ხშირად დასმული კითხვები

ხშირად დასმული კითხვები მოვლასთან დაკავშირებით

1. როგორ უნდა მოვაწყოთ პაციენტის ოთახი სახლის პირობებში?
საწოლი უნდა იდგეს ნათელ, მზიან ოთახში, მყუდრო ადგილას, მაგრამ ისე, რომ ადამიანი კარს უყურებდეს, ხედავდეს, ვინ შემოდის მასთან. სასურველია, ფანჯარა საწოლის საპირისპირო მხარეს იყოს, რომ გაღების შემთხვევაში პაციენტს პირდაპირ არ დაუბეროს. ავეჯი და სხვა ნივთები ოთახში მინიმალური ოდენობითაა დასაშვები, მხოლოდ ძალიან საჭირო და აუცილებელი. საწოლს ორივე მხრიდან უნდა ჰქონდეს მისასვლელი ან საჭიროების დროს მისი მდებარეობის შეცვლა იყოს შესაძლებელი. ფანჯარაზე ისეთი ფარდები უნდა ეკიდოს, რომლებიც დღის სინათლესაც შემოუშვებს და ძილისთვის სასურველ გარემოსაც შექმნის – არ შემოუშვებს მკვეთრ სინათლეს გარედან.

2. რამდენ ხანში ერთხელ უნდა შევუცვალოთ პოზიცია პაციენტს?
ყველა პაციენტს ინდივიდუალურად უნდა მივუდგეთ, მისი რესურსებიდან და საჭიროებიდან გამომდინარე. ოპტიმალურია, რომ მწოლიარე პაციენტს 2-3 საათში ერთხელ შევუცვალოთ პოზიცია. თუ გართულებების საფრთხეა, მაშინ 1-2 საათში ერთხელ ან სულაც ყოველ ნახევარ საათში. მთავარი ამ პროცესში ისაა, რომ პოზიციების ცვლილებაში მონაწილეობა პაციენტმა უნდა მიიღოს. პირველ რიგში, ინფორმაცია უნდა მივაწოდოთ მოსალოდნელი ცვლილების თაობაზე. ყველა რესურსის გამოყენება უნდა მოხდეს, რაც მას აქვს, იქნება ეს ვერბალური თუ არავერბალური, მოძრაობის მასშტაბი, სხეულის ცალკეული ნაწილების დამოუკიდებლად მოძრაობა და ა. შ.

3. რამდენჯერ უნდა გამოვუცვალოთ თეთრეული და ტანსაცმელი მწოლიარე პაციენტს?
იმდენჯერ, რამდენჯერაც ამის საჭიროება იქნება. ასევე, საჭიროების მიხედვით უნდა მოხდეს პამპერსისა და საფენის გამოცვლაც. მთავარია, ადამიანი სუფთად, მშრალად, ღირსების შესაბამისად და კომფორტულად გრძნობდეს თავს. მოვლაში ჩვეულებები აუცილებლად გასათვალისწინებელია, ასევე, ჯანმრთელობის მდგომარეობაც. რა თქმა უნდა, პაციენტის ფინანსური მდგომარეობაც არ უნდა დაგვავიწყდეს. გამოსავალი აუცილებლად უნდა მოიძებნოს ისეთ შემთხვევაშიც, როცა პაციენტს საფენებისა და პამპერსის სათანადო რაოდენობით ყიდვა არ შეუძლია, უნდა მოხდეს ჩანაცვლება სხვა მასალით/საშუალებით.

4. დაბანის რომელი ფორმა უნდა გამოვიყენოთ პაციენტთან?
შესაძლებელია, გამოვიყენოთ როგორც მთლიანი, ასევე ნაწილობრივი დაბანის ფორმაც. ისევ ჩვეულებები, სურვილები, რესურსები და საჭიროებები უნდა გავითვალისწინოთ. ყოველდღეც ვბანთ პაციენტს მთლინად, თუ ისვრება, სველდება, ოფლიანდება, ნაწოლის გაჩენის საშიშროებაა და ა. შ. ასევე, გასათვალისწინებელია მისი საცხოვრებელი პირობები და ჯანმრთელობის მდგომარეობა.

