მოვლის მსოფლიო ისტორია

ზრუნვა სხვებზე და მზადყოფნა მათ დასახმარებლად ადამიანთა მოდგმის მნიშვნელოვანი თვისებაა. პირველყოფილი ადამიანები ერთმანეთს ყოველთვის ეხმარებოდნენ ჭრილობებისა და დაავადებების დროს. მოვლის დღევანდელი ფორმით არსებობა ისტორიული განვითარების შედეგია – დასაბამიდან დღემდე.

ადრეული ხანა
დედამიწაზე სიცოცხლის გაჩენასთან ერთად გაჩნდა ავადმყოფობები. ადამიანებს ინსტიქტების დონეზე შეეძლოთ თავის დაცვა, ინსტიქტების დონეზე იცოდნენ, რა მიაყენებდა მათ ზიანს და როგორ უნდა შეემცირებინათ საფრთხე. გამოცდილების საფუძველზე მათ განუვითარდათ ემპირიული ცოდნა, რომელიც ქმედებაში უფრო და უფრო ვითარდებოდა. ასე მაგალითად, ადრეული ხანის ადამიანები უკვე იცნობდნენ სამკურნალო მცენარეებს, იყენებდნენ, აშენებდნენ მათ. ზოგიერთი მცენარის შემადგენელი ნივთიერებები ახლაც აქტუალურია (მაგ., ქინინი).
ადამიანი ადრეულ ხანაშიც იტანჯებოდა ართრიტით, ეს ჩანს იმ პერიოდის ჩონჩხზე. ქვის ხანის ადამიანი უკვე ზრუნავდა ოჯახის წევრებზე, უვლიდა მას, ამის დადგენა პალეოანთროპოლოგებმა ჩონჩხების გამოკვლევის შედეგად შეძლეს.
რამდენიმე კონტინენტზეა აღმოჩენილი ტრეპანირებული თავის ქალა. ტრეპანაცია შესრულებულია რამდენიმე ახლო-ახლო გაკეთებული ღრმულით ან თავის ქალის ძვლის ნაწილის ამოკვეთით. ამ „ოპერაციით” ძველი დროის ადამიანი „ბოროტი სულებისა” და „დემონების” განდევნას ცდილობდა. ასეთი ქმედების უფლება კი მხოლოდ შამანებსა და სასულიერო პირებს ჰქონდათ. ამიტომ, იმ დროის „ექიმები” მაგიურ-რელიგიურ მედიცინას ავითარებდნენ.

