ხანდაზმულთა ჯანმრთელობის დაცვის ღონისძიებები

 

ხანდაზმულებს საქართველოში შეუძლიათ ისარგებლონ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დაფინანსებული სხვადასხვა ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამებით. მათგან ყველაზე მსხვილია საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამა. პროგრამა გულისხმობს გადაუდებელ და გეგმიურ ამბულატორიულ, ასევე, გადაუდებელ და გეგმიურ სტაციონარულ მომსახურებას, გარკვეული ლიმიტის შესაბამისად. აღნიშნულ პროგრამაში ინტეგრირდა „ინფექციური დაავადებების მართვის“ სახელმწიფო პროგრამა, გარკვეული ნოზოლოგიებით.

დამატებითი ინფორმაცია მომსახურების პაკეტებისა და დაფინანსების ოდენობების შესახებ იხილეთ ბმულზე

C ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამა. მოიცავს სკრინინგულ კვლევას, დიაგნოსტირებას და მკურნალობას. ხანდაზმულებს შეუძლიათ აღნიშნული პროგრამით სარგებლობა, ცალკე მიზნობრივ ჯგუფად გამოყოფილი არ არიან.

ე. წ. „ვერტიკალური პროგრამები“ (საქართველოს მთავრობის # 693 დადგენილების მიხედვით):

