ეთიკა და მოვლა

ყველგან, სადაც ადამიანები ერთმანეთთან კონტაქტში შედიან, განიხილება მათი კარგი და ცუდი საქციელი. ეს საკითხი მოვლის სფეროშიც აქტუალურია, რადგან პაციენტისა და მომვლელის ურთიერთობაში საქციელს მნიშვნელოვანი როლი ენიჭება. კარგი საქციელი წარმატებული მოვლის აუცილებელი პირობაა.
ეთიკა, როგორც მეცნიერება, სისტემატურად იკვლევს ადამიანის საქციელს, მის მორალურ ხარისხს. ეთიკის ცოდნას შეუძლია დიდი დახმარება გაგვიწიოს, როცა ლაპარაკია მოვლის სფეროს მორალურ ასპექტებზე, მოვლითი ქმედების უფრო დახვეწაზე, მოვლაში პასუხისმგებლობის აღებაზე. ეთიკის საფუძველზე ამა თუ იმ მოვლითი ღონისძიების დასაბუთებაა შესაძლებელი.
ცვლილებები პროფესიულ სფეროში მომვლელებისგან, მოვლის ცოდნასთან ერთად, ეთიკურ-მორალურ კომპეტენციას მოითხოვს. მუდმივად განხილვის საგანია ფასეულობები და ნორმები, რომლებსაც მოვლითი საქმიანობები ემყარება.
ეთიკა მუდმივადაა დაკავებული ფასეულობებსა და ნორმებზე დაკვირვებით:
1. ეთიკა იკვლევს ადამიანის ქმედებას მისი მორალის ხარისხის გათვალისწინებით;
2. ეთიკა აღწერს საზოგადოებაში მიღებულ ფასეულობებს, იკვლევს მათ მართებულობასა და სამართლიანობას;
3. ეთიკა ახდენს ზოგადი საფუძვლების ფორმულირებას და ამით ხსნის ცალკეული ადამიანის ქმედებას.

ეთიკა არის:
• რაღაც წესების დაცვა
• ადამიანთან ურთიერთობა
• ზნეობა
• მორალი
• ადამიანის ქცევა გარკვეულ საზოგადოებაში ან გარემოში
• პასუხისმგებლობა
• ზრდილობა
• კაცთმოყვარეობა
• პატივისცემა
• სხვისი ტკივილის/გასაჭირის ატანა, გაზიარება, გათავისება
• კეთილშობილება
• სხვისი აზრის პატივისცემა
• …
როგორც ყველა მეცნიერებას, ეთიკასაც საკუთარი, სპეციფიკური ტერმინები გააჩნია, რომლებიც სიტუაციის აღწერისა და ანალიზისთვის გამოიყენება. ამ ტერმინებს დიდი როლი აკისრია. ყველაზე მნიშვნელოვანი ფასეულობებია.

ფასეულობები
წარმოადგენს გაცნობიერებულ ან გაუცნობიერებელ საორიენტაციო სტანდარტებსა და წარმოდგენებს, რომლებიც ადამიანურ ქმედებას ან გადაწყვეტილებებს მართავენ.
ფასეულობა შეიძლება იყოს:
• პიროვნული
• კულტურული
• რელიგიური
ფასეულობები ადამიანის ქმედების ამოსავალი წერტილია. რაიმე ქმედების სასარგებლოდ ან საწინააღმდეგოდ მიღებული გადაწყვეტილება (გაცნობიერებული ან გაუცნობიერებელი) გავლენას ახდენს ადამიანისთვის ღირებულ საკითხებზე, იმაზე, რაც მისთვის ძვირფასია.
ეს გამონათქვამი ერგება ყველა ადამიანსა და სიტუაციას, დამოუკიდებლად იმისა, საუბარია ავტომობილის შეძენაზე, ტანსაცმლის შერჩევასა თუ სხვა გადაწყვეტილების მიღებაზე.
თითოეული ადამიანისთვის დამახასიათებელია მისი პირადი ფასეულობები – გამომდინარე მისი ავტობიოგრაფიიდან, აღზრდიდან, რელიგიიდან და კულტურიდან. ესაა ასპექტები, რომელიც მისთვის „კარგი და სწორი“ ცხოვრების განმსაზღვრელია. ადამიანის ცხოვრებაში ძალიან დიდ როლს თამაშობს ფასეულობები: თავისუფლება, მორჩილება, სოლიდარობა, თანასწორობა, გულწრფელობა, გულახდილობა, ღირსება, მშვიდობა, მეგობრობა, ერთიანობა, გონივრულობა, წინდახედულობა, გულმოწყალება, სიჭკვიანე, სიბეჯითე, წესრიგის სიყვარული, უმცირესობის დაცვა, სიცოცხლე, ცხოვრება, სამართლიანობა, ადამიანურობა, თავმდაბლობა, თავდაჭერილობა, ზომიერება, სანდოობა, საიმედოობა…