არქაული კულტურები
ადრეული დიდი კულტურები აღმოცენდა ქრისტეშობამდე დაახლოებით 4000 წლით ადრე. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ძველი ეგვიპტის, მესოპოტამიის, ინდოეთისა და ჩინეთის გამოცდილება, რომლებმაც დიდი გავლენა მოახდინეს სხვა ქვეყნების განვითარებაზე.
ეგვიპტე – ეგვიპტელები ჯერ კიდევ 2000 წლით ადრე ქრისტემდე დიდ სამედიცინო ცოდნას ფლობდნენ. პაპირუსებში აღწერილია, რამხელა მნიშვნელობას ანიჭებდნენ ძველი ეგვიპტელები ჰიგიენას, ცხოვრების ჯანსაღ წესს, რომელიც ჯანმრთელობის შენარჩუნების ამოსავალ წერტილად ითვლებოდა. მათ ჰყავდათ სხვადასხვა სპეციალობის ექიმები: თვალის, ქირურგები და ქალთა ექიმები. ძნელია იმის დადგენა, თუ ის, ვინც უვლიდა ქირურგიულ პაციენტებს, ასევე იღებდა თუ არა მონაწილეობას ჭრილობების და სხვა დაზიანებების მკურნალობაში და იყო თუ არა ყველა ეს მომვლელი ოჯახის წევრი, მაგრამ ერთი რამ კი ცხადია – არსებობდნენ ადამიანები, ვინც მაშინდელ ეგვიპტეში მომვლელის საქმიანობას ეწეოდა.
მესოპოტამია – ქვეყანა ევფრატსა და ტიგროსს შორის დაახლოებით 1600 წლით ადრე ქრისტემდე, ჰამურაბის, ბაბილონის დიდი მეფის მიერ იმართებოდა. მის მიერ გამოიცა კანონების აქამდე მოღწეული უძველესი წიგნი. ლურსმული დამწერლობით (რომელიც ასირიელებმა და ბაბილონელებმა შუმერებისგან გადმოიღეს) შექმნილი უფლებები და მოვალეობები თიხის ფირფიტებზე იყო ამოტვიფრული. ერთი ასეთი 1902 წელს ნაპოვნი ფირფიტა იძლევა ცნობებს დაავადებებისა და მათი მკურნალობის შესახებ.
სპეციალურად მოვლაზე არაფერია ნათქვამი ტექსტებში, მხოლოდ მედიცინის წინგადადგმული ნაბიჯებია აღწერილი. უდავოა, რომ აქაც პრაქტიკული და მაგიური ერთმანეთში იყო არეული. სავარაუდოდ, მოვლა ხორციელდებოდა როგორც ექიმების, ასევე ოჯახის წევრების მიერ.
ინდოეთი – მისი კულტურა, რომელიც წყალუხვი მდინარეების – განგისა და ინდის შუაწელში აღმოცენდა, ჯერ კიდევ 2000 წლით ადრე ქრისტემდე საკმაოდ შორს იყო წასული თავისი განვითარებით. სახლებში არსებობდა ჰიგიენური მოწყობილობები: წყლის სათავსოები, სააბაზანოები, კანალიზაცია და გამოყენებული წყლის სავალი სისტემა. მედიცინასა და მოვლას აქაც რელიგიური, მაგიური და ემპირიული წარმოდგენები ედო საფუძვლად.
მედიცინისა და მოვლის განვითარებაზე დიდი გავლენა მოახდინა გაუტამა ბუდას გამოჩენამ. ინდოეთის პირველი ბავშვთა ექიმი შივაკაც ამ დროს ცხოვრობდა და მოღვაწეობდა. ბუდა გადამწყვეტად თვლიდა ავადმყოფებთან დამოკიდებულებასა და მომვლელების ქცევას და ეს წესები 4 ჭეშმარიტების მიხედვით ჩამოაყალიბა: ამტანობა/მოთმინება, არანაირი ძალაუფლება, უნივერსალური გულმოწყალება და ზოგადი ადამიანური მრწამსი. აიურვედა, ძველი ინდური სამკურნალო წმინდა წიგნი ამბობს, რომ მომვლელები ავადმყოფებზე გადაგებულები, განათლებულები, სამუშაოში ჩაფლულები, სულითა და ხორცით სუფთები და ჭკვიანები უნდა იყვნენ. თუ მედიცინას მეტის გაკეთება აღარ შეუძლია და ავადმყოფები მხოლოდ იტანჯებიან, მაშინ დარჩენილი სიცოცხლე მოვლით უნდა გახადო ასატანი. ეს ციტატა არის იმ ცნობილი გამონათქვამებიდან, რომლებიც ქრისტემდე მე-4 ათასწლეულს მიეკუთვნება. პირველად აქ იქნა მოვლა ნახსენები და მკურნალობის გეგმაში ჩართული.
ბუდისტი მეფის ასჰოკას მმართველობის დროს პილიგრიმების სასიარულო გზებზე დაფუძნებული იქნა სპეციალური სახლები ავადმყოფებისა და დაუძლურებულებისთვის. იქ ავადმყოფებს მხოლოდ მამაკაცები უვლიდნენ.
ჩინეთი – მედიცინა ჩინეთშიც უპირველესად რელიგიურ, მაგიურ და ემპირიულ შეხედულებებს ეფუძნებოდა. მოგვიანებით, ავადმყოფობის გაგება უკავშირდებოდა საბუნებისმეტყველო მეცნიერებებს, ბუნების ფილოსოფიას: სამყარო იყოფა 5 ელემენტად: ხე, ცეცხლი, მიწა, ლითონი და წყალი. ამ 5 ელემენტს ექვემდებარება ცის 5 მიმართულება, წელიწადის დროები და ძირითადი ორგანოები. ავადმყოფობა გაგებული იქნა, როგორც დისჰარმონია ამ 5 ორგანოს შორის. ჯერ კიდევ 5 ათასი წლის წინ განავითარეს ჩინეთში მკურნალობის მნიშვნელოვანი მეთოდები: აკუპუნქტურა, რეფლექსოთერაპია, აკუპრესურა და სხვა.
ძალიან ადრე უკვე არსებობდნენ მეანები, ქირურგები, ზოგადი თერაპევტები. კონფუცის სწავლება შეიცავდა პრინციპს – ღრმა მოწიწება მშობლების წინაშე, რომელიც ავალდებულებდა შვილებს, მოევლოთ მშობლებისთვის ავადმყოფობის შემთხვევაში. აქ უკვე მიღებულია, რომ ოჯახის წევრები საკუთარ თავზე იღებენ მოვლას.
ძველი კულტურების მედიცინა ჯერ კიდევ მაგიურ-რელიგიური გავლენის ქვეშ იმყოფებოდა, მაგრამ პარალელურად მედიცინა მაინც ვითარდებოდა. დაგროვილი იყო ძალიან დიდი სამედიცინო ცოდნა. ძველი კულტურის ქვეყნების დამსახურებაა მედიცინისადმი საბუნებისმეტყველო მიდგომის განვითარება, რომელმაც საბოლოოდ გამიჯნა ერთმანეთისგან ექიმისა და სასულიერო პირების პროფესია.

ანტიკური ხანა
ანტიკურ ხანაში უნდა ვეძებოთ ბევრი რამის ფესვები – სოციალური ქცევა, ენა, მედიცინა, მოვლა… სიტყვები ანატომია, ფსიქოლოგია, ეთიკა და ტექნიკა მაშინდელ ეპოქაში წარმოიშვა.
ქრისტიანობის გავრცელებასთან ერთად, გაჩნდა მოწყალების, მოყვასის სიყვარულისა და დახმარების იდეა, რომელიც ღმერთის სამსახურში ყოფნას ნიშნავდა.