  1. დაავადებათა ადრეული გამოვლენა და სკრინინგი – ხელმისაწვდომია ხანდაზმულთა მცირე ასაკობრივი ჯგუფისთვის. პროგრამის კომპონენტებია: კიბოს სკრინინგი, საშვილოსნოს ყელის ორგანიზებული სკრინინგი. ხანდაზმულებს შეუძლიათ აღნიშნული პროგრამით სარგებლობა გარკვეული შეზღუდვებით: ხელმისაწვდომია მხოლოდ თბილისის გარეთ მცხოვრებთათვის – ძუძუს კიბოს სკრინინგი 40-70 წლის ქალებში (ანუ მხოლოდ 60-70 წ.წ.), საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგი მიუწვდომელია (25-60 წ.წ.) და მსხვილი ნაწლავის კიბოს სკრინინგი – 50-დან 70 წლის ჩათვლით ორივე სქესისათვის (ანუ 60-70 წ.წ. ქალი და 65-70 წ.წ. მამაკაცი).
  2. იმუნიზაცია – ხანდაზმულებს შეუძლიათ პროგრამით სარგებლობა. ცალკე მიზნობრივ ჯგუფად გამოყოფილი არ არიან. პროგრამის კომპონენტებია: სპეციფიკური შრატებისა და ვაქცინების შესყიდვა, ანტირაბიული სამკურნალო საშუალებებით უზრუნველყოფა, გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინის შესყიდვა, აცრა-ვიზიტისა და ექიმის კონსულტაციის მომსახურება.
  3. ტუბერკულოზის მართვა – ხანდაზმულები ცალკე მიზნობრივ ჯგუფად გამოყოფილი არ არიან, თუმცა შეუძლიათ პროგრამით სარგებლობა. პროგრამის კომპონენტებში შედის: ამბულატორიული მომსახურება, სტაციონარული მომსახურება.
  4. აივ ინფექცია/შიდსის მართვა – ხანდაზმულებს შეუძლიათ პროგრამით სარგებლობა. ცალკე მიზნობრივ ჯგუფად გამოყოფილი არ არიან. პროგრამის კომპონენტებში შედის: აივ-ინფექცია/შიდსზე ნებაყოფლობითი კონსულტირება და ტესტირება, მ. შ. სახარჯი მასალების შესყიდვა, დაავადებულთა ამბულატორიული მომსახურება, სტაციონარული მომსახურება, სამკურნალო მედიკამენტების შესყიდვა.
  5. ნარკომანიით დაავადებულ პაციენტთა მკურნალობა – საჭიროების შემთხვევაში, ხანდაზმულებს შეუძლიათ პროგრამით სარგებლობა. ცალკე მიზნობრივ ჯგუფად გამოყოფილი არ არიან. პროგრამის კომპონენტებში შედის: სტაციონარული დეტოქსიკაცია და პირველადი რეაბილიტაცია ოპიოიდების, სტიმულატორების და სხვა ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარებით გამოწვეული ფსიქიკური და ქცევითი აშლილობების დროს, ჩანაცვლებითი თერაპიის განხორციელება, ალკოჰოლის მიღებით გამოწვეული ფსიქიკური და ქცევითი აშლილობების სტაციონარული მომსახურება.
  6. ფსიქიკური ჯანმრთელობა – ხანდაზმულებს შეუძლიათ აღნიშნული პროგრამით სარგებლობა გარკვეული შეზღუდვებით. ცალკე მიზნობრივ ჯგუფად გამოყოფილი არ არიან. პროგრამის კომპონენტებია: ფსიქიატრიული ამბულატორიული მომსახურება, ფსიქოსოციალური რეაბილიტაცია, ფსიქიატრიული კრიზისული ინტერვენცია, თემზე დაფუძნებული მობილური გუნდის მომსახურება, ფსიქიკური დარღვევების მქონე პირთა თავშესაფრით უზრუნველყოფის კომპონენტი.
  7. დიაბეტის მართვახანდაზმულებს შეუძლიათ აღნიშნული პროგრამით სარგებლობა გარკვეული შეზღუდვებით. ცალკე მიზნობრივ ჯგუფად გამოყოფილი არ არიან. პროგრამის კომპონენტებში შედის: სპეციალიზებული ამბულატორიული დახმარება, შაქრიანი და უშაქრო დიაბეტით დაავადებული მოსახლეობის სპეციფიკური მედიკამენტებითა და საანალიზო ტექნიკური საშუალებებით უზრუნველყოფა, შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ პაციენტთა მედიკამენტებით უზრუნველყოფა, უშაქრო დიაბეტით დაავადებულთა მედიკამენტებით უზრუნველყოფა.
  8. დიალიზი და თირკმლის ტრანსპლანტაცია – ხანდაზმულებს შეუძლიათ აღნიშნული პროგრამით სარგებლობა. ცალკე მიზნობრივ ჯგუფად გამოყოფილი არ არიან. პროგრამის კომპონენტებია: ჰემოდიალიზით უზრუნველყოფა, პერიტონეული დიალიზით უზრუნველყოფა, თირკმლის ტრანსპლანტაცია, ორგანოგადანერგილთა იმუნოსუპრესიული მედიკამენტებით უზრუნველყოფა.
  9. ინკურაბელურ პაციენტთა პალიატიური მზრუნველობაპროგრამა ცალკე სამიზნე ჯგუფად გამოყოფს ხანდაზმულებს. პროგრამის კომპონენტებია: ინკურაბელურ პაციენტთა ამბულატორიული პალიატიური მზრუნველობა, სტაციონარული პალიატიური მზრუნველობა, მედიკამენტებით უზრუნველყოფა.
  10. სასწრაფო გადაუდებელი დახმარება და სამედიცინო ტრანსპორტირება – ხანდაზმულებს შეუძლიათ აღნიშნული პროგრამით სარგებლობა. ცალკე მიზნობრივ ჯგუფად გამოყოფილი არ არიან. პროგრამის კომპონენტებია: სასწრაფო სამედიცინო დახმარება, რეფერალური დახმარება, სამედიცინო ტრანსპორტირება.
  11. სოფლის ექიმიხანდაზმულებს შეუძლიათ აღნიშნული პროგრამით სარგებლობა. ცალკე მიზნობრივ ჯგუფად გამოყოფილი არ არიან. პროგრამის კომპონენტებია: პირველადი ჯანდაცვის მომსახურება სოფლად, სპეცდაფინანსებაზე მყოფი დაწესებულებების მიერ შესაბამისი ამბულატორიული და სტაციონარული მომსახურების მიწოდება.
  12. რეფერალური მომსახურება – ხანდაზმულებს შეუძლიათ აღნიშნული პროგრამით სარგებლობა. ცალკე მიზნობრივ ჯგუფად გამოყოფილი არ არიან. პროგრამით გათვალისწინებულია სტიქიური უბედურებების, კატასტროფების, საგანგებო სიტუაციების, კონფლიქტურ რეგიონებში დაზარალებულ მოქალაქეთა და საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული სხვა შემთხვევების დროს მოსახლეობის სამედიცინო დახმარება.
  13. ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფა – პროგრამა ცალკე სამიზნე ჯგუფად გამოყოფს ხანდაზმულებს (იხ. ქვევით). პროგრამით გათვალისწინებული მომსახურება მოიცავს გულ-სისხლძარღვთა, ფილტვის, ფარისებრი ჯირკვლის, დიაბეტის (ტიპი 2), ქრონიკული დაავადებების სამკურნალო ფარმაცევტული პროდუქტის გაცემას პროგრამის მოსარგებლეებზე (მედიკამენტების ჩამონათვალი განისაზღვრება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის შესაბამისი ბრძანებით). საპენსიო ასაკის პირებისთვის გათვალისწინებულია მომსახურების ღირებულების გადახდა მედიკამენტ(ებ)ის თითოეული გატანისას ღირებულების 10%-ის ოდენობით, მაგრამ არანაკლებ 0,05 ლარისა (5 თეთრი) და არაუმეტეს 1 (ერთი) ლარისა.

