ხანდაზმულთა სოციალური მდგომარეობა საქართველოში

 

ხანდაზმულობის ძირითადი გამოწვევა არის ის, რომ გარკვეული ასაკის მიღწევის შემდეგ მცირდება ადამიანის შრომისუნარიანობა და სოციალური კავშირები. ადამიანს უხდება საკუთარი შრომით მიღებული შემოსავლის ჩანაცვლება ალტერნატიული საშუალებებით. ასევე, ხშირად იცვლება ცხოვრების რიტმი, სტილი, დამოკიდებულებები და ურთიერთობები.
საქართველოში არსებული სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, ხანდაზმული მოსახლეობის ძირითადი ნაწილის შემოსავალი დამოკიდებულია პენსიაზე და მხოლოდ ხანდაზმული მამაკაცების 16,6%-სთვის წარმოადგენს მუშაობის შედეგად მიღებული შემოსავალი წამყვან საარსებო წყაროს. საბაზო პენსიის ოდენობა კი 2021 წლის პირველი იანვრიდან 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისათვის განისაზღვრება 240 ლარით, ხოლო 70 წლისა და მეტი ასაკის პენსიონერებისათვის 275 ლარით.

პენსია მცირედით აღემატება ოფიციალურ საარსებო მინიმუმს, რომელიც 2020 წლის დეკემბრისთვის განსაზღვრულია 192.5 ლარით.

საქართველოში ხანდაზმულთათვის სოციალური დაცვის მნიშვნელოვანი ელემენტია საარსებო შემწეობა. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემებით, საარსებო შემწეობის მიმღებ პირთა შორის დიდია ხანდაზმულ პირთა (60 წლისა და მეტი ასაკის) რაოდენობა – 2019 წელს შემწეობის მიმღებთა 16,5%, ხოლო 2020 წელს 18%.

 

 

თუმცა, კვლევების მიხედვით საქართველოში ხანდაზმული მოსახლეობა, არ მიეკუთვნება მოსახლეობის ყველაზე ღარიბ ჯგუფს. პირიქით, სიღარიბის პროცენტული მაჩვენებელი ხანდაზმულთა შორის მნიშვნელოვნად ნაკლებია, ვიდრე 25-65 წლის ასაკის მოსახლეობაში და ბავშვებში.

მიუხედავად ამისა, საქართველოში ხანდაზმული ასაკის მოსახლეობა ბევრი ასპექტით არასახარბიელო მდგომარეობაშია. დაბალი პენსიის გამო მედიკამენტების, საკვების და სხვა აუცილებელი საჭიროებების დაკმაყოფილების მიზნით, ბევრი ხანდაზმული იძულებულია დამატებითი შემოსავლის მისაღებად იმუშაოს დაბალპროდუქტიულ სამუშაოზე, ძირითადად, სასოფლო-სამეურნეო სექტორში.

ზოგადად, ხანდაზმულთა დასაქმება აქტიური ცხოვრებისა და აქტიური დაბერების ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია და, ამ მხრივ, საქართველოში ოფიციალური მონაცემებით არცთუ ისე ცუდი მდგომარეობაა, რადგან 2019 წლის მონაცემებით საპენსიო ასაკში დასაქმებული იყო 241,900 ადამიანი (დასაქმების დონე 37,8%). ეს, ერთი შეხედვით, არცთუ ისე დაბალი მაჩვენებელია, თუმცა, დასაქმებულ ხანდაზმულთა უმრავლესობა 85,1% თვითდასაქმებულია და მუშაობს სასოფლო-სამეურნეო სექტორში, რომელიც ჩვენში ერთ-ერთი ყველაზე დაბალპროდუქტიული დარგია. სამუშაო ადგილების სიმცირე და უმუშევრობის მაღალი დონე ქმნის ძლიერ კონკურენციას შრომის ბაზარზე, რის გამოც დაქირავებით დასაქმებულია მხოლოდ 65 წელს ზემოთ ასაკის 65,000 პირი.

ამას განაპიროებებს ისიც, რომ ხანდაზმულთა განათლების დონე, რაც აქტიური და ჯანმრთელი დაბერების ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია, ჩამოუვარდება ახალგაზრდა თაობისას და ამიტომ მათ მაღალანაზღაურებადი სამუშაოს პოვნის ნაკლები პერსპექტივა აქვთ. ამასთან, საქართველოში არ მოქმედებს მთელი სიცოცხლის მანძილზე სწავლების სისტემაც. ამას ემატება არსებული სტერეოტიპები და სტიგმა ხანდაზმულთა მიმართ. ახალგაზრდა თაობასთან შედარებით, მათ გაცილებით ნაკლებად მიუწვდებათ ხელი შინამეურნეობის აქტივებზე და შრომის ბაზარზე.