საბერძნეთი
სამკურნალო საქმიანობა დიდად პატივცემული იყო ძველ საბერძნეთში. ამის თაობაზე ეპოსებში და პოემებშია საუბარი. ჰომეროსი ამბობს „ილიადაში”: „მკურნალი ადამიანი უფრო ფასეულია, ღირსეულია სხვების წინაშე”. ეს ნათლად აჩვენებს ძველი ბერძნების დამოკიდებულებას ჯანმრთელობისა და ავადმყოფობის შესახებ. ჯანმრთელობა უმაღლეს რანგში იყო აყვანილი, იდეალად ისახებოდა, რომლის შენარჩუნება და დაკარგულის კვლავ დაბრუნება შესაძლებელი იყო. თერაპიების ადგილებში საექიმო სკოლებიც აღმოცენდა, ესკულაპეს სკოლები. იმ დროს, საბერძნეთში არსებული ფილოსოფიების გავლენით, ამ სკოლებში ავადმყოფობასა და მკურნალობაზე წარმოდგენები შეიცვალა. თუ მანამდე მკურნალობა ემპირიულ ცოდნას ემყარებოდა, ახლა საბუნებისმეტყველო ფილოსოფიაზე დაყრდნობით ცდილობდნენ ავადმყოფობისა და ჯანმრთელობის გაგებას. შედეგად, ემფედოკლესმა განავითარა ელემენტებზე დაყრდნობილი სწავლება. დედამიწა დაიყო ოთხ ელემენტად – ცეცხლი, წყალი, ჰაერი და მიწა. ეს სწავლება გამოყენებულ იქნა ჰუმორალპათოლოგიის საფუძვლად, ადამიანის სხეულის, დაავადებებისა და ჯანმრთელობის გასაგებად. ამ შეხედულებამ მე-19 საუკუნემდე მოაღწია. სხეულის „სითხოვანი” ნაწილი სისხლი – ჰემა, ნაღველი – ქოლე, შავი ნაღველი – მელან ქოლე და ლორწო – ფლეგმა გაგებული იქნა, როგორც სხეულის ოთხი ელემენტი. ეს დააკავშირეს ოთხ სხვა ელემენტთან – სითბო, სიმშრალე, სიცივე და სინესტე, და უმნიშვნელოვანეს ორგანოებთან – გული, ღვიძლი, ელენთა და ტვინი. ადამიანი ჯანმრთელი იყო, თუ სხეულის ელემენტები ერთმანეთთან მიმართებაში, მოქმედებასა და რაოდენობაში თანასწორად ნაწილდებოდა. ამის საპირისპიროდ, ავადმყოფობა ისეთი მდგომარეობა იყო, როცა „სითხეები” არასწორად ერეოდა ერთმანეთს. მაგ., დეპრესიას შავი ნაღველის (მელანქოლია) მოჭარბებით ხსნიდნენ. მათი გაგებით, ბუნების მიზანი წონასწორობის აღდგენა იყო. ადრეული ბერძნული ფილოსოფია ბუნების შესახებ გამოეყო პრიმიტიულ, მაგიურ-ემპირიულ აზროვნებას და ეძებდა კანონებს, განმარტებებსა და მეცნიერულ გზებს ჯანმრთელობისა და ავადმყოფობის გასაგებად და ასახსნელად.
ბერძენი ექიმი ჰიპოკრატე სიცოცხლეშივე იყო დიდად პატივცემული. ის მედიცინის მამად არის აღიარებული. ჰიპოკრატე ესკულაპეს მიმდევარი, მოხეტიალე ექიმი იყო. კუნძულ კოსზე დააარსა თავისი სამედიცინო სკოლა. მისი უამრავი ნაშრომი, მისი სიკვდილიდან 100 წლის შემდეგ შეაგროვეს, შეაჯამეს ალექსანდრიის სკოლაში და „კორპუს ჰიპოკრატიკუმ” უწოდეს. ამ ნაშრომებში კარგად ჩანს, როგორ განსხვავდება მისი მედიცინა მაშინ ჯერ კიდევ არსებული რელიგიური ტრადიციების, მაგიისა და ემპირიისგან შებოჭილი მედიცინისგან და წარმოადგენს რაციონალურ, საბუნებისმეტყველო საფუძვლებზე აგებულ მედიცინას.
დღეს ამ ნაშრომებიდან მას მხოლოდ ხუთს მიაკუთვნებენ. ჰიპოკრატეს ფიციც კი, რომელიც დღესაც ექიმის პროფესიის ეთიკურ საფუძველს წარმოადგენს, უშუალოდ მისი დაწერილი არ უნდა იყოს. ჰიპოკრატეს მედიცინა, იგივე ჰუმორალპათოლოგია, შეიცავდა ავადმყოფობის უზუსტეს აღწერასა და დაკვირვებას, რომელიც არა მხოლოდ ავადმყოფობის ისტორიას, არამედ პაციენტის ცხოვრების პირობებსაც განიხილავდა. ასე ხდებოდა ავადმყოფობის გამომწვევი მიზეზების დადგენა – ცალკეული ორგანოს განხილვის ნაცვლად, ხდებოდა დაკვირვება ადამიანზე. მკურნალობის აუცილებელ ნაწილს დიეტეტიკა – ჯანსაღი ცხოვრების წესის სწავლება – წარმოადგენდა. ჰიპოკრატეს კარგად ესმოდა დიეტის მნიშვნელობა. იცოდა, რომ ასეთი მკურნალობით ცხოვრების პირობებზე და წესებზე სასარგებლო გავლენის მოხდენა შეიძლებოდა. მისი თერაპიის აუცილებელ პირობებს წარმოადგენდა:
• სინათლე და ჰაერი,
• საჭმელი და სასმელი,
• მუშაობა და დასვენება,
• ძილი და სიფხიზლე,
• გამოყოფა და გამოძევება,
• ზნეზე, ხასიათზე დაფიქრება.
ამ პირობების დაცვით, პირველ რიგში, ავადმყოფის სასიცოცხლო ძალების მობილიზება ხდებოდა, რათა წონასწორობის აღდგენა და განკურნება მომხდარიყო. დიეტეტიკა თუ არ შველოდა, მკურნალობაში იმ დროს ცნობილი მედიკამენტების ჩართვა ან სულაც ქირურგიული ჩარევა ხდებოდა საჭირო. მითითებებს ექიმი ან მისი მოსწავლე იძლეოდა, მოვლითი ღონისძიებებიც მათ მიერვე ხორციელდებოდა. ავადმყოფს მისივე ან ექიმის სახლში უვლიდნენ და მკურნალობდნენ. ანტიკურ საბერძნეთში ჯანმრთელობა მაღალ იდეალად მოიაზრებოდა, ფიზიკურ ჰარმონიად და სოციალური მდგომარეობის შემცვლელად ითვლებოდა. ავადმყოფობა დისჰარმონიას ნიშნავდა. ავადმყოფებსა და ინვალიდებს მაშინვე სოციალურად დაბალ ფენაში „გადაისროდნენ” და საზოგადოება მხოლოდ იმ შემთხვევაში „იტანდა” მათ, როცა გამომჯობინების ნიშნები დაეტყობოდათ. ქრონიკული ავადმყოფებისა და ხანდაზმულების იზოლაცია და კლასის (რა ფენასაც მიეკუთვნებოდა) მიხედვით ჩამოქვეითება ხდებოდა.

