რა ნიშნავს მოვლა?

მოექეცი სხვას ისე, როგორც შენ გინდა, რომ მოგექცნენ…

მოვლა ნიშნავს დახმარებას, დაცვას, ზრუნვას, მოქმედებას, მოტივირებას, გაფრთხილებას, დაზღვევას, თავისუფალ ქმედებას, შეცვლას, ჰიგიენას, ნდობას, მოთმინებას, შეჩვევას, დამოკიდებულებას, სურვილს, რიტმს, გაჭირვების გადატანას, პასუხისმგებლობას, მოვალეობას, პატიოსნებას, გულწრფელობას, ერთად ყოფნას, ხელის გაწვდენას, საუბარს, ყოველდღიურ საქმიანობებში დახმარებას, პიროვნულ კონტაქტს… კიდევ ბევრი რამის დაწერა შეიძლება.
მოვლა გულისხმობს ოპტიმალური გარემოსთვის ზრუნვას, ტკივილისა და ტანჯვის შემსუბუქებას, ტკივილთან ერთად ცხოვრების სწავლას, ჯანმრთელობის შენარჩუნებას, ხელშეწყობასა და აღდგენას, ჯანმრთელობის მდგომარეობაზე დაკვირვებასა და შეფასებას, საერთო მიზანდასახულობასა და გადაწყვეტილებების მიღებას, ცხოვრების ხარისხის ამაღლებას, ეთიკური ნორმებისა და ფასეულობების მუდმივ დაცვას, გარდაცვალებამდე თანხლებასა და მშვიდი გარდაცვალების უზრუნველყოფას.

მომვლელისთვის აუცილებელი უნარ-ჩვევების სიაც გრძელია, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ:
• საკუთარი პროფესია უყვარდეს;
• ნებისმიერ ადამიანთან ურთიერთობა ყოველ ჯერზე ინდივიდუალური მიდგომით განახორციელოს;
• თეორიული ცოდნა და პრაქტიკული უნარ-ჩვევები შესაბამისად გამოიყენოს;
• მოთმინება გამოიჩინოს;
• ყურადღება არასდროს მოადუნოს;
• პროფესიასთან დაკავშირებული სიძნელეები დაძლიოს;
• კარგი განწყობა შეინარჩუნოს;
• „ბრალდებები’’ პიროვნულად არ მიიღოს;
• უკონფლიქტო იყოს;
• პუნქტუალური იყოს;
• კომუნიკაციას ადვილად ამყარებდეს;
• ნდობის მოპოვება შეეძლოს;
• გულმოწყალება და მოყვასის სიყვარული პირველ ადგილზე დააყენოს…

არ არსებობს ადამიანის ყოველდღიურობასთან დაკავშირებული სფერო, სადაც მოვლა აქტუალური არ არის!
მოვლა მაშინ არის საჭირო, როცა ადამიანს იმ საქმიანობების დამოუკიდებლად შესრულება აღარ შეუძლია, რაც მისი ყოველდღიურობის ნაწილია.

მოვლის უმთავრესი ამოცანაა, რაც შეიძლება მეტად დამოუკიდებელი გავხადოთ ადამიანი მისი შესაძლებლობების ფარგლებში. ამისთვის საჭიროა, ჯერ მისი ყველა რესურსი გამოვავლინოთ და პრობლემების გადაჭრის გზები მერე ვეძებოთ.

პროფესიონალური მოვლა გულისხმობს მოვლის შეთავაზებას ინდივიდუალურად, მხოლოდ იმ დოზითა და მასშტაბით, რაც ადამიანს დამოუკიდებლობის მიღწევისა და შენარჩუნებისთვის სჭირდება – არც მეტი და არც ნაკლები!

მოვლის ამოცანებია:
• პაციენტთა ჯანმრთელობაზე ზრუნვა, რაც პროფილაქტიკას, დიაგნოსტიკას, რეაბილიტაციას, მონიტორინგს, მოვლის ინდივიდუალური გეგმის შედგენას გულისხმობს;
• პაციენტების ხელშეწყობა ყოველდღიურ აქტიურობებში – დაბანა, ჩაცმა, გადაადგილება, კვება, ტუალეტი და გამონაყოფების კონტროლი, ასევე, ხელშეწყობა ინსტრუმენტულ აქტიურობებში – სხვადასხვა ნივთებისა და ხელსაწყოების გამოყენებაში;
• პაციენტისა და მისი გარემოცვის რესურსებისა და უნარების გამოვლენა და მათ განვითარებაში დახმარება – ინფორმირება, განათლება, უნარ-ჩვევების სწავლება;
• პაციენტისა და მისი გარემოცვის ფსიქო-სოციალური დახმარება – ხელშეწყობა ჯანსაღი სოციალური გარემოს შექმნაში, საჭირო მომსახურების მიღებაში და სხვა.

მოვლა შეიძლება იყოს ხანგრძლივი და ხანმოკლე.
ხანგრძლივი მოვლა – წარმოადგენს ხანგრძლივი დროის განმავლობაში (მათ შორის, მთელი ცხოვრების მანძილზეც) მომსახურებათა სახეობების (სამედიცინო, საექთნო, სოციალური და კომუნალური) გამოყენებას იმ შეზღუდული შესაძლებლობებისა და ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანების საჭიროებების დაკმაყოფილებისათვის, ვისაც თავის მოვლა არ შეუძლია.
ხანმოკლე მოვლა – ნიშნავს სხვადასხვა მომსახურების გაწევას განსაზღვრული დროის განმავლობაში (მათ შორის, იგულისხმება ჯანმრთელი ადამიანების მოვლის საჭიროებაც, გამოწვეული ფიზიოლოგიური მდგომარეობებით: ახალშობილი, ორსული, მელოგინე). ეს შეიძლება იყოს მაქსიმუმ 8 კვირა ან რაღაც წინასწარ განსაზღვრული დრო.

მსგავსი ამბები

შინმოვლის სტანდარტები

შინმოვლის სტანდარტები >> იხილეთ ბმული

შინმოვლის კონცეფცია

შინმოვლის კონცეფცია

შინმოვლის ტექნიკური რეგლამენტი

აღნიშნული დოკუმენტის მიზანია შინმოვლის მინიმალური სტანდარტების განსაზღვრა და შედეგად, შინმოვლის მომსახურების ხარისხის უზრუნველყოფის ხელშეწყობა. წინამდებარე...

საყოფაცხოვრებო-ტექნიკური ჩარევის კითხვარი

საყოფაცხოვრებო-ტექნიკური ჩარევის კითხვარი

ბართელის ინდექსი

ბართელის ინდექსი

შარდის შეკავება და შეუკავებლობა

საშარდე სისტემის სიმპტომები საშარდე სისტემის დარღვევებიდან ყველაზე ხშირია შარდის შეუკავებლობა და დიზურია. შეუკავებლობა მიზეზი: გარეთა საშარდე...