პიროვნული ფასეულობები
პიროვნული და კულტურული ფასეულობები დამოკიდებულია გარემოზე, აღზრდაზე, საცხოვრებელ პირობებზე, ცხოვრების წესზე.
პიროვნული ფასეულობების ჩამოყალიბებაში დიდი როლი აქვს სოციალურ-კულტურულ გარემოს, რომელშიც ადამიანი იზრდება. მშობლები, მეგობრები, ნათესავები და სხვა ახლობლები თამაშობენ დიდ როლს, რა ფასეულობებს აირჩევს ადამიანი და რა მნიშვნელობებს მიანიჭებს მათ.
კულტურული ფასეულობები გამომდინარეობს იქიდან, თუ რომელ კულტურულ ჯგუფს მიეკუთვნება ადამიანი. ამერიკელმა მეცნიერმა (მოვლის სფეროში) მადელინ ლაინინგერმა უამრავი გამოკვლევის საფუძველზე დაადგინა, რომ ერთმანეთზე ზრუნვის ფასეულობები სხვადასხვა კულტურულ ჯგუფებში მსგავსიცაა და განსხვავებულიც. ოჯახური კავშირების არსებობის მნიშვნელობაც განსხვავებულია, ზოგ კულტურაში ასეთი ფასეულობა თითქმის აღარ არსებობს, მაგალითად, ევროპის ქვეყნებში, ზოგიერთში კი კვლავაც ძლიერია, მაგალითად, საქართველოში.
რელიგიური ფასეულობები განისაზღვრება აღმსარებლობით. მაგალითად, როგორ და როდის დავიცვათ მარხვა, როგორი უნდა იყოს ცოლ-ქმარს შორის ურთიერთობა და სხვა.
ფასეულობები შეიძლება იყოს მორალური ან არამორალური. მაგალითად, ის ფასეულობები, რომლებიც მანქანის ან ტანსაცმლის ყიდვაში გამოიყენება, არამორალურ ფასეულობებად იწოდება, რადგან ისინი მთლიანად გემოვნებაზე დამოკიდებული და მატერიალურია.
მორალურია ფასეულობები, რომლებიც განსაზღვრავს ადამიანის ქმედებას, ქცევასა და ხასიათს. გადაწყვეტილების მიღებისას, დავეხმაროთ თუ არ დავეხმაროთ ადამიანს სიკვდილში, ვეხებით ძირითად მორალურ ფასეულობას – ადამიანის სიცოცხლეს! ეთიკაში მნიშვნელოვანი ნაწილი უკავია მორალურ ფასეულობებსა და ნორმებზე დისკუსიას.

პირად ფასეულობათა სისტემა
ყველა ფასეულობა, რომელთაც ადამიანი თავისთვის, თავისი საქციელისა და ქმედებისათვის მნიშვნელოვნად მიიჩნევს, ერთიანდება პირად ფასეულობათა სისტემაში. ის შედგება მორალური და არამორალური ფასეულობებისაგან, რომლებიც იერარქიულადაა დალაგებული, რაც ნიშნავს, რომ ისინი თითოეული ადამიანისთვის მათი მნიშვნელობისა და შინაარსის მიხედვით ლაგდება. მას სხვანაირად ფასეულობათა სკალაც ჰქვია.
ცალკეული ადამიანების ფასეულობათა სისტემები შეიძლება ძლიერად განსხვავდებოდეს ერთმანეთისგან. რაც ერთისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, აუცილებელი არაა, მეორისთვისაც ასევე მნიშვნელოვანი იყოს. ფასეულობათა სკალა სიცოცხლის მანძილზე შეიძლება რამდენჯერმე შეიცვალოს. ადამიანები იძენენ გამოცდილებას, სწავლობენ, სხვადასხვა სიტუაციებში ხვდებიან და ეს მათი სკალის ცვლილებასაც იწვევს.
მაგალითად, ფასეულობა „ჯანმრთელობა“ ახალგაზრდებისთვის ხშირად გაცილებით უმნიშვნელოა, ვიდრე ხანდაზმულებისთვის. ეს დამოკიდებულება მაშინვე იცვლება, თუ ახალგაზრდა ავადდება. ავად ყოფნის პერიოდში მიღებული გამოცდილების საფუძველზე ფასეულობა „ჯანმრთელობა“ ამ ადამიანისთვის უფრო მაღალ საფეხურზე ადის, ვიდრე ავადმყოფობამდე ჰქონდა მინიჭებული.
ფასეულობები გადამწყვეტ როლს თამაშობს ცხოვრების მოწყობაში, გადაწყვეტილების მიღებასა და ამ გადაწყვეტილების დასაბუთებაში. ამასთანავე, ადამიანი თავისუფალია, არსებული ალტერნატივიდან მისთვის მნიშვნელოვანი ფასეულობები აირჩიოს.
რადგან მორალური და არამორალური ფასეულობები პირად ფასეულობათა სისტემას განსაზღვრავს, სწორედ ეს განასხვავებს ადამიანებს ერთმანეთისგან.