რომის იმპერია
ჰიგიენას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭებოდა. არსებობდა წყალგაყვანილობა, კანალიზაციის სისტემები. შუა ქალაქში მიცვალებულთა სხეულის დაწვის აკრძალვა კანონით რეგულირდებოდა. საზოგადოებრივი აბანოების რიცხვი 800 აჭარბებდა. ძველ რომში ჯანმრთელობაზე განსაკუთრებულად ზრუნავდნენ.
თუმცა მედიცინა კვლავ მაგიას, რელიგიასა და ემპირიულ ცოდნას ემყარებოდა, რომაელებმა სწრაფად შეითვისეს საბერძნეთში განვითარებული მეცნიერებები. რომში ბერძენი ექიმები და სამედიცინო ცოდნის მქონე მონები მოღვაწეობდნენ.
პირველი სამედიცინო სკოლები – პირველი ბერძენი თავისუფალი ექიმი რომში, რომელმაც დიდი გავლენა მოახდინა რომაული მედიცინის განვითარებაზე, იყო ასკლეპიადესი. მისთვის მნიშვნელოვანი იყო სწრაფად, სასიამოვნოდ და გარანტირებულად მოერჩინა პაციენტი. ამაში მისი აზრით, დიეტა, ვარჯიშები, აბაზანები და ოფლის მოდენა უნდა დახმარებოდა. ასკლეპიადეს წარმოდგენების საფუძველზე სხვა სკოლებიც განვითარდა რომში. მათი შეხედულებით, დაავადება ვითარდებოდა ან ზოგადი დაძაბვის ან სხეულის მოდუნებისა და გადაღლისაგან. ამით ისინი ჰიპოკრატეს მედიცინას ეწინააღმდეგებოდნენ.
აულიუს კორნელიუს ცელსიუსმა 8 სამედიცინო წიგნი დატოვა. პირველ წიგნში ის დიეტეტიკას აღწერს, რომელიც ჰიპოკრატეს სწავლებას ეფუძნება და უამრავ ზოგად თუ სპეციალურ მოვლით ღონისძიებებს მოიცავს.
შემდეგი თვალსაჩინო წარმომადგენელი იყო გალენი, ბერძენი ექიმი, რომელმაც მედიცინაზე მე-17 საუკუნემდე იქონია გავლენა.
საავადმყოფოების წინამორბედები – ექიმი თუ თავის სახლში უვლიდა პაციენტებს, ეს ხდებოდა სამკურნალო ოთახში. ავადმყოფ მონებს სპეციალურ შენობებში უვლიდნენ. არსებობდა სამხედრო ლაზარეთებიც, რომლებიც რომის იმპერიის საზღვრებთან და ლეგიონების განლაგების ადგილებში იქმნებოდა. აქ სამხედრო ექიმები, განათლებული დამხმარეები და მომვლელები მუშაობდნენ. ყოველი რომაელი ჯარისკაცი პირველი დახმარების შესახებ გარკვეულ ცოდნას ფლობდა. ქრონიკული და მომაკვდავი ავადმყოფებისთვის ლაზარეთები არ არსებობდა.

