ყოველდღიური ცხოვრებისეული საქმიანობები

ყოველდღიური ცხოვრებისეული საქმიანობები

• გულისხმობს აქტივობებს შემდეგ სფეროებში:
ურთიერთობა; მოძრაობა; სხეულის მოვლა; სასიცოცხლო ფუნქციების ხელშეწყობა; ჭამა-სმა; გამოყოფა; ჩაცმა-გახდა; სიმშვიდე და ძილი; ცხოვრების სტილი, საქმიანობა; თავის შეგრძნება კაცად/ქალად; გარანტირებული, დაცული გარემოცვისთვის ზრუნვა; სოციალური სფერო; გარდაცვალება (სიცოცხლე და გარდაცვალება).

ურთიერთობა
მომვლელი უნდა დააკვირდეს და დაადგინოს: პაციენტს უნდა და შეუძლია თუ არა ურთიერთობა? აქვს თუ არა ურთიერთობის საშუალება? რა სახით, რა მეთოდით, რა ფორმით ურჩევნია ურთიერთობა? მომვლელმა უნდა გაითვალისწინოს პაციენტის სოციალური გარემო. როცა მის საჭიროებებს დაადგენს, ისე უნდა დაეხმაროს, რომ პაციენტმა მონაწილეობა მიიღოს ყოველდღიურ ცხოვრებასა და საქმიანობაში თავისი საჭიროებების შესაბამისად. ამასთანავე, მომვლელმა უნდა გამოავლინოს, ურთიერთობის უნარების რა შეზღუდვები და დარღვევები აქვს პაციენტს, გაითვალისწინოს ეს პრობლემები და დაეხმაროს მათ გადაჭრაში (მაგ., იზრუნოს სათვალეზე, თუ მხედველობა წესრიგში არ არის და ა. შ.).

მოძრაობა
უპირველეს ყოვლისა, მომვლელს გაცნობიერებული უნდა ჰქონდეს, რამდენად მნიშვნელოვანია პაციენტისთვის მოძრაობა, რადგანაც ეს პირდაპირ კავშირშია ცხოვრების ხარისხთან. შემდეგ, უნდა გამოარკვიოს ის პრობლემა და შეზღუდვა, რომელიც პაციენტის მოძრაობას უშლის ხელს და დაეხმაროს ამ პრობლემასთან გამკლავებაში. აგრეთვე, უნდა შეეცადოს, მობილური გახადოს პაციენტი მოძრაობით, ვარჯიშებითა და სხვადასხვა საშუალებებით. დაეხმაროს მას, რათა პაციენტმა შეძლოს დამოუკიდებლად მოძრაობა თავის გარემოში (ოთახში), მაგ., ხელი მოჰკიდოს მყარ ნივთს სამოძრაოდ. აღმოაჩინოს ის საშუალებები, რომლებიც პაციენტს მობილიზებაში დაეხმარებოდა, სახლიდან გარეთ გასვლას დამოუკიდებლად შეძლებდა. აგრეთვე, რჩევა მისცეს ოჯახის წევრებს, რომლებიც თვითონ უვლიან პაციენტს, როგორ შეიძლება ესა თუ ის საქმიანობა უკეთესად გაკეთდეს (პაციენტებთან, რომლებიც წლობით წვანან და ლოგინში სჭირდებათ დაბანა, მოძრაობა, გადაადგილება). მომვლელმა ისე უნდა შეადგინოს მოვლის გეგმა, რომ პაციენტმა შეძლოს სიარული მასთან ერთად, ოღონდ დამოუკიდებლადაც იმოძრაოს (მომვლელმა პაციენტი თავისი ძალით არ უნდა ასწიოს და ატაროს).

