მოძრაობის შეზღუდვა
მოძრაობის შეზღუდვას განაპირობებს მრავალი ქრონიკული დაავადება, თუ დაავადებით განპირობებული მდგომარეობები; მაგ, სისუსტე, დაღლილობა, კუნთების განლევა, ტკივილი, თავის ტვინის სისხლძარღვოვანი დაავადებები თუ ცალკეული ნერვის დაზიანებები.
უნდა მოხდეს შემდეგი მდგომარეობების დაუყოვნებელი მკურნალობა: ზეწოლა ზურგის ტვინზე (კომპრესია) – ვითარდება სიმსივნური მასის ზეწოლისას ზურგის ტვინზე. ძირითადი მიმანიშნებელია ტკივილი ზურგის არეში ან შეიძლება გავრცელდეს ქვემოთ, ფეხების მიმართულებით. ორივე ფეხში შესაძლოა განვითარდეს სისუსტე და მგრძნობელობის დაკარგვა. ზურგის ტვინზე ზეწოლამ შეიძლება ასევე გამოიწვიოს შარდის ბუშტისა თუ ნაწლავების ფუნქციის დარღვევა შარდისა და განავლის შეკავების ან პირიქით შეუკავებლობის სახით.
თუ შენიშნეთ მსგავსი სიმპტომები, დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ ექიმს, ვინაიდან ზურგის ტვინის კომპრესია არის გადაუდებელი მდგომარეობა და საჭიროებს სასწრაფო ზომების მიღებას, როგორიცაა მაღალი დოზით სტეროიდების დანიშვნა, სიმპტომების გამოვლენისთანავე. სტეროიდების (მაგ დექსამეტაზონი 16 მგ დღეში) დროული დანიშვნა, გარკვეული დროის მანძილზე ანდა სხვა მიზანმიმართული მკურნალობის ჩატარებამდე გვეხმარება ფეხების ფუნქციის შენარჩუნებასა და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაში.
მოვლა
თუკი პაციენტი ვერ მოძრაობს ლოგინში ნაწოლების გაჩენის რისკი დიდია. მნიშვნელოვანია ნაწოლების პრევენცია ზეწოლის ადგილების კარგი მოვლით (იხ. ნაწოლის შესაბამისი გვერდი);
უმოძრაოდ მყოფი კიდურები ხდება დაჭიმული და იკეტება სახსრებში (კონტრაქტურა) :
წახალისეთ პაციენტი, რომ შესაძლებლობის ფარგლებში იმოძრაოს ლოგინში, მიეხმარეთ პოზიციის ხშირად შეცვლაში;
თუ პაციენტი ვერ მოძრაობს, მას დღეში ორჯერ უნდა ჩაუტარდეს პასიური ვარჯიში; შესაძლებელია პაციენტის სახსრებს შევუნარჩუნოთ მოქნილობა, თუკი მოხდება მაჯის, იდაყვის, მხრის, მუხლის, ტერფის, თეძოს და კისრის შესახსრების მიდამოში ნაზი მოძრაობებით სხეულის ამ ნაწილების მოხრა და გაშლა;
განიხილეთ გადაადგილებისთვის დამხმარე საშუალებების გამოყენება, როგორიცაა ყავარჯნები, საჩოჩიალო, სავარძელი და სხვა.
მიუხედავად პაციენტის მდგომარეობისა, მისი ყოველდღიური მოვლა უნდა გაგრძელდეს. ლოგინზე მიჯაჭვულ და ფიზიკურად დაუძლურებულ ადამიანს რუტინული აქტიობების განსახორციელებლად ჭირდება დახმარება:
პაციენტის დაბანა თუ ვერ ხერხდება, საწოლში მაინც უნდა გაიწმინდოს ყოველდღიურად;
ყოველდღიურად უნდა მოხდეს თვალების და ცხვირის ღრუს გაწმენდა ანადუღარ და გაგრილებულ წყალში დასველებული ბამბის ტამპონებით და ფუფხების მოშორება;
პირის ღრუს და კბილების და ენის გასუფთავება (იხილეთ შესაბამისი გვერდი);
თმის დავარცხნა, წვერის თუ სხვა ლოკაციის გაპარსვა, ფრჩხილების დაჭრა;
ძილის და კვების მოწესრიგება (იხ. კვების შესაბამისი გვერდი).
პორტალი შეიქმნა „თაობის“ პროექტის ფარგლებში, „კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრის“ დაფინანსებით,
Bread for the World-ის მხარდაჭერით.
The portal was created within the project "Taoba" with the funding of "Consulting and Training Center" and with the support of
"Bread for the World".