5. რა სახის მენიუ ესაჭიროება პაციენტს?
კვებას ძალიან დიდი ყურადღება ექცევა, განსაკუთრებით, მწოლიარე პაციენტთან. პაციენტის საჭმლის მომნელებელი სისტემისა და ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, უნდა შეირჩეს ისეთი საკვები და ისე უნდა შედგეს მენიუ, რომ კუჭის მოქმედება კარგი ჰქონდეს, კერძოდ, მიიღოს მეტი სითხე, ბალასტური ნივთიერებებით მდიდარი საკვები და ა. შ.; უმჯობესია, მცირე ულუფებით და ხშირ-ხშირად ჭამა, ერთსა და იმავე დროს. კვება სრულიად დაბალანსებული უნდა იყოს ცილების, ცხიმების, ნახშირწყლების, მიკროელემენტების შემადგენლობით. საჭიროების შემთხვევაში, საჭმლის კონსისტენცია ისეთი უნდა შეირჩეს, რაც ადვილად დასაღეჭი, გადასაყლაპი და მოსანელებელი იქნება. ასევე, გასათვალისწინებელია, მაქსიმალურად შევუნარჩუნოთ პაციენტს დამოუკიდებლობა, ამიტომ, ისეთი სახის საკვები მივაწოდოთ, რის მირთმევაც თავად შეეძლება. მადის გასაუმჯობესებლად, ყოველდღე, მისი საყვარელი საკვების ერთი სახეობა მაინც მოვუმზადოთ.

6. როგორ მოვუწესრიგოთ ძილი პაციენტს?
პაციენტის ძილისა და სიფხიზლის ფაზების მოწესრიგება ერთ-ერთი დიდი ამოცანაა, რაც მომვლელის წინაშე დგას. თუ ძილიანობა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობითაა გამოწვეული, მაგ., მძიმე დაავადება, ასეთ შემთხვევაში დღისით მისი გამოფხიზლების მცდელობა გამართლებული არაა. მომვლელმა ჯერ არეული ძილისა და სიფხიზლის ფაზების მიზეზი უნდა დაადგინოს და შემდეგ ეძებოს გადაჭრის გზები. ხშირად, უძილობა საკვების მიღების დროსთანაა კავშირში, ხან თავად მენიუსთან – გაძნელებული ჩაძინების პრობლემის მქონე პაციენტმა საღამოს ტკბილეული არ უნდა მიირთვას, ხანაც ტელევიზორით მიღებული ამაღელვებელი ინფორმაცია ხდება უძილობისა და შფოთვის მიზეზი; ხან კი ფეხების დათბილვაა საჭირო უშუალოდ ძილის წინ და მაშინვე იხსნება პრობლემა. თუ პაციენტს იმდენი რესურსი გააჩნია, რომ დღისით არ დაიძინოს (ან ნელ-ნელა გაზარდოს სიფხიზლის დრო), ეს რესურსი აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ.

7. რა სახის გართულებებია ყველაზე ხშირად მოსალოდნელი მწოლიარე პაციენტებთან?
ყველაზე მეტი ალბათობით შეიძლება განვითარდეს: ნაწოლი – წყლულოვანი ჭრილობა, თრომბოზი – სისხლძარღვებში სისხლის ნაკადის შენელება, თრომბების წარმოქმნა და სანათურის დაცობა, ფილტვების ანთება და კონტრაქტურა – სახსრების მოძრაობის შეზღუდვა ან ჩაკეტვა. ეს გართულებები უმოძრაობასთანაა კავშირში, ამიტომ, მწოლიარე პაციენტთან თავიდანვე უნდა დაიწყოს პროფილაქტიკური ღონისძიებების გატარება. ასევე ხშირად გვხვდება შეკრულობა და პირის ღრუს სოკოვანი ინფექციები.

მსგავსი ამბები

ხშირად დასმული კითხვები

https://www.youtube.com/watch?v=v7ZTrbtsrS0 ხშირად დასმული კითხვები მოვლასთან დაკავშირებით 1. როგორ უნდა მოვაწყოთ პაციენტის ოთახი სახლის პირობებში? საწოლი უნდა იდგეს ნათელ,...

ყოველდღიური ცხოვრებისეული საქმიანობები

ყოველდღიური ცხოვრებისეული საქმიანობები • გულისხმობს აქტივობებს შემდეგ სფეროებში: ურთიერთობა; მოძრაობა; სხეულის მოვლა; სასიცოცხლო ფუნქციების ხელშეწყობა; ჭამა-სმა; გამოყოფა;...

რა ნიშნავს მოვლა?

https://www.youtube.com/watch?v=GdoN_FbJyog მოექეცი სხვას ისე, როგორც შენ გინდა, რომ მოგექცნენ... მოვლა ნიშნავს დახმარებას, დაცვას, ზრუნვას, მოქმედებას, მოტივირებას,...

რას ვაკვირდებით მოსავლელ პაციენტთან

https://www.youtube.com/watch?v=Qy7dnJGpwhM საერთო დაკვირვება: • ცხოვრების პირობები • რეაქცია • ცნობიერება • გუნება-განწყობა • სულიერი მდგომარეობა • სიარული • სხეულის დაჭერა შემდეგ ვიკვლევთ: კანი • როგორია? – თბილი თუ ცივი, მშრალი თუ სველი,...

მოვლის მსოფლიო ისტორია

ზრუნვა სხვებზე და მზადყოფნა მათ დასახმარებლად ადამიანთა მოდგმის მნიშვნელოვანი თვისებაა. პირველყოფილი ადამიანები ერთმანეთს ყოველთვის...