სხეულის მოვლა
მომვლელმა უნდა გაითვალისწინოს პაციენტის შესაძლებლობები, მისცეს სწორი მიმართულება, რათა მან თავის მოვლა დამოუკიდებლად შეძლოს. მომვლელს უნდა შეეძლოს პაციენტის ჩვეულ გარემოში პაციენტის სურვილით, წინააღმდეგობის, დისკომფორტის გარეშე შესვლა (დაბანის დროს პირდაპირ არ იწყებს გახდას, არამედ ჯერ ინვენტარს ამზადებს, შემდეგ პაციენტს). განსაკუთრებით ინტიმური სფეროს მოვლის დროს, რათა პაციენტს არ შერცხვეს. ყოველთვის უნდა მიექცეს ყურადღება პაციენტის გუნება-განწყობილებას და მოვლის პროცედურების ჩატარების სურვილს. მომვლელმა ყოველთვის უნდა იცოდეს და გაითვალისწინოს, რომ მოვლა მარტო სისუფთავე არ არის, ეს თერაპიული საქმიანობაცაა (მაგ., ლავანდის ზეთით გაწმენდა ამშვიდებს პაციენტს). მომვლელმა უნდა გაითვალისწინოს მოვლის დროს პაციენტის ცხოვრებისეული ჩვევები და სისუფთავის მოთხოვნები (გაპარსვა, სიკოხტავე, ვარცხნილობა, ფრჩხილების მოვლა). ყურადღება უნდა მიექცეს იმას, რომ პაციენტს დავეხმაროთ იმ საქმიანობებში, რაც დამოუკიდებლად შეუძლია, მაგრამ ძალიან უჭირს (დაბანისას სკამი მივაწოდოთ, რადგან დიდხანს დგომა უჭირს ან ნელა ირჯება და იღლება).

სასიცოცხლო ფუნქციების ხელშეწყობა
მომვლელმა ხელი უნდა შეუწყოს პაციენტის სასიცოცხლო ფუნქციებს, აკონტროლოს სასიცოცხლო მაჩვენებლები; გაითვალისწინოს ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტების საჭიროებები, მაგ., წამლის მიღება რეგულარულად, კვება მცირე ულუფებით და საათობრივი რეჟიმით; საჭირო შემთხვევებში მიიღოს გარკვეული ზომები, მაგ., წნევის დროს დროულად მიაწოდოს დანიშნული მედიკამენტი. მომვლელმა უნდა დაგეგმოს ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშემწყობი ღონისძიებები.

ჭამა-სმა
მივაქციოთ ყურადღება ჭამა-სმის ჩვევებს, რიტუალებს, მაგიდის გაწყობას; რას ჭამს სიამოვნებით, რას არა. მივეხმაროთ სადილების მომზადებაში. დავეხმაროთ პაციენტს, დამოუკიდებლად შეძლოს ჭამა. მაგ., ჰემიპლეგიის დროს არ შეუძლია დამოუკიდებლად ჭამა (დავეხმაროთ მას, შევუქმნათ საჭირო დამხმარე საშუალებები, მაგ., თუ ჩანგალი, კოვზი წვრილია, დავახვიოთ ტილო ტარზე და ისე დავაჭერინოთ ხელში). კვების დროს მწოლიარე პაციენტი მოვათავსოთ შესაბამის პოზიციაში. იმათთვის, ვისაც რაიმეს ჭამა აკრძალული აქვს დაავადების გამო, გავითვალისწინოთ ეს გარემოება – დავაცვევინოთ დიეტა. პაციენტთან ვიყოთ ჭამის დროს და დავეხმაროთ. ყურადღება მივაქციოთ სითხის მიღებას. იმ შემთხვევაში, თუ პაციენტი უარს აცხადებს ჭამაზე, ვიპოვოთ გამოსავალი ლაპარაკით, შეყოლიებით, შეგონებით, ნელ-ნელა შევძლოთ, რომ ჭამოს.

გამოყოფა
ვისაც არ შეუძლია დამოუკიდებლად გავიდეს ტუალეტში, მომვლელი უნდა მიეხმაროს მას. მოხუცებში, როგორც წესი, ხშირად არსებობს შარდის შეუკავებლობა. მომვლელი უნდა ჩაერიოს ამ პრობლემის მოგვარებაში იმ შემთხვევაშიც, როცა ამ პრობლემის მედიკამენტოზური გადაჭრაა საჭირო. მაგ., ფაღარათის დროს ან ხშირი შარდვის დროს გამოიყენოს ცნობილი საშუალებები (შარდის ბუშტის მასაჟი და ვარჯიშები, ასევე კუჭის შეკრულობის დროს ვარჯიშები და მასაჟი მუცელზე). სწორად შეურჩიოს დამხმარე საშუალება (სკამი-ტუალეტი, პამპერსი, ღამის ქოთანი, „იხვი“.).

ჩაცმა-გახდა
ტანსაცმელი პიროვნების გამოხატულებაა. მომვლელი უნდა დაეხმაროს პაციენტს ჩაცმაში, მასთან ერთად გადაწყვიტოს, რა უფრო კარგია, რომ ჩაიცვას, წელიწადის დროებისა და აგრეთვე პაციენტის უწინდელი, ჩვეული ჩაცმულობის შესაბამისად (თუ მიჩვეული იყო კარგად, ლამაზად ჩაცმას). მომვლელმა უნდა ჩააცვას და გახადოს პაციენტს; საჭიროების დროს მიეხმაროს, რომ მან დამოუკიდებლად შეძლოს ჩაცმა-გახდა. შესაძლებლობა შეუქმნას, ჩაიხედოს სარკეში და დაინახოს თავისი თავი.