ქრისტიანობა
დედამიწაზე იესოს მოვლინების შემდეგ ახალი ერა დაიწყო მედიცინის სფეროში, ავადმყოფებთან მიმართებაში, რაც მათ მოვლაში გამოიხატებოდა. პირველად კაცობრიობის ისტორიაში მოხდა მოურჩენელი ავადმყოფების, მოხუცების, ხეიბრების, ლოგინად ჩავარდნილების – მოკლედ, ყველასი, ვინც დახმარებას საჭიროებდა – მოვლა, ისე, რომ ყურადღება აღარ ექცეოდა იმას, გამოჯანმრთელდებოდნენ თუ არა ისინი, არ ხდებოდა მდიდრებისა და ღარიბების გარჩევა.
საჭირო გახდა ქალების, ე. წ. დიაკონისების დახმარება. ისინი ეხმარებოდნენ სასულიერო პირებს ქალების მონათვლაში და უვლიდნენ ქალ ავადმყოფებს. მოვლა ნელ-ნელა გახდა ქალების პროფესია. ამ საქმიანობაში გაუთხოვარი და ქვრივი ქალებიც მონაწილეობდნენ. ავადმყოფების მოვლის საქმის ორგანიზება მაღალ სასულიერო პირებს ევალებოდათ, მოვლა ხორციელდებოდა ან მათ, ან ავადმყოფთა სახლებში. კეისარ კონსტანტინეს პერიოდიდან, როცა ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად გამოცხადდა, გაჩნდა საზოგადოებრივი სახლები უმწეოთა და უძლურთა დასახმარებლად – ხანდაზმულთა სახლები, ჩვილთა სახლები, სოციალური დახმარებისა და ავადმყოფების სახლები. მსოფლიო კრებაზე ნიკეაში 325 წელს მიიღეს გადაწყვეტილება, რომ თითოეულ ეპარქიაში თითო სახლი მაინც აეშენებინათ ავადმყოფებისთვის. თუმცა, ისინი სოციალურ თავშესაფარს უფრო წააგავდნენ, ვიდრე საავადმყოფოს.

შუა საუკუნეები
პერიოდი ანტიკურ ხანასა და რენესანსს შორის შუა საუკუნეებად ითვლება. განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა ქრისტიანობის გავრცელებასა და მოყვასის სიყვარულისა და დახმარების სურვილს. ამან კი ჰოსპიტლების შენება, უნივერსიტეტების გაჩენა და მედიცინის, როგორც მეცნიერების ჩამოყალიბება გამოიწვია.
მეხუთე საუკუნეში მონასტრები გაჩნდა, სადაც ბერები წინამძღვართან ერთად ცხოვრობდნენ და ჰოსპიტლებს აშენებდნენ. სამედიცინო ცოდნის გაღრმავება და გაფართოებაც აქ ხდებოდა. მონასტრებს ბაღები ჰქონდა, სადაც სამკურნალო მცენარეები მოჰყავდათ და ჰოსპიტლებში ავადმყოფ ბერებს, ღარიბებსა და პილიგრიმებს მკურნალობდნენ. ამიტომაც გამოიყენება გამოთქმა სამონასტრო ან ბერების მედიცინა.
ბენედიქტ ფონ ნარსიამ მიზნად დაისახა მედიცინისა და მოვლის განვითარება. მან ჩამოაყალიბა ბენედიქტინერების ორდენი, რომლის მისია მოყვასზე ზრუნვა გახლდათ. მათი სწავლება ჰიპოკრატე-გალენის მედიცინას ემყარებოდა. ორდენის შინაგანაწესის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პუნქტი ავადმყოფებზე ზრუნვა იყო. მონასტრის წინამძღვარს პირადად ჰქონდა დავალებული ავადმყოფების მოვლის ორგანიზება. მისი ორდენის წესები მე-12 საუკუნემდე აქტუალური იყო ძველი თუ ახლად დაარსებული სხვა ორდენებისთვისაც. მათი მოწოდება „ილოცე და იმუშავე” პრაქტიკულ განხორციელებას ჰპოვებდა. სახელმწიფოს მხრიდანაც ჰქონდათ დახმარება. ბენედიქტ ფონ ნარსიამ ხელნაწერები დატოვა, სადაც ავადმყოფობებს აღწერდა. სამონასტრო მედიცინაზე ბენედიქტ ფონ ნარსიამ მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა. მან შეიმუშავა სამონასტრო წესების კრებული, რომლის ძირითადი პუნქტი ავადმყოფების მოვლა იყო.
მკურნალობა და მოვლა მონასტერში – პირველი ბერი პაპი გრეგორ დიდი ითხოვდა, რომ ქსენოდოხიების ხელმძღვანელობა მთლიანად ორდენის წევრების ხელში გადასულიყო. ავადმყოფთა მოვლა ბერებისა და მონაზვნების საქმედ დაწესდა. ბერები მედიცინას, მონაზვნები კი მოვლას სწავლობდნენ. გაჩნდა მეცნიერების კერები, სადაც მედიცინას თეორიულად და პრაქტიკულად სწავლობდნენ.
ამ პერიოდის მონასტრის შენობების გეგმას თუ დავათვალიერებთ, ვნახავთ, რა მაღალ დონეზე იყო ყველაფერი გათვალისწინებული და ორგანიზებული. რამდენიმე სხვადასხვა დანიშნულების შენობა უზრუნველყოფდა ავადმყოფების კარგ მოვლას. მათ ჰქონდათ 80-100 საწოლიანი ჰოსპიტალი, სამკურნალო მცენარეების ბაღი, შიდა ეზო, ექიმებისა და პერსონალის საცხოვრებელი ოთახები, სამზარეულო, სამრეცხაო და ა. შ.
შუა საუკუნეების ბოლოს დაიბადა ფილიპუს ავრეოლუს თეოფრასტუს ბომბასტუს ფონ ჰოენჰაიმი, პარაცელსად წოდებული, ექიმი და მწერალი. ის მოგზაურობდა ევროპაში, რეფორმები შეჰქონდა მედიცინაში. მისი აზრით, კარგი ექიმი შეიძლებოდა ის ყოფილიყო, ვინც ბუნებას შეისწავლიდა. ის იყენებდა უბრალო ხალხის, გლეხებისა და ხელოსნების ცოდნას. ის ცდილობდა, დაავადებები მათი გამომწვევი მიზეზების მიხედვით დაეჯგუფებინა. მისი მკურნალობა და ცოდნა ემყარებოდა ფილოსოფიას, ასტრონომიას და ქიმიას, ასევე, გამჭრიახობასა და სიკეთის კეთებას.
ქიმიის გამოყენებით მან უდიდესი გავლენა მოახდინა იმ დროის მედიცინაზე. ახალი წამლების ძებნაში მრავალ ექსპერიმენტს ატარებდა. მას ეკუთვნის ცნობილი გამოთქმა: „წამალსა და საწამლავს შორის განსხვავება დოზაშია“. პარაცელსი დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა მოვლას. მან ახალ ეპოქას დაუდო სათავე.

