც ჩემეული, განსხვავებული გამეკეთებინა… სრულიად ჩვეულებრივ პოლიეთილენის პარკებზე შევაჩერე არჩევანი. ასეთი რამ ხომ ყველასთვის ხელმისაწვდომია. ფერადი პარკებისგან გავაკეთე ძაფისმაგვარი გორგლები და დავიწყე ქარგვა ამ მასალით. შემიქეს და მომიწონეს.

აი, „თაობაში” ჩემი პერსონალური გამოფენის დღეც დადგა. ეს არის უბედნიერესი დღე ჩემს ცხოვრებაში.

დიდი სითბოთი და სიყვარულით ვუძღვნი ჩემს უბრალო „შედევრებს”  ყველა იმ ადამიანს, ვინც ბნელით მოცული აღსასრულის მოლოდინი სიცოცხლის და სილამაზის ხელმეორედ აღქმით შემიცვალა.

ნათელა მომცემლიძე

________________________________________

 

ხელსაქმე – ქართველ მანდილოსანთა ერთ-ერთი მთავარი ღირსება; ჩვენი დიდედების, ბებიების, დედების საყვარელი საქმიანობა. რამდენი სილამაზე შექმნეს და დაგვიტოვეს…

დედაჩემიც ხელმადლიანი იყო. ვუცქერდი და ვსწავლობდი მისგან, მაგრამ ეს იყო შორეულ ბავშვობაში. ჩემი ცხოვრების არც ერთ ეტაპზე არ მქონდა დრო და საშუალება ამ საქმიანობისათვის.

დადგა ჩემი შემოდგომა.  აქტიური ცხოვრება წარსულს ჩაბარდა. ბედნიერი შემთხვევის წყალობით მოვხვდი „თაობაში”, სადაც ჩავები ხელსაქმის წრის მუშაობაში და ჩემში ჩაბუდებულმა ამ მისწრაფებამ ხორცი შეისხა.

მიუხედავად ცუდი ჯანმრთელობისა და მხედველობის გაუარესებისა, აქ მიღებული კონსულტაციებისა და შთაბეჭდილებების შემდეგ, სახლშიც სიამოვნებით ვმუშაობ.

სამუშაოს დაწყების წინ მიწევს ჩანახატის ან ესკიზის გაკეთება ქაღალდზე. ძაფებით მუშაობისას ისე ზუსტად და ლამაზად არ გამომდის, როგორც ვხატავ, მაგრამ მუშაობა მიტაცებს და ვაკეთებ ჩემებურად – პრიმიტიულად, როგორც შემიძლია.

აი, ისინიც – „თაობაში” გატარებულ წლებში შექმნილი ჩემი პატარა ნამუშევრები.

დიდი მადლობა „თაობას”, რომ ამის საშუალება მომეცა.

დიდი მადლობა თქვენც, ვინც ­ჩემს ნამუშევრებს ყურადღებას უთმობთ.

 

მედეა დარასელია

________________________________________

მეკითხებიან ხშირად – როდის დავიწყე ხატვა? მეც ვპასუხობ: 70 წლისამ. ხომ ღიმილის მომგვრელია, არა? მაგრამ ეს ასეა. საკითხავი ის არის, ღირს კი ჩემს ნახატებზე ყურადღების მიპყრობა?

წარსულში მძიმე ბავშვობა – ომი, შიმშილი, სიცივე. არასტაბილური აწმყო. მომავალი? მაგრამ, კეთილი ადამიანები. აი, ასეთი სულიერებით მოვაღწიე დღემდე. დღეს საკმაოდ იაფფასიანი გუაშის საღებავების წყალობით ვხატავ ჩემებურ პეიზაჟებს და ვივიწყებ განვლილი თუ მომავალი ცხოვრების სიძნელეებს. მიყვარს კლასიკური მუსიკა. ასე მგონია, არაფერია იმაზე კარგი, როცა უსმენ შოპენის ნოქტიურნებს და თან ხატავ სასურველ პეიზაჟებს.

მივიღე განათლება პედაგოგიურ ინსტიტუტში, ისტორიის ფაკულტეტზე, ვზრდიდი შვილებს. ათასგვარი სიძნელე. ახლა ისინი დამოუკიდებლად ცხოვრობენ. მადლობა მათ, რომ მე ცოცხალი ვარ.