სიმშვიდე და ძილი
მომვლელმა უნდა იცოდეს, როგორ სძინავს პაციენტს, როგორ ისვენებს, ყურადღება უნდა მიაქციოს ძილის დროს სიმშვიდეს. დააკვირდეს და დაადგინოს, სად არის მთავარი პრობლემა ცუდი ძილის შემთხვევაში და გამოიყენოს ის საშუალებები (მაგ., ფეხის თბილი აბაზანები), რომელიც ხელს შეუწყობს პაციენტის მშვიდ ძილს და მოსვენებას. ყველაფერი იღონოს, რომ პაციენტი თავის, მიჩვეულ საწოლში დატოვოს და მაშინვე არ გადააწვინოს სხვა, მომვლელისთვის უფრო ხელსაყრელ საწოლში. მომვლელმა ყურადღება უნდა მიაქციოს, როგორ გამოიყურება პაციენტის საწოლი, ლეიბი, საბანი. შეიძლება ის არეული იყოს და პაციენტმა ამის გამო ვერ შეძლოს დაძინება, მოუსვენრად იყოს.

ცხოვრების სტილი, საქმიანობა
მომვლელმა უნდა იცოდეს (მოკლედ მაინც) პაციენტის ბიოგრაფია, სად მუშაობდა, ვინ იყო, ყურადღება მიაქციოს მისი ბიოგრაფიიდან პაციენტისთვის მნიშვნელოვან მონაკვეთს და მასზე ესაუბროს (თუ პაციენტს ეს სიამოვნებს). მომვლელი უნდა ფიქრობდეს იმაზე, რომ იგი პაციენტის თანამოსაუბრე იყოს. დაეხმაროს პაციენტს, როცა ის ცუდ ხასიათზეა, გაზეთები წაუკითხოს, რადიო მოასმენინოს, კარგ თემებზე ესაუბროს. მომვლელი პაციენტს უნდა დაეხმაროს იმის შეგნებაშიც, რომ მისთვის, მიუხედავად იმისა, რომ ის მარტო ცხოვრობს, აუცილებელია დილით ადგეს, ცოტა წაივარჯიშოს და დაგეგმოს დღე და მთელი დღე ლოგინში არ გაატაროს.

თავის შეგრძნება კაცად/ქალად
მომვლელმა ყოველთვის უნდა მიაქციოს ყურადღება პაციენტი ქალის ადრინდელ ჩვეულებებს, მაგ., თუ ის ხმარობდა კოსმეტიკას, სამკაულს და ახლაც სურს, მივცეთ მას და დავეხმაროთ გაკეთებაში. აგრეთვე, პაციენტი კაცის სურვილებსაც შევუწყოთ ხელი. მათ თავი ისევ უნდა იგრძნონ ქალად ან კაცად, ასაკის მიუხედავად. ზოგიერთ პაციენტს (კაცს) სურს თავი წარმოაჩინოს ისე, როგორც ადრე იყო (თავაზიანი) და პატივი სცეს ქალს. მომვლელმა უნდა გაითვალისწინოს ეს გარემოება და არ შეზღუდოს პაციენტი ამაში. ყურადღება უნდა მიექცეს აგრეთვე იმას, რომ მოხუცი კაცი არის კაცი და მასთან დისტანცია დაიცვას (მომვლელი გამომწვევად არ უნდა იცვამდეს, პაციენტთან სამუშაო ფორმაში უნდა მივიდეს).

გარანტირებული, დაცული გარემოცვისთვის ზრუნვა
მომვლელმა უნდა გაითვალისწინოს ოთახის პირობები. თავიდან აიცილოს გაუთვალისწინებელი შემთხვევები (იატაკზე ნოხი ნორმალურად უნდა ეგოს, რომ პაციენტმა ფეხი არ წამოკრას და არ დაეცეს). მომვლელმა პაციენტი არ უნდა დატოვოს ბინაში მარტო, თუ მას სიარული შეუძლია, მაგრამ დახმარება სჭირდება. ამის შესახებ ვინმემ უნდა იცოდეს (თუნდაც მეზობელმა). გაითვალისწინოს საშიში შემთხვევები, რაც შეიძლება გამოიწვიოს დენმა, გაზმა, წყალმა. მომვლელმა ზამთრის პერიოდში უნდა იზრუნოს იმაზე, რომ პაციენტი არ გაცივდეს.