ეპიდემიები, გადამდები დაავადებები
კეთრი, ტიფი, სიფილისი, ქოლერა, შავი ჭირი, ყვავილი, ე. წ. „ბატონები“, ტუბერკულოზი და სხვა საშიში, გადამდები დაავადებები ეპიდემიებად აფეთქდებოდა ხოლმე. მხოლოდ ჟამმა (შავი ჭირი), შავ სიკვდილად წოდებულმა, მძიმე კვალი დააჩნია ევროპას – ორჯერ გავრცელდა მთელი ევროპის ტერიტორიაზე და მოსახლეობის მესამედი შეიწირა. ეს დაახლოებით 25 მილიონს უდრის. მედიცინა სრულიად უძლური აღმოჩნდა. პირველ რიგში, ჰიგიენური ღონისძიებების გატარება დაიწყეს. შექმნეს „შავი ჭირის ჰოსპიტლები“, იკეტებოდა საზღვრები, ცხადდებოდა იზოლაცია, დღევანდელი გაგებით, კარანტინი, ექიმებს ეცვათ სპეციალური ტანსაცმელი და ეკეთათ ნისკარტის მსგავსი ნიღაბი. იწვებოდა ტანსაცმელი, გვამები, შენობები… შავი ჭირის გამომწვევი ვერ აღმოაჩინეს, მაგრამ იმას კი დააკვირდნენ, რომ დაავადება ვირთხებს გადაჰქონდათ. გამოცხადდა „ომი“ მათ წინააღმდეგ, მაგრამ დიდი შედეგი არცერთ ჰიგიენურ ღონისძიებასა და პროცედურას არ მოჰყოლია.
კეთრიც ერთ-ერთი საშიში დაავადება იყო. კეთროვნებს ლეპროზორიუმებში ათავსებდნენ, ქალაქგარეთ. მათ კაპიუშონები ეფარათ თავზე, ან განსხვავებული ტანსაცმელი ემოსათ, რაც მთელ სხეულს უფარავდათ, გადაადგილებისას ზანზალაკებს იყენებდნენ. ეს მიანიშნებდა მათ დაავადებაზე, რათა ხალხი ახლოს არ გაჰკარებოდა.
კუდიანების დევნა – გვიანდელი შუა საუკუნეებიის ქრისტიანული ევროპის სამარცხვინო ლაქაა ე. წ. კუდიანების დევნა და მათი ცეცხლზე დაწვა. კუდიანებად უმთავრესად ქალებს თვლიდნენ, მათ, ვინც რაიმე ცოდნას ფლობდა მედიცინის, ბალახების, ბუნების შესახებ, ეხმარებოდა და კურნავდა ხალხს. მათ დემონებთან, ეშმაკთან და ავ სულებთან კავშირს აბრალებდნენ. 400 წელზე მეტი გაგრძელდა ეს სამარცხვინო დევნა. კუდიანებად შერაცხულების რიცხვი რამდენიმე მილიონია, მათგან 85% კი ქალი იყო. დაიკარგა საუკუნეების მანძილზე დაგროვილი უნიკალური ცოდნა. მედიცინამ დიდი ნაბიჯით დაიხია უკან.
ბავშვთა მედიცინა – შუა საუკუნეები ბავშვთა მაღალი სიკვდილიანობითაც გამოირჩევა. ცოცხლად, ჯანმრთელად დაბადებული ბავშვების ნახევარი პატარა ასაკში კვდებოდა. ქორწინების გარეშე დაბადებულ ბავშვებს თავშესაფარში ათავსებდნენ, მაგრამ კატასტროფული ჰიგიენური მდგომარეობის, ცუდი კვების და მოვლის გამო ბავშვების თითქმის 90% იღუპებოდა. ამან სამეანო პროფესიის გაჩენა განაპირობა – რამდენიმეწლიანი სწავლების კურსი, დამთავრების შემდეგ სავალდებულო გამოცდის ჩაბარებით. ბავშვთა დაავადებების აღწერა და წიგნად გამოცემა, სამეანო წიგნის დაბეჭდვა, საკითხების დამუშავება მოვლის, კვების, ახალდაბადებულების დაავადებების შესახებ მოხდა მე-16 საუკუნეში.
ხანდაზმულებზე ზრუნვა – ხანდაზმულების ორგანიზებული მოვლა არ არსებობდა. ხანდაზმულობა ავადმყოფობასთან იყო გაიგივებული. სიბერე დიდ ტვირთად აღიქმებოდა. შუა საუკუნეებში დაიწყეს მათზე ზრუნვა, სიბერე და მოხუცები დააფასეს და მათთვის ადგილიც გამონახეს, სადაც სიცოცხლის ბოლო პერიოდს ატარებდნენ. მამაკაცებს ბერები უვლიდნენ მონასტრებში, ქალებისთვის არსებობდა საერთო საცხოვრებლის ტიპის სახლები. ამ პერიოდში სხვანაირად მოხდა დაბერების ფორმულირება. ასაკი სამ ნაწილად დაიყო, შემუშავდა ჯანმრთელობის შენარჩუნების წესები, პროფილაქტიკური და თერაპიული ღონისძიებები, დიეტეტიკა და ჰიგიენის საკითხები.