 

ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო (ე. წ. ცენტრალურ) პროგრამებთან ერთად მუნიიპალიტეტების დონეზე ფინანსდება სხვადასხვა დამატებითი პროგრამები.

თბილისის მერიის ჯანდაცვის პროგრამები

  1. დაავადებათა სკრინინგი – ხანდაზმულთაგან ეხება 60-70 წლის ქალებს და 65-70 წლის მამაკაცებს. პროგრამა ითვალისწინებს:
    • ძუძუს კიბოს სკრინინგს 40-70 წლის ჩათვლით ასაკის ქალებში, რომელიც მოიცავს: მამოგრაფიულ გამოკვლევას 2 პროექციაში (2 რადიოლოგის მიერ ერთმანეთის დამოუკიდებლად წაკითხვით) და ძუძუს ფიზიკალურ გასინჯვას; პათოლოგიის გამოვლენის შემთხვევაში, ძუძუს ულტრაბგერით გამოკვლევას; საჭიროების შემთხვევაში, ბიოფსიური მასალის აღებას და ციტოლოგიურ კვლევას;
    • საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგი 25-60 წლის ჩათვლით ასაკის ქალებში, რომელიც მოიცავს: გინეკოლოგის გასინჯვას და PAP–ტესტის ჩატარებას ბეტესტას მეთოდზე დაყრდნობით; პათოლოგიის გამოვლენის შემთხვევაში, კოლპოსკოპიურ კვლევას; საჭიროების შემთხვევაში, კოლპოსკოპიისას ბიოფსიური მასალის აღებას და ჰისტოლოგიურ კვლევას;
    • პროსტატის კიბოს სკრინინგი 50-70 წლის ასაკის ჩათვლით მამაკაცებში, რომელიც მოიცავს სისხლში პროსტატის კიბოს ანტიგენის (PSA) გამოკვლევას; კოლორექტული კიბოს სკრინინგი 50-70 წლის ასაკის ჩათვლით ორივე სქესისათვის, რომელიც მოიცავს: ფარულ სისხლდენაზე სპეციალური ტესტის (FOBT) ჩატარებას; პათოლოგიის გამოვლენის შემთხვევაში კოლონოსკოპიურ კვლევას; საჭიროების შემთხვევაში, კოლონოსკოპიისას ბიოფსიური მასალის აღებას და ჰისტოლოგიურ კვლევას;
    • ფარისებრი ჯირკვლის კიბოს მართვის პილოტი 25-70 წლის ასაკის ჩათვლით რისკის მქონე ქალებში, რომელიც მოიცავს: ფარისებრი ჯირკვლის ულტრაბგერით გამოკვლევას; პათოლოგიის გამოვლენის შემთხვევაში სისხლის თირეოტროპული ჰორმონის გამოკვლევას; საჭიროების შემთხვევაში, ბიოფსიური მასალის აღებას და ციტოლოგიურ კვლევას; ფარისებრი ჯირკვლის კიბოს მართვის პროცესის მეთვალყურეობას ენდოკრინოლოგის მიერ.
  2. C ჰეპატიტის დიაგნოსტიკა – ხანდაზმულებს შეუძლიათ ისარგებლონ პროგრამით, 70 ათას ქულამდე შეფასების შემთხვევაში. პროგრამა ითვალისწინებს „C ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამის“ ბენეფიციარებისათვის, რომლებსაც ჩატარებული აქვთ კვლევა ანტისხეულების განსაზღვრის მიზნით მარტივი ან/და იმუნოფერმენტული ანალიზის (იფა) მეთოდით და მიღებული აქვთ დადებითი პასუხი, მკურნალობაში ჩართვამდე აუცილებელი და მკურნალობის პროცესის მონიტორინგის კვლევების თანადაფინანსებას, არაუმეტეს დადგენილი ტარიფების 30%-ით.
  3. ტრანსპლანტაცია – პროგრამა მოიცავს ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის საჭიროების მქონე პირებისათვის, რომელთაც აქვთ მწვავე ლეიკემია, მწვავე ლიმფოიდური ლეიკემია, მწვავე მიელოიდური ლეიკემია, ქრონიკული მიელოიდური ლეიკემია, იუვენური მიელომონოციტარული ლეიკემია, არა-ჰოჯკინის ლიმფომა, ჰოჯკინის ლიმფომა, მიელოდისპლაზიური სინდრომი, აპლასტიური ანემია, ჰისტიოციტოზი, თალასემია, მრავლობითი მიელომა (მიელომური ავადმყოფობა):
    • მაღალდოზირებულ ქიმიოთერაპიას;
    • ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის წინა კვლევებს;
    • ტრანსპლანტაციას (აუტოლოგიური ტრანსპლანტაცია, ალოგენური ტრანსპლანტაცია, ჰაპლოიდენტური ტრანსპლანტაცია). მათ შორის, პაციენტის კონდიცირება – ორგანიზმის მომზადება ტრანსპლანტაციისათვის და პოსტტრანსპლანტაციური პერიოდის მართვა.