ფასეულობათა კონფლიქტი
ფასეულობათა სისტემის შექმნის თავისუფლება გარკვეულ პრობლემატიკას წარმოშობს: როცა ადამიანს პირად ფასეულობათა სისტემა გააჩნია, მას გარკვეული აქვს, რა არის მისთვის ესოდენ მნიშვნელოვანი და ღირებული. ეს კი მის ქცევაშიც აისახება, მაგრამ მას არ უნდა დაავიწყდეს, რომ სხვა ადამიანი იმავე სიტუაციაში სხვანაირად მოიქცევა, რადგან მისთვის სხვა ფასეულობებია უფრო მნიშვნელოვანი.
ასეთ დროს დიალოგი უნდა შედგეს და დიდი სიფრთხილით გაირკვეს, ვისთვის რა ფასეულობებია მნიშვნელოვანი, თორემ სხვანაირად გამოსავალი არ მოიძებნება. ეთიკა გვეხმარება ამ პროცესში, ავწონ-დავწონოთ სიტყვები, ვიკამათოთ ფასეულობებზე.
ადამიანის ქმედების მოტივირებას ფასეულობები ახდენენ – სასურველი ფასეულობების განსახორციელებლად ადამიანები შესაბამისად იქცევიან. მაგალითად, თუ ფასეულობა „ჯანმრთელობა“ ადამიანის პირადი ცხოვრებისთვის მნიშვნელოვანია, ის ყოველთვის ეცდება, ჯანმრთელობის შემანარჩუნებელი და ხელშემწყობი ღონისძიებები დაგეგმოს, სპორტს მისდიოს, მოწევას თავი დაანებოს, კვების რეჟიმი შეცვალოს და სხვა.

ფასეულობების დაცვა, შენარჩუნება
ფასეულობათა მოტივირებადი ასპექტები იწოდება აგრეთვე „ფასეულობების დაცვად“. იგულისხმება მიდრეკილება ისეთი ქცევისკენ, როცა ადამიანი საკუთარ ფასეულობათა სისტემას ქცევაში გამოხატავს, ანუ ცდილობს კარგი (ფასეული) აკეთოს და ცუდს (არაფასეულს) მოერიდოს. თუ ერთი ადამიანისთვის „გულახდილობა“ მნიშვნელოვანია, ის კონფლიქტურ სიტუაციაში მეორეს სიმართლეს პირში ეტყვის და ეს მისთვის ეთიკურად კარგი საქციელი იქნება.
ამ პროცესში დიდ როლს თამაშობს ადამიანის გამოცდილება, რომელიც სხვადასხვა სიტუაციაში შეიძინა; აგრეთვე სხვა ადამიანები – მშობლები, მეგობრები, რომლებიც იდეალს წარმოადგენენ მისთვის. ფასეულობების დაცვა ადამიანის გაუცნობიერებელ ცოდნას წარმოადგენს. მისი უპირატესობა იმაში მდგომარეობს, რომ ყოველ ახალ სიტუაციაში ფასეულობების თავიდან გააზრება და გადაწყვეტილებების მიღება საჭირო არაა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, რაც უფრო ხშირად ვარდება ადამიანი ისეთ სიტუაციაში, როცა რაიმე ფასეულობის სასარგებლოდ ან საწინააღმდეგოდ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, უფრო მეტად უმყარდება საკუთარი წარმოდგენები ფასეულობების შესახებ, ითავისებს მათ შინაგანად. საბოლოოდ, ყოველ ხელსაყრელ შემთხვევაში პრაქტიკულად ახორციელებს მათ.
ფასეულობათა კონფლიქტის შემთხვევაში მნიშვნელოვანია საკუთარი ქცევა გააცნობიერო, რათა ეს გასაგები იყოს სხვა ადამიანებისთვის ან ამ ქცევის შესწორება იყოს შესაძლებელი.
როცა წარმოდგენები ფასეულობებზე გამყარებული და გათავისებულია, საქმე გვაქვს ფასეულობების დაცვასთან და შენარჩუნებასთან.

მსგავსი ამბები

შინმოვლის სტანდარტები

შინმოვლის სტანდარტები >> იხილეთ ბმული

შინმოვლის კონცეფცია

შინმოვლის კონცეფცია

შინმოვლის ტექნიკური რეგლამენტი

აღნიშნული დოკუმენტის მიზანია შინმოვლის მინიმალური სტანდარტების განსაზღვრა და შედეგად, შინმოვლის მომსახურების ხარისხის უზრუნველყოფის ხელშეწყობა. წინამდებარე...

საყოფაცხოვრებო-ტექნიკური ჩარევის კითხვარი

საყოფაცხოვრებო-ტექნიკური ჩარევის კითხვარი

ბართელის ინდექსი

ბართელის ინდექსი

შარდის შეკავება და შეუკავებლობა

საშარდე სისტემის სიმპტომები საშარდე სისტემის დარღვევებიდან ყველაზე ხშირია შარდის შეუკავებლობა და დიზურია. შეუკავებლობა მიზეზი: გარეთა საშარდე...