აღსანიშნავია, რომ დასაქმებულ პენსიონერს აქვს ხელფასთან ერთად ასაკით პენსიის სრულად მიღების უფლება, თუ იგი არ ეწევა საჯარო საქმიანობას, ანუ თუ არ არის დასაქმებული ადმინისტრაციულ ორგანოებში ან სხვა საბიუჯეტო ორგანიზაციებში (ეს წესი არ ვრცელდება სამეცნიერო-საგანმანათლებლო საქმიანობაზე).

ხანდაზმულობის ასაკის ერთ-ერთი წამყვანი პრობლემაა ფიზიკური დაუძლურების გამო ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება. ამ თვალსაზრისით, საქართველოც არ წარმოადგენს გამონაკლისს. აქ ათი ხანდაზმულიდან მხოლოდ ერთი აფასებს საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობას დამაკმაყოფილებლად მაშინ, როცა შედარებით ახალგაზრდა თაობის ორი მესამედი თავს ჯანმრთელად მიიჩნევს. მოსახლეობის აღწერის შედეგად გამოვლინდა, რომ ხანდაზმულთა 20% შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირია მაშინ, როცა 65 წლამდე ასაკის მოსახლეობაში აღნიშნული მაჩვენებელი მხოლოდ 3%-ს შეადგენს.

ხანდაზმულ მოსახლეობაში ყველაზე გავრცელებული ტიპის შესაძლებლობის შეზღუდვას წარმოადგენს მხედველობის სრული ან ნაწილობრივი დაკარგვა. ხანდაზმულთა დაახლოებით 13% აცხადებს, რომ მათ მხედველობასთან დაკავშირებული პრობლემები აქვთ. რიგით მეორე პრობლემას წარმოადგენს დამოუკიდებლად გადაადგილების უნარის შეზღუდვა – 9,3%. დაახლოებით 48 000 ხანდაზმულს, ანუ 9%-ს აღენიშნება ორი ან მეტი შესაძლებლობის შეზღუდვა. შესაბამისი მაჩვენებელი 80 წლისა და უფროსი ასაკის მოსახლეობაში კი შეადგენს 18,8%-ს.

მიუხედავად იმისა, რომ ხანდაზმულ მამაკაცებსა და ხანდაზმულ ქალებში შეზღუდული შესაძლებლობის მაჩვენებელი თანაბარია, ქალები საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობას უფრო ხშირად აფასებენ არადამაკმაყოფილებლად, ვიდრე მამაკაცები. თუმცა, ქალების სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობა საგრძნობლად აღემატება მამაკაცებისას. მეორე მხრივ, ქალების შემთხვევაში სიცოცხლის მეტ ხანგრძლივობას ის უარყოფითი მხარე აქვს, რომ მეტია მათი ქვრივად დარჩენის და მარტო ცხოვრების საფრთხე, რაც, თავის მხრივ, მეტ ეკონომიკურ გაჭირვებასა და სოციალურ იზოლაციას უკავშირდება. 2014 წლის აღწერის მონაცემით, ქვრივია 65 წლისა და უფროსი ასაკის ქალების დაახლოებით 59% (192 000 ქალი), ხოლო მამაკაცებში ეს მაჩვენებელი მხოლოდ 18,7 %-ია (37 000 მამაკაცი). ამის მიზეზი, ქალების სიცოცხლის მეტ ხანგრძლივობასთან ერთად, არის ასაკობრივი სხვაობა მეუღლეებს შორის.
მოსალოდნელია, რომ ხანდაზმულ ქალებს არასახარბიელო მდგომარეობაში ჩააყენებს 2019 წელს დაწყებული საპენსიო რეფორმაც, რომელიც არსებულ საპენსიო სისტემაში დაგროვებითი კომპონენტის შემოტანას გულისხმობს. ამან შესაძლოა უკეთესი შემოსავლით უზრუნველყოს პენსიონერთა შემდგომი თაობები, თუმცა, მამაკაცების საპენსიო ასაკსა (65 წელი) და ქალების საპენსიო ასაკს (60 წელი) შორის არსებული სხვაობის გამო, მათ მამაკაცებთან შედარებით 5 წლით ნაკლები დრო ექნებათ საკუთარ საპენსიო ფონდში წვლილის შესატანად. შესაბამისად, მათ მიერ დაგროვილი საპენსიო თანხა ნაკლები იქნება. ამასთან, ვინაიდან ქალების სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობა აღემატება მამაკაცებისას, ქალების საპენსიო დანაზოგიც, სავარაუდოდ, წლების მეტ რაოდენობაზე გადანაწილდება.