ღვიძლის ტრანსპლანტაციის საჭიროების მქონე პირებისათვის ქვეპროგრამის ფარგლებში ფინანასდება ღვიძლის ტრანსპლანტაცია.

  1. ძუძუს კიბოს სამკურნალო მედიკამენტების დაფინანსება – პროგრამა მოიცავს შემდეგი მედიკამენტების დაფინანსებას/თანადაფინანსებას:
    • HER-2 დადებითი ადგილობრივად გავრცელებული (I-III სტადია) ძუძუს კიბოს დიაგნოზის ან რადიკალური ოპერაციის შემდგომ განვითარებული რეციდივის შემთხვევაში – ტრასტუზუმაბიანსიმსივნური კვანძის >2სმ-ზე ან/და ჰორმონუარყოფითი (ER/PR-negative) ან/და დადებითი ნოდალური სტატუსის (N+) შემთხვევაში ტრასტუზუმაბი+პერტუზუმაბის კომბინაცია. (ტრასტუზუმაბი+პერტუზუმაბის კომბინაციის შემთხვევაში ფინანსდება მაქსიმუმ 12 ინფუზია და მხოლოდ 2019 წლის 1 იანვრიდან პროგრამაში ჩართული პირებისათვის);
    • კონსილიუმის დასკვნის საფუძველზე, პაციენტის საჭიროებიდან გამომდინარე, დანიშნულების შესაბამისად, HER-2 დადებითი მეტასტაზური ძუძუს კიბოს დიაგნოზის შემთხვევაში ტრასტუზუმაბი, ტრასტუზუმაბი + პერტუზუმაბი ან ლაპატინიბი.
  2. ფსიქიკური ჯანმრთელობის სათემო მომსახურება– პროგრამა მოიცავს აქტიურ (ასერტულ) ფსიქიატრიულ მკურნალობას, რომელშიც შედის:
    • მულტიდისციპლინური მობილური გუნდის მიერ მოსარგებლეთა შეფასება და ინდივიდუალური მართვის გეგმის შემუშავება;
    • რეგულარული ვიზიტები (არანაკლებ 6 ვიზიტი თვეში) საცხოვრებელ ადგილზე, 24 საათიანი სატელეფონო კონსულტაცია;
    • მოსარგებლეთა სოციალური უნარ-ჩვევების ტრენინგი;
    • მოსარგებლისა და ოჯახის ფსიქოლოგიური მხარდაჭერა და ფსიქოგანათლება;
    • ფსიქიატრიულ საავადმყოფოში სათანადო კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში, პაციენტის ჰოსპიტალიზაციის უზრუნველყოფა;
    • საჭიროების შემთხვევაში, მულტიდისციპლინური გუნდის წევრის – ექიმი-ფსიქიატრის მიერ დანიშნული მედიკამენტებით უზრუნველყოფა.

ცხრილი: ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამები

ცხრილი: ჯანმრთელობის დაცვის თბილისის მუნიციპალური პროგრამები

მსგავსი ამბები

შინმოვლის სტანდარტები

შინმოვლის სტანდარტები >> იხილეთ ბმული

შინმოვლის კონცეფცია

შინმოვლის კონცეფცია

შინმოვლის ტექნიკური რეგლამენტი

აღნიშნული დოკუმენტის მიზანია შინმოვლის მინიმალური სტანდარტების განსაზღვრა და შედეგად, შინმოვლის მომსახურების ხარისხის უზრუნველყოფის ხელშეწყობა. წინამდებარე...

საყოფაცხოვრებო-ტექნიკური ჩარევის კითხვარი

საყოფაცხოვრებო-ტექნიკური ჩარევის კითხვარი

ბართელის ინდექსი

ბართელის ინდექსი

შარდის შეკავება და შეუკავებლობა

საშარდე სისტემის სიმპტომები საშარდე სისტემის დარღვევებიდან ყველაზე ხშირია შარდის შეუკავებლობა და დიზურია. შეუკავებლობა მიზეზი: გარეთა საშარდე...