სოციალური სფერო
მომვლელი სერიოზულად უნდა მიუდგეს ამ საკითხს, გამოარკვიოს, რა სოციალური ურთიერთობები, დამოკიდებულებები აქვს/ჰქონდა პაციენტს. თუ პაციენტი იზოლაციაშია ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, მომვლელი უნდა დაეხმაროს პაციენტს კონტაქტების აღდგენაში. როცა პაციენტს სახლში ჰყავს დამხმარე/ოჯახის წევრი, მაგრამ ის ვერ ახერხებს ამა თუ იმ საქმის გაკეთებას, მომვლელმა თვითონ უნდა მოაგვაროს ეს საკითხი. თუ პაციენტს წლების განმავლობაში ეხმარებოდა ვინმე (ქმარი, შვილი), იგი უკვე მიჩვეულია მის საქმიანობას. მომვლელმა უნდა გაითვალისწინოს ეს გარემოება და შეეცადოს იმავე ხერხით, იმავე მოქმედებით (როგორც ამას აკეთებდა ოჯახის წევრი) გააგრძელოს საქმიანობა. თუ დამხმარეს კიდევ შეუძლია პაციენტის მოვლა, მაგრამ ძალიან იღლება, იტვირთება, მაშინ მომვლელი უნდა ჩაენაცვლოს.

გარდაცვალება (სიცოცხლე და გარდაცვალება)
მომვლელმა ზედმიწევნით ზუსტად უნდა გაარკვიოს, ჯანმრთელობის რა პრობლემა ჰქონდა პაციენტს და მოვლაში გაითვალისწინოს. მართალია, მომვლელი ვერ განკურნავს პაციენტს, მაგრამ მოსმენით, ყურის დაგდებითა და თანაგრძნობით ბევრს გაუკეთებს. თუ პაციენტს უკურნებელი დაავადება აქვს, მაგ., კიბო, მომვლელი ვერ შეცვლის ამ მდგომარეობას, მაგრამ მან შეიძლება ექიმის დანიშნული წამლების საშუალებით გაუიოლოს, შეუმციროს ტკივილები. მომვლელი უნდა შეეცადოს მომაკვდავი პაციენტის დამშვიდებას, ესაუბროს მას ან უბრალოდ მის გვერდით იყოს. მხარდაჭერა, თანაგრძნობა და მწუხარების შემსუბუქება სჭირდებათ ოჯახის წევრებსაც.

მსგავსი ამბები

ხშირად დასმული კითხვები

https://www.youtube.com/watch?v=v7ZTrbtsrS0 ხშირად დასმული კითხვები მოვლასთან დაკავშირებით 1. როგორ უნდა მოვაწყოთ პაციენტის ოთახი სახლის პირობებში? საწოლი უნდა იდგეს ნათელ,...

ყოველდღიური ცხოვრებისეული საქმიანობები

ყოველდღიური ცხოვრებისეული საქმიანობები • გულისხმობს აქტივობებს შემდეგ სფეროებში: ურთიერთობა; მოძრაობა; სხეულის მოვლა; სასიცოცხლო ფუნქციების ხელშეწყობა; ჭამა-სმა; გამოყოფა;...

რა ნიშნავს მოვლა?

https://www.youtube.com/watch?v=GdoN_FbJyog მოექეცი სხვას ისე, როგორც შენ გინდა, რომ მოგექცნენ... მოვლა ნიშნავს დახმარებას, დაცვას, ზრუნვას, მოქმედებას, მოტივირებას,...

რას ვაკვირდებით მოსავლელ პაციენტთან

https://www.youtube.com/watch?v=Qy7dnJGpwhM საერთო დაკვირვება: • ცხოვრების პირობები • რეაქცია • ცნობიერება • გუნება-განწყობა • სულიერი მდგომარეობა • სიარული • სხეულის დაჭერა შემდეგ ვიკვლევთ: კანი • როგორია? – თბილი თუ ცივი, მშრალი თუ სველი,...

მოვლის მსოფლიო ისტორია

ზრუნვა სხვებზე და მზადყოფნა მათ დასახმარებლად ადამიანთა მოდგმის მნიშვნელოვანი თვისებაა. პირველყოფილი ადამიანები ერთმანეთს ყოველთვის...