არაბული ქვეყნების მედიცინა
არაბულმა მედიცინამ ბერძნული მედიცინის შრომები თარგმნა, გამოიყენა და განავითარა. ჰიპოკრატესა და გალენის თეორიები, არისტოტელესა და პლატონის ფილოსოფია არაბულად ითარგმნა. არაბული მედიცინის უმნიშვნელოვანესი წარმომადგენლები არიან რაზესი და ავიცენა, იგივე იბნ სინა. რამდენადაც რაზესი პრაქტიკოსი და კლინიცისტი იყო, იმდენად ავიცენა ლოგიკოსი და სისტემატიკოსი გახლდათ. რაზესი სამედიცინო სამეცნიერო ნაშრომების გარდა, ფილოსოფიასა და მათემატიკაშიც მოღვაწეობდა. თერაპიული პრაქტიკა მისთვის ცენტრალური საკითხი იყო. მის ნაწერებში არსებობს აგრეთვე ბავშვთა დაავადებების აღწერილობა და მათი მოვლის სპეციალური ღონისძიებები. ის იყო პირველი ექიმი, რომელმაც მთელი წიგნი მიუძღვნა ბავშვთა დაავადებების აღწერას. ავიცენა იყო ექიმი, საზოგადო და სახელმწიფო მოღვაწე, მწერალი, პოეტი… მისი ცნობილი ნაშრომია „მედიცინის კანონი“, რომელიც 5 წიგნისაგან შედგება და კომპლექსური, თეორიული და პრაქტიკული მედიცინის, ქირურგიის, წამალთმცოდნეობისა და ტოქსიკოლოგიის საკითხებს შეიცავს. ავიცენამ კრებულში სხვა მეცნიერების გამოკვლევებიც შეიტანა და საკუთარი გამოცდილებით მიღებული ცოდნა და თეორიებიც. ეს კანონი გახდა იმ პერიოდის უმაღლესი სკოლების სახელმძღვანელო და დღესაც გამოიყენება აღმოსავლეთის ქვეყნებში.
ქსენოდოხიების მსგავსად, მეჩეთები იყო პილიგრიმების, ავადმყოფებისა და ღარიბების სამკურნალო და მოსავლელი ადგილი. განვითარდა ჰოსპიტლისა და ავადმყოფის მოვლის იდეები. ჰოსპიტლებთან ასევე არსებობდა აფთიაქები, აბანოები და ამბულატორიები. მე-13 საუკუნის არაბეთში არსებობდა 34 ასეთი ჰოსპიტალი. ისინი მოვლის საკითხებზე სპეციალური ლიტერატურით ხელმძღვანელობდნენ.