ხანდაზმულთა სოციალური კეთილდღეობის ერთ-ერთ განმსაზღვრელი ფაქტორია სოციალური კავშირები და ურთიერთობები. საქართველოში ყოველი მეხუთე ხანდაზმული ქალი (19,8%) და ყოველი მეათე მამაკაცი (10,6%) მარტო ცხოვრობს. დამოუკიდებლად ცხოვრობს 65 წლისა და უფროსი ასაკის მოსახლეობის მესამედი (33%), მათგან მეუღლესთან ერთად 16,6%, – 88 000 პირი, მარტო კი 16,3% – 87 000 პირი. დამოუკიდებლად მცხოვრები ხანდაზმულების წილი მთლიან მოსახლეობაში აქტიური და ჯანმრთელი დაბერების ერთ-ერთ საზომს წარმოადგენს, თუმცა, ამავე დროს, გასათვალისწინებელია მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა და შინამეურნეობის დამოუკიდებლად მართვისა და შემოსავლით უზრუნველყოფის შესაძლებლობა; ასევე, რაც მთავარია, აქვთ თუ არა მათ დამოუკიდებლად ცხოვრების სურვილი. გარდა ფსიქო-ემოციური გავლენისა, ხანდაზმული პირის მარტო დარჩენას აქვს პირდაპირი სოციალური ეფექტიც იმ კუთხით, რომ ამ შემთხვევაში მნიშვნელოვნად მცირდება ორი პირისათვის განკუთვნილი პენსიის ეკონომიკური ეფექტიც.

მონაცემთა სიმწირის გამო, საქართველოში დღემდე ვერ ხერხდება აქტიური დაბერების ინდექსის განსაზღვრა. თუმცა, სავარაუდო ინდექსის ისეთი კომპონენტების მიხედვით, როგორიცაა ხანდაზმულთა დასაქმება და დამოუკიდებელი ცხოვრება, საქართველოს მაღალი მაჩვენებლები აქვს. მეორე მხრივ, დავის საგანია, უნდა შეფასდეს თუ არა ცალსახად დადებითად ეს მაჩვენებლები, რადგან, ხანდაზმულები ხშირად იძულებულები არიან იმუშაონ დაბალპროდუქტიულ სფეროებში მინიმალური მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად. ხანდაზმულთა დამოუკიდებლად ცხოვრება დადებითად შეიძლება შეფასდეს მაშინ, როცა მათ საკმარისი შემოსავალი და ადეკვატური საცხოვრისი აქვთ, რადგან ხანდაზმულები, რომელთა ძირითად შემოსავალსაც ხანდაზმულობის პენსია წარმოადგენს და რომელთა საცხოვრებელი პირობებიც არადამაკმაყოფილებელია, დამოუკიდებლად ცხოვრების შემთხვევაში, როგორც წესი, მძიმე მდგომარეობაში არიან.          

ცალკე აღნიშვნას საჭიროებს ხანდაზმულობასთან დაკავშირებული ისეთი საკითხები, როგორიცაა ასაკობრივი დისკრიმინაცია, ოჯახში ძალადობა, უგულებელყოფა, გულგრილობა – რომლის წინაშეც დღეს საქართველოში მცხოვრები ბევრი ხანდაზმული იმყოფება.

სახალხო დამცველის ანგარიშების მიხედვით, საქართველოში ხანდაზმულები განსაკუთრებულად დაუცველთა ჯგუფს მიეკუთვნებიან. ასაკოვანი ადამიანები ხშირად განიცდიან სტიგმას და დისკრიმინაციას, ასევე, მათი უფლებების დარღვევას ინდივიდუალურ, საზოგადოებრივ და ინსტიტუციურ დონეებზე მხოლოდ მათი ასაკის გამო. ამას ხელს უწყობს გავრცელებული სტერეოტიპები, რომ ისინი მხოლოდ წარსულის ნაწილი არიან და საზოგადოებისთვის და ოჯახისთვის შეუმჩნეველია მათი ადგილი და როლი. ხანდაზმულები ხშირად განიცდიან სხვადასხვა სახის სასტიკ მოპყრობას იმ ადამიანთა მხრიდან, რომლებსაც ისინი ენდობიან. სასტიკ მოპყრობას მრავალი ფორმა აქვს, მათ შორის, ფიზიკური, ფსიქოლოგიური, სექსუალური, ასევე ფინანსური და მატერიალური ძალადობა, მიტოვება, უგულებელყოფა და ღირსებისა და პატივისცემის მნიშვნელოვანი დაკარგვა. ამასთან, ეს შეიძლება ხდებოდეს მოვლის კონტექსტში.