ახლა მსურს, პასუხი გავცე კითხვას, როგორ გავხდი მოყვარული მხატვარი. ვეწეოდი კარჩაკეტილ ცხოვრებას, განვიცდიდი მარტოობას. ჩემი ქალიშვილების რჩევით მივაკითხე „თაობას”, რომელიც გერმანელი და ჰოლანდიელი სპონსორების მიერ არის დაარსებული საბურთალოზე. სასიამოვნო ატმოსფერო დამხვდა. მისვლისთანავე ჩავები ხატვის წრეში, დავდიოდი ევრითმიის გაკვეთილზე, და ჩემი მარტოობაც ამოიშალა მეხსიერებიდან. ახლაც თვალნათლივ მახსოვს ხატვის პირველი გაკვეთილი: პლასტმასის ბოთლები აკვარელის საღებავებით, დიდი ფუნჯები და თეთრი ქაღალდები. რამდენიმე ხატვის მოყვარული ვესწრებოდით გაკვეთილს. ჩვენ ვგავდით ბავშვებს, რომლებიც პირველად სხდებიან მერხზე და გაკვირვებული თვალებით შესცქერიან მასწავლებლის ყოველ მოძრაობას. ჩვენ ფერებით უნდა გვეთამაშა ქაღალდზე, უნდა გამოგვესახა ფერების თანდათანობით გადასვლა. როგორც შემდეგ აგვიხსნეს, ეს იყო თერაპიული ხატვა სიმშვიდის მისაღწევად. მეც სიამოვნებით ჩავები საქმიანობაში.

ერთხელ, სახლის დალაგებისას, სრულიად შემთხვევით, კარადაში წავაწყდი ჩემი ვაჟიშვილის აკვარელის საღებავებს. ეს იყო განძის აღმოჩენა. იმავე დღეს ვიყიდე ორი ფუნჯი, რამდენიმე ფურცელი და პარალელურად დავიწყე სახლში ხატვა. ვხატავდი შეუსვენებლივ, ვასწორებდი, ვშლიდი, შემდეგ ისევ ვხატავდი. ვხედავდი, როგორ ამოტივტივდებოდა ხოლმე ის საგნები, რომლებიც ჩემს მეხსიერებაში იყო ჩაბუდებული. საინტერესო მეორე დილა იყო, როცა ნახატებს უკვე გამშრალს დავხედავდი. მე ისინი მომწონდა და ღმერთს მადლობას ვწირავდი. ახლა უფრო კრიტიკული ვარ ჩემი თავის მიმართ, ვიდრე უწინ. იმდენად დიდი სიმშვიდე მომანიჭა ჩემმა საქმიანობამ, რომ სიცოცხლის ბოლომდე მისი ერთგული დავრჩები.

ციალა დანელია

 

 

მსგავსი ამბები

სამი ისტორია

  მოვხუცდი და თვალის ჩინი დავკარგე. მხოლოდ ბუნდოვან ლანდებს ვხედავდი და უიმედობამაც მომიცვა. მეგონა, ასე...

ხანდაზმულთა ჯანმრთელობის დაცვის ღონისძიებები

  ხანდაზმულებს საქართველოში შეუძლიათ ისარგებლონ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დაფინანსებული სხვადასხვა ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამებით. მათგან...

ხანდაზმულთა სოციალური მდგომარეობა საქართველოში

  ხანდაზმულობის ძირითადი გამოწვევა არის ის, რომ გარკვეული ასაკის მიღწევის შემდეგ მცირდება ადამიანის შრომისუნარიანობა და...

ხანდაზმულთა სოციალური დაცვის ძირითადი ღონისძიებები

სოციალური დაცვის სახეები შეიძლება დავყოთ 2 ძირითად ჯგუფად: ფულადი გასაცემლები და არაფულადი სარგებელი. ფულადი...

პროგრამები ხანდაზმულთათვის – კვლევის ანგარიში

წინამდებარე კვლევა ჩატარდა ფარგლებში პროექტისა: „ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვა ხანდაზმულებისთვის საქართველოში - არსებული სერვისები...