ახალი პერიოდი
ამ პერიოდის ღირსშესანიშნავ მოვლენებს მიეკუთვნება ამერიკის აღმოჩენა, რენესანსი, ჰუმანიზმისა და რეფორმების იდეების განვითარება, ადრეული კაპიტალიზმის პერიოდი. მარტინ ლუთერის პროტესტანტულმა იდეებმა ახალი მიმართულება წარმოშვა, რაც მოვლის სფეროზეც აისახა. გაჩნდა ახალი ორდენები, სათემო გაერთიანებები, რომლებიც მხოლოდ ავადმყოფების მოვლით იყვნენ დაკავებული.
მნიშვნელოვანი მოვლენა იყო კათოლიკური ეკლესიის წიაღში მოწყალების ძმების ორდენის ჩამოყალიბება, პორტუგალიელი ხუან დე დიოს მიერ. მან ესპანეთში, გრანადაში ჰოსპიტალი დააფუძნა, სადაც ყველა შესაძლო პაციენტს უვლიდნენ. მოგვიანებით ხუან დე დიოსმა ორდენის წესდება შეიმუშავა. ეს ორდენი გახდა ქრისტიანული მოვლის საქმის სიმბოლო. ბერები ფრიად განსწავლულები იყვნენ ავადმყოფის მოვლის საქმეში, აწარმოებდნენ ავადმყოფობის ისტორიას და ჰქონდათ მოვლის დოკუმენტაცია. თუმცა, ისინი მხოლოდ კაცებს უვლიდნენ.
იმავე მისიის ქალების ორდენის – მოწყალების დების ორდენის ჩამოყალიბება უკავშირდება ფრანგი ვინსენ ფონ პაულის სახელს. ის ტულუზაში თეოლოგიას სწავლობდა. დაინტერესდა ღარიბებისა და ავადმყოფების პრობლემებით და მათზე ზრუნვა თავის მიზნად დაისახა. ჩამოაყალიბა ეს ორდენი, შეადგინა მკაცრი განაწესი. ორდენის წევრად გახდომა შეეძლოთ მხოლოდ ქალებს – ქვრივებს, გათხოვილებსა თუ გაუთხოვრებს. მათ ფუნქციებში შედიოდა ავადმყოფებისთვის საკვების მიწოდება, სახლის საქმიანობებში დახმარების აღმოჩენა, სულიერი თანადგომა. მათი რიცხვი გაიზარდა და საჭირო გახდა ორგანიზებული განათლების სისტემის შემუშავება. ამ გოგონებსა და ქალებს ყველაფერი უნდა სცოდნოდათ პაციენტის მოვლასთან დაკავშირებით.
ისინი კარგი სახელით სარგებლობდნენ, მათზე დიდი მოთხოვნილება იყო მთელ ევროპაში. მოგვიანებით, მათმა საქმიანობამ კანადამდე მიაღწია. მოწყალების დების საქმიანობა დაცული იყო ხელშეკრულებით. მათ მიმდევრები გამოუჩნდნენ, გაჩნდა მოწყალების დების სხვადასხვა სათემო გაერთიანებები.
მე-18 საუკუნეში სურათი მკვეთრად უარყოფითად შეიცვალა. არ იყო საკმარისი პერსონალი, ჰოსპიტლებში კატასტროფული მდგომარეობა და ანტისანიტარია სუფევდა. იმ დროის პოლიტიკური და სოციალური გარემო დიდ გავლენას ახდენდა საერთო მდგომარეობაზე და აისახებოდა ყველა სფეროზე. მკურნალობა და მოვლა მხოლოდ მდიდრების პრეროგატივა გახდა. ექიმები არჩევდნენ კერძო პრაქტიკას სამეფო კარზე, ფეოდალებისა და „ცისფერი” სისხლის მქონე ოჯახებში; აღარ ემსახურებოდნენ ღარიბებს და უარს ამბობდნენ თავშესაფრებში მუშაობაზე; აღარ იყვანდნენ მათ პაციენტებად, რადგან მომვლელი პერსონალი საკმარისი აღარ იყო.
ექიმები, ვინც ექთნების განათლების მნიშვნელობას მიხვდნენ, აგრძელებდნენ ექთნების სწავლებას, გამოსცემდნენ სახელმძღვანელო წიგნებს. ეს საქმეს მაინც არ შველოდა. საავადმყოფოები გადატვირთული იყო, პალატები ჭუჭყიანი, ავადმყოფთა სიკვდილიანობამ იმატა და საჭირო გახდა გადამჭრელი ზომების მიღება. მაშინ დაიწყეს ავადმყოფების პალატებში განსაზღვრული რაოდენობით დაწვენა ოთახის სიდიდის მიხედვით.

ფლორენს ნაითინგეილი
ადამიანი, ვინც გადატრიალება მოახდინა საექთნო საქმეში და ექთნის პროფესიის საბოლოოდ ჩამოყალიბებასა და აღიარებაში, წარმოშობითი ყო შეძლებული ინგლისური ოჯახიდან. ის იტალიის ქალაქ ფლორენციაში დაიბადა და ამის საპატივცემულოდ ფლორენსი დაერქვა. ფლორენს ნაითინგეილი ძალიან განათლებული და უამრავი უცხო ენის მცოდნე გახლდათ. მისი სურვილი, გამხდარიყო ექთანი და თავი მოყვასის მოვლისთვის მიეძღვნა, მისი წრისთვის მიუღებელი იყო და მშობლებმა აუკრძალეს ამ პროფესიის მიღება. თუმცა, მან ეს მოგვიანებით მაინც მოახერხა. მისი უდიდესი დამსახურება ისაა, რომ მან ყირიმის ომში (1853-1856წ.წ.) დაჭრილი ჯარისკაცების უდიდესი ნაწილი გადაარჩინა სიკვდილს ლაზარეთებში ჰიგიენური წესების შემოღებით. მას „ყირიმის ომის ანგელოზი“ და „ქალბატონი ფარნით“ შეარქვეს. ფლორენსმა ჩაუყარა საფუძველი საექთნო სკოლას, სადაც სწავლება, დღევანდელი პროგრამის მსგავსად, 2 წელი მიმდინარეობდა და თეორიულ და პრაქტიკულ სწავლებას პარალელურად მოიცავდა. ფლორენსმა პირველი მოვლის თეორია და სასწავლო სისტემა შეიმუშავა და საექთნო საქმე დამოუკიდებელ, საზოგადოებისგან აღიარებულ პროფესიად აქცია.

მსგავსი ამბები

შინმოვლის სტანდარტები

შინმოვლის სტანდარტები >> იხილეთ ბმული

შინმოვლის კონცეფცია

შინმოვლის კონცეფცია

შინმოვლის ტექნიკური რეგლამენტი

აღნიშნული დოკუმენტის მიზანია შინმოვლის მინიმალური სტანდარტების განსაზღვრა და შედეგად, შინმოვლის მომსახურების ხარისხის უზრუნველყოფის ხელშეწყობა. წინამდებარე...

საყოფაცხოვრებო-ტექნიკური ჩარევის კითხვარი

საყოფაცხოვრებო-ტექნიკური ჩარევის კითხვარი

ბართელის ინდექსი

ბართელის ინდექსი

შარდის შეკავება და შეუკავებლობა

საშარდე სისტემის სიმპტომები საშარდე სისტემის დარღვევებიდან ყველაზე ხშირია შარდის შეუკავებლობა და დიზურია. შეუკავებლობა მიზეზი: გარეთა საშარდე...