ხანდაზმულთა წინაშე არსებული გამოწვევებისა და, ზოგადად, დაბერების საკითხებზე რეაგირების მიზნით, საქართველოს პარლამენტმა 2016 წლის მაისში მიიღო „საქართველოში მოსახლეობის დაბერების საკითხზე სახელმწიფო პოლიტიკის კონცეფცია“, რომელიც მოიცავს სახელმწიფო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებსა და მიზნებს. კონცეფცია ემყარებოდა ,,მოსახლეობის დაბერების საკითხის მეინსტრიმინგის გზამკვლევსა და შესაბამის რეკომენდაციებს“, რომელიც 2013 წელს შეიმუშავა საქართველოს მთავრობამ, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ევროპის ეკონომიკურ კომისიასთან ერთად, დაბერების პრობლემების მადრიდის საერთაშორისო სამოქმედო გეგმისა და მისი განხორციელების რეგიონალური სტრატეგიის (MIPAA/RIS) მიხედვით. კონცეფციის საფუძველზე შემუშავდა 2017-2018 წლების ეროვნული სამოქმედო გეგმა, რომელიც მოიცავდა 13 პრიორიტეტულ სფეროს:

  • მოსახლეობის დაბერების მეინსტრიმინგი;
  • ხანდაზმულთა საზოგადოებრივ ცხოვრებაში ინტეგრირება და ჩართულობა;
  • ხანდაზმულთა სახის წარმოჩენა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით მათი საკითხების გაშუქება;
  • ხანდაზმულთა სოციალური დაცვა;
  • ხანდაზმულთა შრომა და დასაქმება;
  • მთელი სიცოცხლის განმავლობაში სწავლა;
  • ხანდაზმულთა ჯანმრთელობის დაცვა და კეთილდღეობა;
  • გენდერული მიდგომის მეინსტრიმინგი;
  • თაობათაშორის სოლიდარობა;
  • მიგრაცია;
  • ქვეყნის საერთაშორისო პროცესებში ინტეგრაცია;
  • კვლევა და მონაცემთა შეგროვება;
  • მონიტორინგი და შეფასება.

თუმცა, როგორც საქართველოს სახალხო დამცველის 2018 წლის საპარლამენტო ანგარიშშია აღნიშნული, ,,საქართველოში მოსახლეობის დაბერების საკითხებზე სახელმწიფო პოლიტიკის კონცეფციით გათვალისწინებული ვალდებულებები სათანადოდ არ შესრულებულა, რადგან კონცეფციის 2017-2018 წლების ეროვნული სამოქმედო გეგმა გვიან (2017 წლის ნოემბერში) დამტკიცდა და, ფაქტობრივად, მას მხოლოდ ფორმალური სახე ჰქონდა. შესაბამისად, გასაკვირი არ არის, რომ გეგმის თითქმის არცერთი ვალდებულება არ არის შესრულებული (საქართველოს სახალხო დამცველი, 2018).“

ცხადია, რომ საქართველოში ხანდაზმულების მდგომარეობის გაუმჯობესება მოითხოვს სერიოზულ ცვლილებებს ყველა დონეზე.

მსგავსი ამბები

სამი ისტორია

  მოვხუცდი და თვალის ჩინი დავკარგე. მხოლოდ ბუნდოვან ლანდებს ვხედავდი და უიმედობამაც მომიცვა. მეგონა, ასე...

ხანდაზმულთა ჯანმრთელობის დაცვის ღონისძიებები

  ხანდაზმულებს საქართველოში შეუძლიათ ისარგებლონ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დაფინანსებული სხვადასხვა ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამებით. მათგან...

ხანდაზმულთა სოციალური მდგომარეობა საქართველოში

  ხანდაზმულობის ძირითადი გამოწვევა არის ის, რომ გარკვეული ასაკის მიღწევის შემდეგ მცირდება ადამიანის შრომისუნარიანობა და...

ხანდაზმულთა სოციალური დაცვის ძირითადი ღონისძიებები

სოციალური დაცვის სახეები შეიძლება დავყოთ 2 ძირითად ჯგუფად: ფულადი გასაცემლები და არაფულადი სარგებელი. ფულადი...

პროგრამები ხანდაზმულთათვის – კვლევის ანგარიში

წინამდებარე კვლევა ჩატარდა ფარგლებში პროექტისა: „ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვა ხანდაზმულებისთვის საქართველოში - არსებული სერვისები...